ლარის მკვეთრი გამყარების ფონზე, როგორც იქნა, ფასები შემცირების პერსპექტივაც გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, უნდა დაიკლოს ინფლაციის მაჩვნებელმაც, რომელიც ბოლო თვეებში რეკორდულ ნიშნულზეა. ჯერჯერობით არც ეროვნული ბანკში და არც მთავრობაში ამის შესახებ არ უსაუბრიათ, მაგრამ სპეციალისტებს უკვე დადებითი განწყობა აქვთ.
როდის შეიძლება დაუბრუნდეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? სებ-ის პრეზიდენტი პოზიცია არ ცვლის და აღნიშნავს, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წლიდან არის მოსალოდნელი.
„ახალი ინფორმაციების საფუძველზე 2021 წელს ინფლაცია, საშუალოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტის ასახვა მოხდება ამ წლის დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც სუბსიდირება ხდებოდა და შემცირდა ინფლაცია. ამდენად, ამ პერიოდში ანუ 3 თვეში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება.
საქართველოს შემთხვევაში ინფლაცია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლოდინები არ შეიქმნას, მკაცრდება მონეტარული პოლიტიკა.
საგარეო და შიდა მოთხოვნას თუ შევხედავთ, ის მაინც უარყოფითია და როგორც ფაქტორი, ინფლაციას ქვემოთ სწევს. შიდა მოთხოვნა საკმაოდ გამოცოცხლებულია, საგარეო მოთხოვნა იმდენად შემცირებულია, რომ მოთხოვნას უარყოფითს ხდის.
დროებითი შოკების ამოწურვის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
არსებული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ექსპერტები მთავრობისთვის რჩევა-დარიგებებს არ იშურებენ. ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის აზრით, იმისათვის, რომ ლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდეს და ინფლაცია და ქვეყნის ვალი არ გაიზარდოს, ვირუსის ნებისმიერი მასშტაბით გავრცელების პირობებში მთავრობამ გასული წლის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ უნდა დააწესოს.
გარდა ამისა, მთავრობამ თავი უნდა დაანებოს სუბსიდირების ისეთ პროგრამებს, რომლებიც გარკვეულ დარგებში მოთხოვნას ხელოვნურად ზრდის. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას აზიანებს და საბოლოო ჯამში ლარის გაუფასურებას და ინფლაციის მატებას უწყობს ხელს.
„ეკონომიკის სტიმულირება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირებით უნდა მოხდეს და არა სუბსიდირების პროგრამებით“, - აღნიშნავს ეკონომისტი.
ინფლაციასთან დაკავშირებით უფრო პოზტიური მოლოდინი აქვს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელს პაატა შეშელიძეს. მისი აზრით, ფასების კლების რეალური პერსპექტივა უკვე გამოჩნდა. ამის წინაპირობად ექსპერტი ეკონომიკის გახსნას და ლარის გამყარებას მიიჩნევს.
„ჯერ კიდევ ეკონომიკის სრულად გახსნას ველოდებით. გაკეთდა განცხადება, რომ ივნისიდან შეიძლება საერთოდ გაუქმდეს შეზღუდვები. უფრო ფართოდ იღება კარი ტურისტებისთვის, თავისთავად რესტორნებიც გააქტიურდებიან და მომხმარებელი მოიმატებს. ამ თვალსაზრისით, მეტი მომსახურება შეიქმნება.
არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ლარი მეტად გამყარდება ზაფხულში, რადგან იმპორტიც საჭიროებაც დიდი არ არის, ბაზარზე სამამულო პროდუქცია შემოდის, საქონლისა და მომსახურების მიწოდება იზრდება, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს. ახლა ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა“, - დასძინა პაატა შეშელიძემ.