დღეს, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებითი ორი შეხვედრა გაიმართება.
კატალონიის დედაქალაქი, „ბარსელონასა“ და „მილანის“ მატჩს უმასპინძლებს. ამ მეტოქეების პირველი დაპირისპირება ორი კვირის წინ, „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე გაიმართა და ყველასათვის გასაკვირად, მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
დღეს მეტოქეები ერთმანეთს „კამპ ნოუს“ სპორტულ სარბიელზე დაუპირისპირდებიან. საყოველთაო აზრით , ფავორიტად „ბარსელონა“ მიიჩნევა, მაგრამ ლეო მესის გუნდს ბოლო პერიოდში კრიზისული ხანა დაუდგა.
დღეს დილით გამოცემა „Goal.com” იტალიური „მილანის“ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის ესაუბრა. სილვიო ბერლუსკონის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებს და „ბარსელონას“ წინააღმდეგ შემტევ ტაქტიკას გამოიყენებს.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კატალონიური კლუბი თავიდანვე შეტევაში გადასვლას შეეცდება. ჩემი გუნდი ყრუ დაცვაში ჩაჯდომას არ გეგმავს და მეტოქეს მწვავე კონტრშეტევებით ვუპასუხებთ.
ცნობილი მიზეზების გამო დღეს მინდორზე მარიო ბალოტელისა და ჯამპაოლო პაცინის ვერ გამოვიყვანთ. ამის მიუხედავად „ბარსელონას“ აქტიურ თავდასხმას დავუპირისპირებთ.
იმედია, სტეფან ელ შაარავი, კევინ-პრინს ბოატენგი და ახალგაზრდა მ’ ბაიე ნიანგი მეტოქის დაცვას არაერთ პრობლემას შეუქმნიან. დარწმუნებული გახლავართ, რომ „მილანი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის შემტეგ ეტაპზე აუცილებლად იასპარეზებს“. - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.