პირველი ივნისიდან მოიხსნა სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვა. პირველ რიგში, ტურიზმს, საბოლოოდ კი ეკონომიკას წაადგება, რომელიც სწრაფად გამოდის რეცესიიდან. მთავრობაც და ბიზნესიც სწორედ ზაფხულის 3 თვეზე ამყარებს მთავარ იმედს, თუმცა ეპიდემიოლოგები სწორედ აქტივობის პიკს უკავშირებენ ვირუსის მორიგ ტალღას. რა აძლევთ მათ აგვისტოში კოვიდაფეთქების პროგონოზირების საფუძველს?
ამიერიდან სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტირება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კი ვიზიტორებს მოუწოდებს და მიმართავს რეკომენდაციით, საზღვრის კვეთისას თან ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ფარავს კოვიდ 19-ის მკურნალობის ხარჯებს.
სახმელეთო საზღვრების გახსნა, პირველ რიგში, ტურიზმს, საბოლოოდ კი ეკონომიკას წაადგება. ზაფხულის სეზონის ყველა მიმართულებით წარმატებით ჩატარება, მთელი წლის ეკონომიკური შედეგის ძირითადი განმსაზღვრელია.
მთავრობაც და ბიზნესიც სწორედ ზაფხულის 3 თვეზე ამყარებს მთავარ იმედს, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ცივი წყალი აქედანვე გადაასხა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგვისტოში მესამე ტალღის მეორე პიკის რისკი და ალბათობა არსებობს. მისი ლოგიკით ვირუსის მესამე ტალღა, რომელიც ახლა დასრულებით ფაზაშია, აგვისტომდე გასტანს და კიდევ ერთხელ იფეთქებს.
„ზოგადად, ეპიდსიტუაცია მთელ მსოფლიოში დამშვიდებისკენ მიდის. მაგალითად, მსოფლიოში ინფიცირების 359 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მაშინ როდესაც ეს რაოდენობა მარტო ინდოეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. მხოლოდ ამ ქვეყანაში დღიური შემთხვევების რიცხვი 400 000-ზე მეტი იყო. შემთხვევათა რაოდენობა ყველგან, მათ შორის ჩვენთან და ევროპაშიც ქვემოთ მოდის და ეს დაღმასვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, მაგრამ პროგნოზირების სხვადასხვა მონაცემებით, აგვისტოდან შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია.
თუ ჩვენ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას და რეგულაციას, რაც მრავალგზის გახმოვანებულია, ამის ალბათობა ნაკლები იქნება, ხოლო თუ - არა, მორიგი აფეთქების რისკი და ალბათობა არსებობს“, - განმარტა გამყრელიძემ.
ბიზნესისთვის ეს პროგნოზი ძნელი მოსასმენია. მოსახლეობას კი ყველაფერი ყელში აქვს ამოსული. საკითხზე, თუ რატომაა მოსალოდნელი აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ეს ვარაუდი წინა წლის გამოცდილებიდან არსებობს, რადგან 1 წლის წინაც ზუსტად აგვისტოში მოხდა ვირუსის აფეთქება.
„შარშანაც აგვისტოში დაიწყო ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, რადგან მაშინაც გავხსენით საზღვრები და რეგულაციების დაცვაც შესუსტებული იყო. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც წლევანდელ აგვისტოში შეიძლება მოიმატოს ინფიცირებამ.
იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსის ზრდის ტემპი, სასურველია მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა, რაც თავისთავად შეამცირებს რისკს“, - აღნიშნა ზოიძემ.
ინფექციონიტი ალექსანდრე გოგინავა კი ფიქრობს, რომ აგვისტოში ვირუსის ტემპის ზრდა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშრებული.
„ის, რომ აგვისტოში შეიძლება კვლავ დაიწყოს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, ეფუძნება რამოდენიმე ფაქტორს. პირველი ის, რომ აგვისტოს თვეში, შარშანდელი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ შემცირებულია რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით საკურორტო ზოლში. ასევე ახალი შტამებია, რომლებიც დიდი ალბათობით გავრცელდება მთელ მსოფლიოში და, სამწუხაროდ, არის მოლოდინი, რომ საქართველოშიც. ამ პროცესს ეპიდემიოლოგთა ვარაუდით დაახლოებით 1-1,5 თვე დასჭირდება და დაახლოებით ზუსტად აგვისტოს უწევს წინასწარი გაანგარიშებით“, - განაცხადა ინფექციონისტმა.