ბიუროკრატიული ხარჯი პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, შემცირების ნაცვლად, მატულობს

ბიუროკრატიული ხარჯი პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, შემცირების ნაცვლად, მატულობს

დასაქმებისა და შემოსავლების შემცირებამ კერძო სექტორი პანდემიამ მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. ბიზნესის ნაწილი კოტრდება ან გაკოტრების ზღვარზეა. ამ დროს კი საჯარო სფეროში პროცესები საპირისპირო ტენდენციით ვითარდება - ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება, მატულობს ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურებაც. ბიზნესმენები და სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯის განახევრება, რადგან კრიზისს ქვეყანა თავს ვერ დააღწევს.

იმის მაგიერ, რომ მთავრობა კერძო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავდეს, ბიუროკრატიას კიდევ უფრო ასტიმულირებს. ამან შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას ეკონომიკას, ხოლო კერძო სექტორი სრულ კატასტროფამდე მიიყვანოს.

ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, შესაძლებლობა ყოველთვის იყო, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შეემცირებინათ, მაგრამ ამის ნაცვლად ბიუროკრატია უფრო და უფრო ფართოვდება.

„ხარჯების ოპტიმიზაციაზე საუბრობენ და ამ დროს ხდება ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, ახალი დანამატი სტრუქტურების შექმნა, ჯერ თითქოს შეკუმშეს და მერე უცებ ახალი სამსახურები შეიქმნა ისე, რომ მათ არსებობას არგუმენტირებულად ვერავინ ასაბუთებს. ამხელა ბიუროკრატიული აპარატი არ ჰყავს ჩვენზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერ და წინ წასულ ქვეყნებს, სწორედ ამიტომ ვითარდებიან. შესაბამისად, მეტ შედეგს აღწევენ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ სფეროებშიც. ჩვენ კი ვერ ავუდივართ ამდენ სიპ-ებ და ა(ა)იპ-ებს, ამდენ სახელმწიფო საწარმოს, რომელიც წამგებიანია.

ოპტმიზაცია აუცილებელია, მალე აღმოვჩნდებით მისი გარდაუვალი საჭიროების წინაშე და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, სახელმწიფოც სესხებზე გახდა ორიენტირებული და დამოკიდებული. შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხმარდება დიდწილად ეს ფული და კნინდება კერძო სექტორის როლი, რომელიც ისედაც დასუსტებული და დაკნინებულია. ამხელა ბიუროკრატია ხრავს ქვეყანას“, - აღნიშნა გერლიანმა.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ ბიზნესმენებიც. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისის ფონზე სამინისტროებში ახალი კადრები კი არ უნდა ინიშნებოდეს, არამედ პირიქით - უნდა მცირდებოდეს ბიუროკრატია და ძლიერდებოდეს კერძო სექტორი.

„კრიზისი დაიწყო და ბიუროკრატია კი არ შეამცირეს, რიგ შემთხვევაში ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ხალხის რაოდენობა გაზარდეს. ლარი უფასურდებოდა და არგუმენტიც კი ვერ იპოვეს რისთვის დაებრალებინათ, გამოსავლის რეცეპტზე ხომ საუბარი ზედმეტია.

პრიტავიზაცია გაახსენდათ რამდენიმე თვის წინ და ზარ-ზეიმით შედგენილი საპრივატიზაციო სიიდან ჯერ ვერაფერი გაყიდეს.

არ უნდათ დაინახონ ქვეყანაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, გარტყმაში არ არიან რა იქნება ხვალ, პროგნოზების და გეგმების ნაცვლად პირდაპირ ეთერში სადღგრძელოებს გვიყვებიან.

პრემიერმა ძალიან გვინდა წელს ტურიზმი 2019-ის 50%-მდე ავწიოთო, ნათია თურნავამ, დაახლოებით, 35%-მდე ავწევთო, გიორგი კაკაურიძემ (ფინანსთა მინისტრის მოადგილემ) 25%-ზე თუ ავედით, კარგიაო.

ორი დღის ინტერვალში საპროგნოზო სტრატეგიაზეც ვერ ჩამოყალიბდნენ...

უმუშევრობა 20%-ს გადასცდა, ბენზინი - 3 ლარს, ქვეყნის სახელმწიფო ვალი - 60%-ს (მშპ-სთან მიმართებით).

ამ მოცემულობით, ვისაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა უნდა, ან უტიფარი მედროვეა, ან ვიღაცის შინაური, სხვაგან სამსახურის „პონტი“ რომ არ აქვს და აქ გარანტირებულ ხელფასს აიღებს“, - აღნიშნა ასათაშვილმა.

ექსპერტების და ბიზნესის საერთო პოზიციაა, რომ ბიუროკრატიული ხარჯი განახევრდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, არსებულ პრობლემას არაფერი უშველის და ეკონომიკა თავს ვერ დააღწევს კრიზისს, რომელშიც პანდემიის გამო აღმოჩნდა.