მსოფლიო ახალი საშიშროების წინაშე დადგა - კორონავირუსის პარალელულად ახალი დაავადება, „შავი სოკო“ გაჩნდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „შავი სოკო“, „კოვიდ19“-ზე საშიშია და სიკვდილიანობაც მაღალი აქვს.
კერძოდ, „შავი სოკო“, მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც კორონავირუსის მქონე პაციენტებში ვრცელდება - ინდოეთში დაავადება 9 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა.
ექიმების ინფორმაციით, „შავი სოკოს“ გავრცელება „კოვიდ-19“-ის მკურნალობის პროცესს უკავშირდება, რა დროსაც ექიმები სტეროიდებს იყენებენ.
დაავადება, განსაკუთრებით, რისკჯგუფებში ვრცელდება. „შავი სოკოთი“ გარდაცვალების მაჩვენებელი კი 50 პროცენტია. მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდოს.
რამდენად არის საქართველო „შავი სოკოს“ გავრცელების მხრივ საშიშროების წინაშე, რა კავშირი აქვს მას კოვიდინფიცირებასთან?
for.ge-ს კითხვებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს.
რა ინფორმაცია არსებობს ახალ ვირუსზე - „შავ სოკო“-ზე და რითი განსხვავდება ის კორონავირუსისგან?
- „შავი სოკოსა“ და კოვიდის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ზოგადად, „შავ სოკოს“ ეძახიან ღრმა მუკორომიკოზს, რომელიც ძირითადად ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც აქვს რაიმე იმუნოდეფიციტი ან შაქრიანი დიაბეტი. კოვიდთან ასოცირებული იმიტომ გახდა, რომ „კოვიდ19“-ის მძიმე მიმდინარეობის დროს იმუნოსუპრესია ვითარდება, რაც შემდგომ სხვადასხვა დაავადების განვითარებას იწვევს. ახლანდელი კვლევების მიხედვით, „შავი სოკო“ კოვიდისთვის დამახასიათებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.
რომ დავაზუსტოთ, „შავი სოკო“ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებიდან შეიძლება ადამიანს დაემართოს?
- მედიკამენტებზე არაა საუბარი, საუბარია იმუნოდეფიციტზე. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია იმუნოსტეროიდი, რომელიც კოვიდის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, მისი სწორი და ადეკვატური გამოყენების დროს, ნაკლებად ვლინდება. თუ ზედმეტად იქნება გამოყენებული, მაშინ სხვა დაავადების გაჩენის რისკები იზრდება, მათ შორის ე.წ შავი სოკოც არის.
ადამიანმა თავი რით უნდა დაიცვას ან მკურნალობა როგორ ხდება?
- სპეციალური თავდაცვის საშუალება არ არსებობს. საჭიროა მკურნალობის სწორი ტაქტიკა. თუ გამოვლინდა ის სიმპტომები, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს, არსებობს ანტიმიკოზული, ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელიც მკურნალობაში უნდა ჩაერთოს. თავდაცვა სწორ მკურნალობაში მდგომარეობს, სხვა რაიმე თავდაცვა არ არსებობს.
მისი გავრცელება როგორ ხდება, რამდენად გადამდებია, როგორც კორონავირუსი?
- „შავი სოკოს“ ჰაერწვეთოვანი გზით გადადება არ ხდება. ძნელად გადამდებია. ძირითადად კონტაქტური გზით ხდება. თუმცა, ერთი პაციენტიდან მეორე პაციენტზე გადადების რისკი მაღალი არაა.
ასევე ჯანმოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „შავი სოკოთი“ სიკვდილიანობა კოვიდზე მაღალია...
- „შავი სოკო“ ისედაც მძიმე პაციენტებს ემართებათ და თუ მძიმე პაციენტში ღრმა მიკოზი განვითარდა, სამწუხაროდ, სიკვდილი დგება.
საქართველოში მისი გავრცელების საშიშროება რამდენად არის?
- საქართველოში „შავი სოკოს“ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქართველოში ეს დაავადება იშვიათია. ძირითადად, ონკოლოგიურ პაციენტებში ვლინდება. თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება მძიმე კოვიდპაციენტებში გამოვლინდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ დასტურდება.