თუ ტკბილეული და ტიმოთი შალამე გიყვართ, თქვენთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Warner Bros-ის ფილმში, სახელად Wonka ახალგაზრდა ვილი ვონკას როლს ტიმოთი შალამე შეასრულებს. ახალი ფილმი ვილი ვონკას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს იმ დრომდე, სანამ ის ცნობილ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შინაარსთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ფილმი მიუზიკლი იქნება, შესაბამისად, ფილმში ტიმოთი შალამეს სიმღერისა და ცეკვის ნიჭით ტკბობის შესაძლებლობაც მოგვეცემა.
ახალი ფილმის რეჟისორი პოლ კინგია. სცენარზე კინგთან ერთად საიმონ ფარნაბიმ იმუშავა. Wonka ვილი ვონკას ისტორიის მესამე ეკრანიზაცია იქნება. 1971 წელს გამოსულ ფილმში ვილი ვონკას როლს ჯინ უაილდერი ასრულებდა, 2005 წლის ფილმში კი — ჯონი დეპი.
ტიმოთი შალამეს მაყურებელი ისეთი ფილმებიდან იცნობს, როგორებიცაა Call Me By Your Name, Lady Bird, Little Women. სულ მალე მას უეს ანდერსონის The French Dispatch-ში და Dune-შიც ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა 2018 წელს Call Me By Your Name-ში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა.