თბილისში გამართულ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიტიკური განცხადებები გაჟღერდა. „რიონის მცველი“, ვარლამ გოლეთიანი აქციაზე მხარდამჭერებს არა მხოლოდ ჰესის მშენებლობის პრობლემის გადაჭრას, არამედ მოსახლეობაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდა. განცხადებების პათოსმა გოლეთიანის მიმართ გააჩინა ეჭვები, რომ იგი პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება.
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, ამ ეტაპზე გოლეთიანის რეიტინგი არაფრით არ აღმატება წვრილი პარტიების ლიდერების რეიტინგს, რომლებიც პოლიტიკაში უკვე არიან.
„ვარლამ გოლეთიანი რადიკალურ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლიტიკაში მოსვლას. მე არ ვთვლი, რომ მისი განცხადებები აუცილებლად პოლიტიკაში მოსვლისთვის კეთდება. პირიქით მგონია, რადიკალური განცხადებები და რადიკალური გამოსვლები პოლიტიკოსებმა მთელი ამ 6 თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი აკეთეს და საზოგადოება ამ პროტესტს, სწორედ რადიკალიზმის გამო გაემიჯნა. თუ ვარლამ გოლეთიანი რადიკალიზმით აპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, ვერ გეტყვით. თუმცა, ამ ეტაპზე გოლეთიანის რეიტინგი არაფრით არ აღმატება იმ წვრილი პარტიების ლიდერების რეიტინგს, რომლებიც პოლიტიკაში უკვე არიან. ამიტომ მოვა ის პოლიტიკაში თუ არა, ეს პოლიტიკურ სცენარს დიდად არ შეცვლის - არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და არც ოპოზიციის სასარგებლოდ. მე არ ვიცი, თავად გოლეთიანი რას ფიქრობს, მაგრამ მისი ქმედებების მიხედვით ვერ ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკაში მოსვლის წინაპირობაა. რეალობა კი ასეთია - დღეს პოლიტიკაში მოსული გოლეთიანი იქნება 3-5%-ის ფარგლებში.
ასევე, ერთია, როცა მიტინგებს ატარებ და საზოგადოება გვერდში გიდგას, მაგრამ ის საზოგადოება, რომელიც მე ვნახე, საკმაოდ ჭკვიანია და გოლეთიანი თუ პოლიტიკაში წავა, მის გვერდით 50% თუ დარჩება. ჯერჯერობით ახლა ხალხი უყურებს იმას, თუ რომელი ძალა გადაქაჩავს გოლეთიანს. თუმცა, მე ვერ გეტყვით, რომელი ძალა გადაქაჩავს. ვარლამ გოლეთიანს ერთს ვურჩევდი, თუ რეალობის აღქმა აქვს, ის მოძრაობა რომელიც დაიწყო, მიიყვანოს ბოლომდე“, - განუცხადა ძაბირაძემ for.ge-ს.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილისთვის, ვარლამ გოლეთიანის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა, იყო საფუძველი იმის, რომ მას პოლიტიკაში მოსვლა სურდა. თუმცა, დღეს უკვე მან გრადუსი დაწია.
„ვარლამთან მიმართებაში დასკვნის გამოტანა ძალიან მიჭირს. ის დღეიდან რიონის ხეობას დაუბრუნდა და ჩვეულ საპროტესტო აქციებს იქ გააგრძელებს. ხელისუფლებას უფლებას აძლევს, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გეგმის მიხედვით ჩაატაროს. ანუ, გრადუსი დაწია იმ თავისი დაპირებებისა და ულტიმატუმების, რომლითაც ორი დღის წინ თავი დაგვამახსოვრა. ორი დღის წინ მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ბიჭი ვიღაცის მიერ დაქოქილია, ვაბანკზე მიდის და პირველი განაცხადი გააკეთა იმისთვის, რომ მხოლოდ „რიონის ხეობის“ ინტერესით არ შემოიფარგლება და შესაძლოა, გარკვეულ პოლიტიზირებულ კალაპოტში შეიყვანოს თავისი მოძრაობის სულისკვეთება. დღეს მოულოდნელად ეს გრადუსი დაწია და ხვალიდნ გააგრძელებს თემატური გეგმისთვის ბრძოლას.
ორი დღის განმავლობაში ამ ახალგაზრდა ბიჭმა დაინახა, რომ თავისი რადიკალური მუქარით, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ვარლამის გარეშეც არსებულ მძიმე მდგომარეობას, თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით - ცენტრალური უბნების, სანაპიროს პარალიზება მოახდინა. სასწრაფო დახმარების მანქანებსაც კი გადაადგილება უჭირდათ. ამ ორი დღის განმავლობაში ამ ბიჭის თავზე რაც უკმაყოფილო ხალხის გინება გაისმა, მგონი ამ ყველაფერმაც იმოქმედა. უბცად იმხელა თამასა აწია, რომლის ზიდვაც ამ ეტაპზე მას არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, თავისი მოთხოვნებისგან არ გაგვათავისუფლა. კითხვები, რომელიც მან დასვა, პასუხის მოლოდინშია. მათ შორის მეც მაინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს არა პიკეტირების, არა ულტიმატუმის, არა დაუმორჩილობლობის ხარჯზე, არამედ ცივილურ ატმოსფეროში, რასაც ჰქვია კითხვა-პასუხის რეჟიმი. ჭეშმარიტების დადგენა მარტო მას კი არა, ყველას აინტერესებს“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 26 მაისს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, განცხადებას გააკეთებენ და შემდეგ ავტოკოლონებით რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ კარვებში ღამეს მესამე დღეა ათენებენ.
ბმული