ლარის კურსი, რაც შესაძლებელი იყო, უკვე გამყარდა

ლარის კურსი, რაც შესაძლებელი იყო, უკვე გამყარდა

საქართველოს მთავრობამ ჩანაფაქრი სისრულეში მოიყვანა და წლის ბოლოს ლარის კურსი 1,75-ის მაჩვენებელზე გააშეშა. ამით თითქოს უნდა მომხდარიყო ინფლაციური პროცესების შეჩერება, მაგრამ შედეგი დამაკმაყოფილებელი მაინც არ არის. ამიტომაც მთავრობამ ახალი ანტიიფლაციური „მოძრაობა“ უნდა წამოიწყოს. თანაც ლარის გამყარებას დადებითთან ერთად უარყოფითი მხრაეც აქვს.

 

ექსპერტთა აზრით, ეროვნული ვალუტის გამყარების გზით ინფლაციის შეჩერების რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. „თუ დოლარს მსოფლიო მასშტაბით, რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეექმნა, არა მგონია ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებაში კიდევ გამყარდეს“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე ინფლაციის მზარდი მაჩვენებელი სახიფათოა. ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ხელოვნურად გამყარებული ლარის კურსი სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს, რადგან კურსის გამყარება შედეგიანი ვერ იქნება.

 

ლარის კურსის გამყარების შედეგებზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძეც და ამ პროცესის ერთ-ერთ დადებით ფაქტორად ფასების ზრდის შეჩერების პოლიტიკას მიიჩნევს. ამასთან, ექსპერტი საუბრობს იმ საფრთხეებზეც, რაც ექმნებათ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დეპოზიტები დოლარში აქვთ განთავსებული და მათი რაოდენობა ძალიან დიდია.

 

„ერთ-ერთი ამოცანა, რასაც ეროვნული ბანკი ემსახურება, არის ფასების შენარჩუნება. აქეთკენ არის მიმართული მისი პოლიტიკა და მიზნად ისახავს ინფლაციის დათრგუნვასა და ფასების ზრდის შეჩერებას. მოგეხსენებათ, ქართული ეკონომიკა მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული.

 

სხვა საკითხია, რამდენად ხდება ფასების ზრდის შეჩერება, მაგრამ რეალურად ეროვნული ბანკი ამ პროცესებს უნდა ემსახურებოდეს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა გახლავთ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და იგი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს საამისოდ, რათა შეამციროს ინფლაცია და მაჩვენებელი პროგნოზირებულ ნიშნულს დაუბრუნოს.

 

როდესაც ლარის კურსის გამყარებაზე გვაქვს საუბარი მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რადგან ამით ცდილობს გავლენა მოახდინოს ინფლაციური პროცესებზე და შეამციროს ის. ცხადია, ფასებს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ ხშირად, სწორედ რეალური, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობის გამო, სურათი განსხვავებულია“, - აცხადებს კოვზანაძე.

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბანკო ანგარიშებზე უცხოური ვალუტა და განსაკუთრებით დოლარი აქვთ მობილიზებული, მანცდამაინც სასიამოვნოდ არ რჩებათ ის ფაქტი, რომ ლარი მიზანმიმართულად მყარდება. მათი დანაზოგი ეროვნული ვალუტის „განზომილებაში“ იკლებს.

 

„საბანკო დეპოზიტები არის დოლარში. ფიზიკური პირის დეპოზიტებს თუ ავიღებთ, ამ ვალუტაშია განთავსებული და ასეთი კატეგორიის ადამიანებში ლარის კურსის გამყარება უაღრესად ნეგატიურია. ამასთან, ინფლაციაც მაღალია. ამიტომ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებში ეროვნული ვალუტის გამყარება რეალურად უარყოფითი მოვლენაა“, - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.