სერიალმა Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, მათ შორის რელიგიური კულტის წევრი უნელა, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად სერსეის წამებაში მიღებული მონაწილეობითა და ფრაზით "სირცხვილი" (shame) იცნობენ.
შოუს ფანებისთვის კარგად ცნობილია ამ პერსონაჟის ბედი: ბოლოს ისიც წამების, "სირცხვილის" შეძახილისა და "მთის" მიერ გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. როგორც უნელას როლის შემსრულებელი ჰანა უედინგემი იხსენებს, მისი პერსონაჟის ამ ფინალური სცენის გადაღების პროცესიც ნამდვილ წამებას ჰგავდა.
"ხის მაგიდაზე დიდი ღვედებით 10 საათის განმავლობაში ვიყავი დაბმული და მშობიარობის შემდეგ ეს ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. გადაღებისას ლენა [სერსეის როლის შემსრულებელი] თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, როცა სახეში სითხეს მასხამდა და ამიტომ გაიწელა პროცესი. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი: 'ეს ის არ არის, რასაც დავთანხმდი", — ამბობს მსახიობი.
ჰანა უედინგემი გადამღები ჯგუფის დამოკიდებულებასაც იხსენებს:
"სასაცილო ისაა, რომ მთელ დღეს გაგრძელებული გადაღების დასრულების შემდეგ რეჟისორმა მიგელ საპოჩნიკმა ჩამიარა ყავითა და სენდვიჩით ხელში და მკითხა: 'საყვარელო, ხომ კარგად ხარ?' მე კიდევ ვუპასუხე, რომ არა. 'მითხრეს, რომ მაგიდაზე დაბმული მართლა გაწამეს', ესეც დაამატა და ამ დროს მე: 'აჰა, შენგან თქმა არ მჭირდებოდა".
ჰანა უედინგემის თქმით, გადაღების შემდეგ ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა: ამ სცენაში საჭირო იყო, რომ მის პერსონაჟს ეყვირა. ის მსახიობთან ერთად მომღერალიცაა და ღელავდა, რომ ამის გამო ხმას დაკარგავდა.
ამავდროულად ისიც აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება მძიმე ტრავმად დარჩა:
"მოგვიანებით ისიც გავაცნობიერე, რომ კლაუსტროფობია გამიჩნდა: როცა გადაცემას ვუყურებდი წყალში მყვინთავებზე, პანიკური შეტევა დამემართა. ამის შესახებ აუცილებლად უნდა მომეყოლა ვინმესთვის, რადგან ათი საათის განმავლობაში მაგიდაზე დაბმული წყლით მაწამებდნენ და აქედან მხოლოდ ერთი წუთი და ოცდაათი წამი მოხვდა სერიალში".
სამეფო კარის თამაშებს ხშირად აკრიტიკებდნენ ძალადობის, განსაკუთრებით კი ქალებზე ძალადობის სცენების სიმრავლის გამო. როგორც ბევრმა იცის, HBO პრიქველ სერიალზე House of Dragon მუშაობს, რომლის ერთ-ერთმა მსახიობმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალ შოუში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.