23 მაისს პრინცი უილიამი შოტლანდიის ხანდაზმულთა ერთ-ერთ თავშესაფარს ესტუმრა ედინბურგში. სამეფო ოჯახის წევრს მასპინძლებმა გულთბილ დახვედრასთან ერთად ნაყინიც შესთავაზეს, რამდენიმე მათგანმა კი პრინცთან "გაარშიყებაც" სცადა.
როცა კემბრიჯის ჰერცოგი 96 წლის ბეტი მეგისთან და მის შვილიშვილთან გასასაუბრებლად ჩამოჯდა, თავშესაფრის მცხოვრებმა სულაც არ დაიმორცხვა.
"ამ დროს, როგორც წესი, ქალბატონს ლოყაზე კოცნიან ხოლმე", — მიმართა ბეტიმ უილიამს.
"რა საყვარელი ხართ. მაწითლებთ", — უპასუხა პრინცმა, რომელსაც სახეზე მართლაც მოედო დარცხვენის ალმური, — "როცა რეგულაციები შემსუბუქდება, დავბრუნდები და ლოყაზე გაკოცებთ, ბეტი".
საუბრის გაგრძელების შემდეგ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი უილიამს გაეხუმრა კიდეც.
"იქნებ ჩემს თავშესაფარში მცხოვრებლებთან არშიყი შეგეწყვიტათ?"
"მაპატიეთ", — გაიცინა კიდევ უფრო გაწითლებულმა უილიამმა, — "ვცდილობ, თუმცა, საკითხავია, ვინ ვისთან არშიყობს".
თავშესაფარში სტუმრობა პრინცი უილიამის ტურის ნაწილი იყო, რომელსაც ის შოტლანდიის ეკლესიის გენერალური კრების უმაღლესი კომისრის რანგში მართავს. ეს წოდება მას ბებიამ, დედოფალმა ელიზაბეთ II-მ უბოძა.
24 აპრილს უილიამს ტურში თავისი ცოლი, ქეითიც შეუერთდა. ისინი ერთად ესტუმრნენ წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტს, სადაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო. სამეფო ოჯახის წევრებმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრეს.