საქართველოდან წასული გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული 24 მოქალაქე უმძიმეს პირობებზე საუბრობს. მათ მოლოდინი არ გაუმართლდათ და საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროს აძლევენ, მძიმეა მათი კვებითი და საცხოვრებელი პირობებიც. 24 კვადრატულ მეტრ ფართში 24 ადამიანი, მამაკაცები და ქალები ერთად ცხოვრობენ.
„წყალში, ტლაპოში, ტალახში ვცურავთ, ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა, ამიტომ, სანამ გერმანიაში ჩამოხვალთ, პირობები კარგად დააზუსტეთ“, - ასეთია ერთ-ერთი ვიდეომიმართვის ავტორის რეკომენდაცია.
დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ, თუ დამსაქმებელი ვერ შეასრულებს ვალდებულებას, ჩვენი მოქალაქეები სხვა დამსაქმებლებთან გადანაწილდებიან. ამ ეტაპზე პირველი აპლიკანტები აჭარა-გურიიდან შეირჩა, ძირითადად ისინი საკრეფად მიჰყავთ, ვინაიდან პანდემიის გამო ვერ მოხერხდა მუშახელის ჩაყვანა რუმინეთიდან. საზღვრების ჩაკეტვის გამო გერმანელმა ფერმერებმა თავად გერმანელების დაქირავება სცადეს სამუშაოდ, თუმცა ერთ-ერთი ფერმერის თქმით, გერმანელი მუშახელი მინდვრებიდან გაიპარა.
რამდენად მძიმეა საქართველოდან წასულ ადამიანთა ხვედრი თუნდაც ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში, ამის შესახებ for.ge-ს დემოგრაფი ანზორ სახვაძე ესაუბრა.
გერმანიაში დასაქმების სურვილი საქართველოში 97 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ეს კი საქართველოს მოსახლეობის 2%-ზე მეტია. პარალელურად, ნაცვლად 500 ადამიანის კვოტისა, გერმანიამ სეზონურ სამუშაოზე კვოტა გაზარდა და 5000 ადამიანის კვოტა დააწესა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში 5 ათასი ადამიანი შეძლებს ჩასვლას. ასეთი პერიოდული გადინებები როგორ აისახება საქართველოს დემოგრაფიაზე?
- ამდენი ადამიანის საზღვარგარეთ გადინება იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში საქმე კარგად არ არის. მე-19 საუკუნეში იყო საფრანგეთის კონსული გამბა, რომელსაც აქვს დაწერილი წიგნი თავისი შთაბეჭდილებების შესახებ, სადაც ერთი ასეთი ფრაზა აქვს, ემიგრაციის მაჩვენებლის ზრდა იმის უტყუარი საბუთია, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ცუდია. გამბას გარეშეც ეს ადვილად მისახვედრია, რომ ემიგრაციაში წასვლა თავისთავად ნეგატიური მაჩვენებელია. ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობა შეზღუდულია, სასურველია ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას. მარტო მოწოდება, რომ წავიდეთ და საზღვარგარეთ ვიმუშაოთ, ქვეყნის ხელისუფლებისთვის სახარბიელო არაა.
ალბათ, დემოგრაფებზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გერმანიაში დასაქმებისთვის მხოლოდ ერთ დღეში 40 ათასი მსურველი დარეგისტრირდა. ასევე, ისრაელში ეპატიჟებიან ქართველ მამაკაცებს და მეტად საინტერესო კრიტერიუმებს მოითხოვენ მათგან, მათ შორის, აქცენტი კეთდება სიმაღლეზე და სხვა.
- ის ფაქტი, რომ გერმანიასა და ისრაელში ხდება ჩვენი ქვეყნიდან წასაყვანი კონტინგენტის შერჩევა, ეს ყველა ქვეყანაში ასეა. მაგალითად, ამერიკაში გარკვეული კვოტებია დაწესებული, რამდენი მიგრანტი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით, რამდენი მანდილოსანი, მამაკაცი. ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მათი დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით. თავის დროზე ავსტრალიაში ითხოვდნენ, რაც შეიძლება ბევრი ქალი ჩასულიყო, რადგან ავსტრალიელები მოწადინებულნი იყვნენ, გამრავლებულიყო მათი მოსახლეობა, რასაც იმდროინდელი მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა ხელს არ უწყობდა. ეს მიმღები ქვეყნის არჩევანია, ვისაც უნდა, იმას შეუშვებს თავის ქვეყანაში. თავისთავად, ის, რომ 40 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა ერთ დღეში საქართველოდან, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ 40 ათასივე მიიღებს გერმანიაში წასვლის შესაძლებლობას. თუმცა შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოდან წასვლის სურვილი ამდენმა ადამიანმა გამოთქვა. მე ვფიქრობ, მსურველები კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, თუმცა იმის გამო, რომ ზოგმა ენა არ იცის, გერმანიის ნაცვლად სხვა ქვეყანას ამჯობინებს. ჯერ შეზღუდულნი ვართ მიმღები ქვეყნების რაოდენობაში და, რომ იყოს უფრო ფართო არჩევანი, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
რით ახსნით, რომ გერმანელები ქართველი სეზონური მუშახელისთვის კვოტას ზრდიან?
