მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება დღითიდღე იზრდება. უამრავი ადამიანი, მათ შორის, ვარსკვლავები საჯაროდ საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და იმ სირთულეებზე, რომელთან გამკლავებაც უხდებათ. ამ მხრივ გამონაკლისი არც ყველასათვის საყვარელი მსახიობი რაიან რეინოლდსია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის მიწურულს საკუთარი გამოცდილება ინსტაგრამსა და ტვიტერზე გაგვიზიარა.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამას ასე გვიან ვწერ ისაა, რომ ჩემს თავს ყოველთვის ზედმეტად ვტვირთავ და მნიშვნელოვანი რაღაცები ხელიდან მისხლტება. იმის მიზეზი კი, რის გამოც თავს ასე ვიტვირთავ, ჩემი მეგობარი შფოთვაა. ვიცი, რომ მარტო არ ვარ და, რაც მთავარია, ყველამ, ვინც თავს ზედმეტად იტვირთავთ, ზედმეტად ფიქრობთ, ზედმეტად ბევრს მუშაობთ, ზედმეტად ნერვიულობთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ", — წერს მსახიობი.
რაიან რეინოლდსის თქმით, საზოგადოება საკმარისად ხშირად არ საუბრობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ამით სტიგმებს დანგრევა უფრო რთულდება.
რაიან რეინოლდის პოსტს ინსტაგრამზე ჰიუ ჯეკმენიც გამოეხმაურა:
"მეგობარო, შენი გულწრფელობა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ მამაცი ხარ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ადამიანს დაეხმარება, რომლებიც შფოთვით იტანჯებიან", — წერს ჰიუ ჯეკმენი.
აღსანიშნავია, რომ რაიან რეინოლდსმა საზოგადოებას ჯერ კიდევ 2018 წელს გაუმხილა, რომ შფოთვას ებრძოდა.