„ლარის გაუფასურება, პანდემია - ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ გაზის, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებს აღარ უღირთ ძველი ტარიფით მუშაობა“

„ლარის გაუფასურება, პანდემია - ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ გაზის, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებს აღარ უღირთ ძველი ტარიფით მუშაობა“

„მესმის, რომ კომუნალური გადასახადების გაძვირება ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯია და ზოგადად, ეს არავის უხარია, თუმცა არსებობს გარკვეული პროდუქციის წარმოების ხარჯი და შემდეგ, შემოსავალი უნდა ნახოს კომპანიამაც. ამ შემთხვევაში სემეკის ბრალეულობას ნაკლებად ვხედავ, ეს უფრო არის შედეგი იმ ეკონომიკური მდგომარეობის, რაც ქვეყანაშია“, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე For.ge-სთან აცხადებს.

თბილისში გაზის ტარიფმა 8 თეთრით მოიმატა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც კომპანიამ „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი აირის გაძვირების არგუმენტები წარადგინა. მოთხოვნის მთავარი მოტივი ლარის კურსის არასტაბილურობა და გაუფასურება იყო. ახალი ტარიფი ძალაში 5 დღეში შევა. ტარიფის გაძვირებას კიდევ ორი მომმარაგებელი კომპანია ითხოვს. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი 1 ივნისიდან 2022 ბოლომდე იმოქმედებს.

For.ge გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით აღნიშნულს და რამდენად სწორია, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გაზის ტარიფის გაზრდა?

- ლარის გაუფასურება, პანდემია - ამ ყველაფრის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ გაზის, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კერძო კომპანიებს აღარ უღირთ ძველი ტარიფით მუშაობა, მიდიან დავალიანებაში. ამ შეთხვევაში გამოსავალია, ან უნდა გააძვიროს, ან სხვა შემთხვევაში, საერთოდ ვეღარ შეძლებენ ოპერირებას.

როდესაც კერძო კომპანიაა, ის ცდილობს, რომ მოგება ნახოს და მით უმეტეს არ ნახოს ზარალი, თუ ზარალზე მუშაობს, ასეთ მუშაობას კერძო კომპანიისას, აზრი არ აქვს, თუ სახელმწიფო უწყება და სახელმწიფო კომპანია არ არის, რომლებიც ყოველ წელს დიდ ზარალზე გადიან. შესაბამისად, ეს არის პირველ რიგში მთავრობის პასუხისმგებლობა, რომელიც მოვიდა დაპირებებით კომუნალური ტარიფებასთან და ზოგიერთის განულებასთან დაკავშირებით.

იურიდიულ პირებს შარშან გაუძვირეს, ისინი ახალი წლიდან უკვე ახალი ტარიფით იხდიან. იურდიულმა პირებმა ნაკლები პოლიტიკური ზეწოლა და წნეხი განიცადეს, თუმცა, მოსახლეობისთვის ეს იქნება დამატებითი ხარჯი.

თქვენ პირადად თუ ელოდებით გაზის ტარიფის კიდევ ერთხელ გაძვირებას?

- ჩვენ, როგორც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ლარის გაცვლითი კურსი, განსაკუთრებით დოლართან მიმართებაში.

ამიტომ ვამბობ, რომ სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა დროულად შეიძლებოდა, თუნდაც ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელიც დაგვიანდა, - დროულად ვაქცინაციის ჩატარება და უფრო მეტი ადამიანის მოცვა.

პანდემიის დასრულება აუცილებელია, რომ რეალური ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკის აღდგენისთვის. თუ ლარის კურსი გაუფასურდება და ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება, სამწუხაროდ, ამას შეიძლება დამატებით გაძვირება მოჰყვეს.

როგორც კი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა და პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა, ეს აისახა ლარის გაცვლით კურსზე და ეკონომიკურ აქტივობაზე. მთავრობამ ხელი კი არ უნდა შეუშალოს, პირიქით - ხელი შეუწყოს, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიას, რომ სავალუტო შემოდინებები იყოს ქვეყანაში.

არ შემოდის ტურისტი და არ შემოდის ვალუტა ქვეყანაში, ვალუტა უფასურდება, ეს შედეგად იწვევს ფასების და კომუნალურების გაძვირებას, საბოოლოო ჯამში ვიღებთ ძალიან მტკივნეულ შედეგებს ბევრი მიმართულებით.

არსებული მდგომარეობის დასაძლევად, სად ხედავთ გამოსავალს?

- გრძელვადიან გეგმებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალურად ვძლიოთ ამ პანდემიას, რაც შეიძლება სწრაფად. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნაკლები მსხვერპლით და ნაკლები ხარჯით.

ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმ რეალური ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდას. ძალიან მნიშვენლოვანია ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სრული დატვირთვით ამუშავება, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი დასჭირდება და ა.შ. ამას სჭირდება გონიერი ნაბიჯების გადადგმა.