კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი და ახალი საფრთხე ქვეყნისთვის - რა მახასიათებლები აქვს B 1 351-ს

კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი და ახალი საფრთხე ქვეყნისთვის - რა მახასიათებლები აქვს B 1 351-ს

კორონავირუსის „ინდური სახეობის“ შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურდა. ლუგარის ლაბორატორიამ 1-ელ ივნისს B1 351-ის ერთი ფაქტი გამოავლინა. როგორც ცნობილია, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში დუბაიდან შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ კონტაქტები მოძიებულია და ისინი იზოლაციაში არიან.

სპეციალისტები იმ კლინიკურ განსხვავებებზე საუბრობენ, რომელიც ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს ახასიათებს. B1 351 ვირუსის სხვა ფორებისგან განსხვავებით, 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, უფრო იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. სპეციალისტები გამოსავალს რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაში ხედავენ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა For.ge-სთან ამბობს, რომ ახალ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა მისი კლინიკური ნიშნები უფრო მძიმე არ არის. მისივე თქმით, მთავარია, საზოგადოებამ დაიცვას რეკომენდაციები და მოხდეს მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.

„ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამი კლინიკური მიმდინარეობით სხვა შტამებისგან დიდად არ განსხვავდება, დაავადების სიმძიმე დაახლოებით იგივე აქვს, როგორიც კლასიკურ კორონავირუსს. რაც შეეხება გადამდებლობას, შედარებით უფრო გადამდებია, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, შედარებით ნაკლებად გადამდებია, თუ შევადარებთ ბრიტანულ შტამს.

რაიმე ისეთი სპეციფიური დამახასიათებელი მაჩვენებელი კორონავირუსული ინფექციის ამ შტამს არ აქვს. დაცვის საშუალება იგივეა, ვაქცინაცია და ის რეკომენდაციები, რაც არის პირბადის გამოყენება, დისტანცირება და ა.შ. იგივეა და რაიმე განსაკუთრებული საფრთხეს, ამ წუთში ერთი დადასტურებული შემთხვევით, არ წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ ავტორიზებული ვაქცინები, რაც მსოფლიოში არსებობს, სხვადასხვა ეფექტურობით ფარავს არსებულ შტამს“, - თქვა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს რაიმე განსაკუთრებული გართულება არ ახასიათებს, თუმცა, იგი საზოგადოებას მოუწოდებს დაიცვან წესები, რათა უარესი შედეგი თავიდან ავირიდოთ.

„ნებისმიერი ახალი შტამი არის საფრთხე, ზოგადად. ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს არის ის, რაც ვიცით ამ შტამის შესახებ. შესაბამისად, აცრის და რეგულაციების დაცვის აუცილებლობა დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ დავასრულოთ ეს ყველაფერი.

დღეში 30 ადამიანის გარდაცვალება, ეს ტრაგედიაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის, მაგრამ თითქოს შევეჩვიეთ. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თავი დავიცვათ და ავიცრათ. სანამ არ მოხდება 60%-ის აცრა, მანამდე მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები.

არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ახალგზარდა ასაკში შედარებით ნაკლები მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს. ეს შტამიც უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, დამაიმედებელია ის, რომ ყველა ის ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ეფექტურია ამ შტამის წინააღმდეგაც, რომ თავიდან აგვაცილოს რთული ფორმა“, - თქვა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მოსალოდნელი ახალი მუტირებული შტამების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ. მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

„სამხრეთ აფრიკული იქნება, ბრაზილიური, ამერიკული, ფრანგული თუ ახლა ვიეტნამურმა ამოყო თავი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმსათვის, რომ ვირუსები კიდევ შეიცვლიან სახეს, მუტაცია იქნება, ეს ნორმალური პროცესია. ტენდენციას ვხედავთ, ახალი ვირუსები უფრო აგრესიულები არიან, უფრო ადაპტირდებიან ადამიანზე და შედეგად ჩვენ გვაქვს ის, რომ ადრე თუ იყო მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებში ვირუსის მსხვერპლი, უფრო რთულად გადაჰქონდათ ვირუსი, ახლა ეს პროცესი გაახალგაზრდავდა. სამხრეთ აფრიკული შტამი ვერაგია, სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ.

„ვირუსები სულ არის, ყოველ 100 წელიწადში გვაქვს აფეთქება და ახლა არის ეს დრო. 100 წლის წინანდელთან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მეცნიერება და წამლები, მაგალითად, კორონავირუსი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, ეს ნამდვილად იქნებოდა სასიკვდილო განაჩენი დედამიწისთვის. არაერთი ეფექტური ვაქცინა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე წამლებიც დაგვეხმარება პროცესის მართვაში“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

romani მრავალ კითხვას აჩენს ასეთი პუბლიკაციები, მთავარი ერთია - რას ემსახურება ეს იდიოტიზმი?
3 წლის უკან