ეკონომიკის ზრდა დასაქმებულთა შემოსავლებზე არ აისახება

ეკონომიკის ზრდა დასაქმებულთა შემოსავლებზე არ აისახება

წესით ქვეყანაში, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება, ის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე უნდა მიუთითებდეს. ამასთან, მშპ-ს ზრდას აუცილებლად სოციალურ მდგომარეობის მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებაც უნდა მოჰყვეს. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ მშპ გაიზარდა, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი ქვეყანაში კერძო სექტორის გამოცოცხლება დაიწყო.

 

2011 წელს მთავრობა მშპ-ის ზრდის მაღალ ტემპს მოელის. როგორც გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, დღგ-ის ბრუნვები ყველაზე ახლო კოლერაციაშია მშპ-ის ზრდასთან.

 

„გასულ კვირას გამოვიტანეთ 3 კვარტალის ეკონომიკური პარამეტრები და მშპ-ის ზრდა არის 6,5 პროცენტი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია და ამას არ ველოდით. მშპ-ის ზრდას 2010 წლის ბოლოს 6 პროცენტზე მაღლა ველოდებით“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერის თქმით, „მეოთხე კვარტალში ზრდა გვაქვს, თუმცა, ანალოგიური ზრდა სახეზე იყო გასული წლის მეოთხე კვარტალშიც.  ვიმედოვნებ, რომ ეს ციფრები მოგვცემს საშუალებას, მშპ კიდევ მაღალი იყოს წელს და ასევე 2011 წელსაც“.

 

ამასთან, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში კერძო სექტორმა გამოცოცხლება უკვე დაიწყო, ყოველ შემთხვევაში, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში კერძო ბიზნესში დასაქმებულების რაოდენობამაც იმატა და ხელფასმაც. ამ სექტორში დასაქმებულების ხელფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8%-ით გაიზარდა, მომუშავეთა რაოდენობა კი - 3,3%-ით.

 

კერძო სექტორისგან განსხვავებით ხელფასებს არ მოუმატია საბიუჯეტო სექტორში, უფრო ზუსტად კი, 2010 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურებასთან დაკავშირებით სტატისტიკის დეპარტამენტს მონაცემები ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია. მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ ხელფასი არ გაზრდილა და არც მომავალ წელს გაიზრდება, თუმცა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა წლევანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება და საერთო ჯამში 1 085.3 მლნ ლარს შეადგენს. წლეულს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 1 043.0 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

 

გამორიცხული არ არის, საბიუჯეტო სექტორში ხელფასები მართლაც არ გაიზარდოს, მაგრამ აუცილებლად მოიმატებს პრემიების მოცულობა და გაცემის ინტენსივობა. ბოლო რამდენიმე წელია მსხვილფეხა ჩინოვნიკები სწორედ პრემიების ხარჯზე მდიდრდებიან.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, დღეისთვის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 800 ლარს აჭარბებს. ზოგადად დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება კი, „საქსტატის“ ინფორმაციით, დაახლოებით, 572,7 ლარია. თანხა არც თუ ისე დაბალია, უფრო მეტიც, საარსებო მინიმუმს რამდენჯერმე აღემატება, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი - რამდენად ბევრი ადამიანია ქვეყანაში ხელფასის მიმღები. „საქსტატი“ ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, ექსპერტების ინფორმაციით კი, ასეთი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მცირეა.

 

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 2009 წელს 512,6 ლარი იყო, 2008 წელს ეს ციფრი 481,3 ლარს შეადგენდა, „ვარდების რევოლუციის“ წელს საჯარო სამსახურში დასაქმებულების ნომინალური ხელფასი კი სულ რაღაც 114,5 ლარი იყო. რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, სტატისტიკის დეპარტამენტს ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით. გამოქვეყნებული არ აქვს.

 

ბიზნეს სექტორში, 2010 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა შრომის ანაზღაურებამ 600,6 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 8%-ით მეტია წლის პირველ კვარტალთან შედარებით. წლის დასაწყისში ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურება 552,1 ლარი იყო. რაც შეეხება 2009 წელს, ეს მაჩვენებელი თითქმის 10,4%-ით დაბალი იყო. „საქსტატის“ მონაცემებით, შარშან ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო თვიურმა ხელფასმა 538,1 ლარი შეადგინა.

 

შრომის ანაზღაურებასთან ერთად ბიზნეს სექტორში გაიზარდა დასაქმებულების რაოდენობაც. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში ამ სფეროში დასაქმებული იყო 358 934 ადამიანი, მეორე კვარტალში ეს დაახლოებით 3,3%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 371 341 ადამიანი შეადგინა. რაც შეეხება 2009 წელს, შარშან კერძო სექტორში 387 463 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ახლანდელ მონაცემებთან შედარებით, თითქმის 4,1%-ით ნაკლებია.

 

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან უმეტესობა, 58,7% მამაკაცია, ხოლო, 41,3% - ქალი. საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის. შემდეგ მოდის მცირე საწარმოები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21,6% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე საშუალო საწარმოებში მომუშავე ადამიანებია.

 

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი, 2009 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, ზოგიერთ სფეროს თანამშრომლებს 2010 წლის პირველ კვარტალში მცირედით შეუმცირდათ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2009 წლის მე-4 კვარტალში 789 ლარს შეადგენდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 629,1 ლარამდე დავიდა, ხოლო მეორე კვარტალში ისევ გაიზარდა და 772,3 ლარი შეადგინა. ასეთივე ცვლილებებია თითქმის ყველა სხვა სფეროში.