გაისად მეწარმეების გამოწურვის წელი იქნება

გაისად მეწარმეების გამოწურვის წელი იქნება

გაისად ახალი საგადასახადო კოდექსით, მეწარმეებისთვის ადმინისტრაციული ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდება. ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებით ხელისუფლებამ ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ტვირთი გაზარდა. 2011 წელს საშემოსავლო გადასახადის გეგმა, 2010 წელთან შედარებით, 21,9%-ით გაზარდა, მაშინ როცა 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. ნარმანიას შეფასებით, როგორც ჩანს, შემოსავლების მობილიზებას ხელისუფლება ისევ გამკაცრებული ადმინისტრირებით აპირებს.

 

კოდექსით, ფიზიკური პირების მდგომარეობა, რომ დამძიმდება იქიდანაც ჩანს, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი გრანტიდან მიღებულ შემოსავლებზე გაიზარდა 12%-დან 20%-მდე, პარალელურად, აღარ შემცირდა მთლიანი საგადასახადო განაკვეთი 20%-დან 18%-მდე.

 

ზოგიერთი კატეგორიის აქციზურ პროდუქციაზე გაიზარდა განაკვეთი, რაც ბაზარზე ამ საქონლის სარეალიზაციო ღირებულებას ზრდის და ტვირთი, ძირითადად, ფიზიკურ პირებზე გადადის.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს საშემოსავლო გადასახადის გეგმა, 2010 წელთან შედარებით, 21,9%-ით გაზარდა, მაშინ როცა გაისად 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი.

 

„როგორც ჩანს, ხელისუფლება ფიზიკური პირებისა და ინდმეწარმეების გამკაცრებული ადმინისტრირების გზით აპირებს ამ სახის შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებას“, - ამბობს დავით ნარმანია.

 

არადა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა უკვე მეორედ დაიფიცა (ერთხელ ლოპოტას ტბაზე), რომ ყველა პრობლემა, რომელიც ბიზნესს აწუხებს, 2011 წლის პირველ თვეებში მოგვარდება. მისი თქმით, ეკონომიკის ახალი კურსი ბიზნეს სექტორში არსებულ სირთულეებს გადაჭრის. ბაინდურაშვილი დარწმუნებულია, რომ მეწარმეები მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაციის არარსებობის გამო წუწუნებენ. სინამდვილეში კი მეწარმეების თავსატეხი, შემოსავლების სამსახურის გამუდმებული რეკეტია.

 

„ძირითადად მათი წუხილი მდგომარეობს კომუნიკაციაში, რადგან ფიქრობენ, რომ ბოლომდე არ არის სრულყოფილი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის. ასევე მათ აქვთ გარკვეული პრობლემები ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება გადასახადების სიმცირეს, რადგან ყველა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე დაბალი გადასახადებია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები არაადეკვატურად მაღალია“, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

 

ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში „სხვა შემოსავლებს“, რომელშიც ჯარიმებიდან მობილიზებული თანხა შედის, საკმაოდ დიდი წილი უკავია. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი კი ამგვარი განცხადებების ავტორებს საყვედურობს.  მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის მხოლოდ 2-3% მოდის ჯარიმებზე და საურავებზე და ამ მხრივ ოპოზიციის ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია. სინამდვილეში კი საურავებზე ბიუჯეტის შემოსავლების 10%-ზე მეტი მოდის.

 

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ საქართველოოში არ არსებობს მეწარმე, რომელიც შემოსავლების სამსახურს დაჯარიმებული არ ჰყავდეს, თუმცა პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, შემოწმებული ბიზნესმენების მხოლოდ 10%-ია დაჯარიმებული და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპულ დონეს მიუახლოვდა.

 

„პრემიერის ეს განცხადება არის ცინიზმი. ორ წელზე მეტია საქართველოში არ დარჩენილა მეწარმე, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ არ იყო დაჯარიმებული. პრემიერი კი აცხადებს, რომ მეწარმეების მხოლოდ 10% დაჯარიმდა“, - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

 

ფინანსთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სტატისტიკას ასევე უნდობლობას უცხადებენ „ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში“. ცენტრის ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, იმის თქმა, რომ წინა წელთან შედარებით დაჯარიმებული ბიზნესმენების რიცხვი შემცირდა, შეუძლებელია“.

 

ექსპერტის შეფასებით, საგადასახადო კოდექსის მუხლები ჯერ კიდევ ორმაგად წაკითხვადია, რაც შემოსავლების სამსახურს მეწარმესთვის თითიდან გამოწოვილი ჯარიმების დაკისრების საშუალებას აძლევს.

 

ნარმანიას თქმით, საგადასახადო წნეხი ჯერ კიდევ მძიმეა, ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე აკეთებს მინისტრი ასეთ განცხადებას. ექსპერტი ამბობს, რომ თუ ფინანსთა მინისტრი დეტალურად წარმოადგენს ინფორმაციას რამდენი საწარმოს შემოწმება მოხდა და რამდენის შემოწმება იყო აუცილებელი, დასკვნების გაკეთება უფრო მარტივი იქნება.