- ამაში გასაკვირი არაფერია, გერმანიამ უნდა მიიღოს ქართველი მიგრანტები, თუკი უნდა თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, რადგან გერმანიამ მწარე გაკვეთილი მიიღო იმის გამო, რომ 60-70-იანი წლების დასაწყისში კარები გაუღო სხვა კულტურის, მუსლიმანური კულტურის წარმომადგენლებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიყარეს თავი და ამდენი ხნის გასვლის შემდეგ მათმა შთამომავლებმა თავიანთი პრეტენზიები წამოაყენეს. ისინი უკვე იქ დაიბადნენ, გერმანიის ჩვეულებრივი მოქალაქეები გახდნენ და მოითხოვენ ისეთივე უფლებებს, როგორც მკვიდრ გერმანელებს ჰქონდათ, მეჩეთის აშენება იქნება, თუ თავიანთი ნაციონალური ტანსაცმლით სიარული. საქართველოდან ჩასულებთან დაკავშირებით კი გერმანელებს ასეთი პრობლემები არ ექნებათ. ამიტომაც სრულიად გასაგებია, რომ საქართველოდან უფრო სურთ მიგრანტების მიღება, ვიდრე სხვა კულტურის მქონე ქვეყნებიდან. ამიტომაც იყო, ანგელა მერკელმა რამდენიმე წლის წინ პირდაპირ აღიარა, რომ მულტიკულტურული რევოლუცია, პრაქტიკულად, ჩვენთან ვერ განხორციელდაო. გერმანელებს ეგონათ, ერთ კულტურაში გადაიხარშებოდნენ სხვადასხვა მიგრანტთა შთამომავლები, მაგრამ ასე არ მოხდა და, პრაქტიკულად, ყველა ერმა თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნა.
სულ მალე ჩრდილო მაკედონიაში წამსვლელებიც ვიზის მიღებისგან გათავისუფლდებიან. ეს რა პერსპექტივას გვიქადის?
- მე არ ვიცი ჩრდილო მაკედონიის ეკონომიკური შესაძლებლობები და იქ სამუშაო ძალის დასაქმების პერსპექტივები, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ადგილი ჩნდება, სადაც კარს გიღებენ, ბევრი ადამიანის წასვლას გამოიწვევს, მით უმეტეს, თუკი გაქცევაზე ხარ ორიენტირებული. ეს ადამიანები გამოცდიან თავიანთ ბედს, რადგან ჩაკეტილ სივრცეში, პრაქტიკულად, ამოწურული აქვთ პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. ამიტომ მოსალოდნელია, ძალიან ბევრი ადამიანი წავიდეს საქართველოდან. ახალი ნაკადების შესაჩერებლად მხოლოდ სოფლის გაძლიერებას ვერ განვიხილავთ, რადგან მიგრანტთა შორის ძალიან ხშირად სოფლის მაცხოვრებლები ჭარბობენ. ხშირად ისეთებიც არიან, რომლებსაც დედაქალაქიც შეიძლება არ ჰქონდეთ ნანახი და თავისმა ნათესავმა, რომელიც ადრე იყო წასული იტალიაში, თუ ესპანეთში, გაუკეთა ვიზა. ემიგრანტთა სტრუქტურა მარტო ქალაქის მოსახლეობით არ კომპლექტდება, იქ სოფლის მაცხოვრებლების დიდი წილია.
გერმანიაში 24 ადამიანი 24 კვადრატულ მეტრ ფართში შეყარეს, არ არის ნორმალური კვება, ნორმალური ხელფასი, სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა?
- ჭაში ჩავარდნილმა ადამიანმა რა უნდა თქვას? სხვა გამოსავალი რომ ჰქონდეთ, ალბათ, უკეთეს პირობებს მოძებნიდნენ. საქართველოში უარესი პირობებია, ამიტომ ორ ცეცხლს შუაა ადამიანი და ვერ ბრუნდება სამშობლოში. ამასობაში დემოგრაფიული სურათი უარესდება. მაგალითად, გასულ წელს გარდაცვალებულთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, გარდაიცვალა 50 ათასი ადამიანი, ხოლო დაიბადა მხოლოდ 46 ათასი. ეს მიანიშნებს არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. თუ რაღაც არ შეიცვალა, ეს კიდევ უფრო გაუარესდება იმის გამო, რომ წინა პერიოდში დაიწყო შობადობის დონის შემცირება, რომელთა შთამომავლებიც, დემოგრაფიული ტალღის სახით, ახლა არიან იმ რეპროდუქციულ ასაკში, როცა თვითონ უნდა გააჩინონ ბავშვები. კერძოდ, 90-იანი წლებიდან რომ დაიწყო შობადობის შემცირება, ზუსტად იმ 90-იან წლებში დაბადებულნი არიან ძალიან მცირე რაოდენობით. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაახლოებით იბადებოდა 90 ათასი ბავშვი, შემდგომ უკვე 46 ათასზე ჩამოვიდა, ანუ, პრაქტიკულად, განახევრდა, ცხადია, განახევრებული კონტინგენტი უფრო ცოტა შვილს გააჩენს.