ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ამოქმედდა. ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაშია. გამარჯვებას ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა მსხვერპლი ღაზაში გაცილებით მეტია, 232 დაღუპული ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ხოლო ისრაელში - 12 დაღუპული.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პალესტინელები სკანდირებით „უფალი დიდია“ შეხვდნენ. მანამდე იყო მოწოდებები მხარეების მიმართ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„შემძრა ინფორმაციამ, რომ ერთი ოჯახიდან 9 წევრი დაიღუპა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკში. თუკი დედიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის დღევანდელ ღაზაში ბავშვების ცხოვრება“,- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
ღაზას სექტორში შეიარაღებულ კონფლიქტს ქართველებიც გამოეხმაურნენ, მაგრამ რამდენად სწორი იყო, რომ თბილისში მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ეს კიდევ სადავოა, მაშინ, როცა ისრაელში ორივე ხალხი - ებრაელებიც და პალესტინელებიც ერთად გამოდიოდნენ მშვიდობის მოთხოვნით.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვისი ორგანიზებული იყო თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია, მისთვის უცნობია, მაგრამ ჩვენთან გადამწყვეტი იყო ერთი რამ, რომ ღაზის სექტორის ჰამასის ლიდერმა აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რადგან ის რუსეთის კლიენტია.
რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ ეს კონფლიქტი პერიოდულად ჩაცხრება, პერიოდულად კი მომავალშიც იჩენს თავს, რადგან ისრაელს არ აწყობს მეზობლად ისეთი სახელმწიფოს არსებობა, სადაც რადიკალური ისლამისთვის ნოყიერი ნიადაგია.
პოლიტოლოგის თქმით, მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში ფეიკნიუსები ორივე მხრიდან ვრცელდებოდა. მაგალითად, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა გაავრცელა საშინელი ვიდეო, ებრაელი ბავშვებიანი ოჯახი როგორ ამოწყდა, მერე გაირკვა, რომ ეს ტყუილი ყოფილა და წაშალა ეს ვიდეო. პალესტინელებმაც გაავრცელეს ვიდეო, თითქოს ახალგაზრდა ბიჭს მიასვენებდნენ, მაგრამ უცებ წამოხტა ის ბიჭი და გაიქცა.
„ტრაგედია ის არის, რომ ბავშვები იღუპებიან, პალესტინელი 70 ბავშვია დაღუპული, 2 ბავშვი დაიღუპა ისრაელში, მაგრამ აქ მათემატიკა რა მოსატანია? 70 ბავშვის დაღუპვაც ტრაგედიაა და ორი ბავშვის დაღუპვაც. ნეთანიაჰუ კარგა ხანს უკან არ იხევდა, მიუხედავად იმისა, ბაიდენმა მოსთხოვა, შეეწყვიტა დაბომბვები, დაბომბვებს მაინც აგრძელებდა სიტყვებით, სანამ საჭირო იქნება, მანამ დავბომბავო. ნეთანიაჰუს იმედი ჰქონდა, დიდი ხნით უკან გადაისვრიდა „ჰამასს“, რომ კარგა ხანს ვეღარ გაებედა აგრესიის მიტანა ისრაელის წინააღმდეგ.
2014 წელსაც იმავეს ამბობდა ნეთანიაჰუ, მორჩა, ჰამასი წელში ვეღარ გაიმართებაო, მაგრამ მშვენივრად გაიმართა და, როგორც ამბობენ, 6 ათასი რაკეტა აქვს „ჰამასს“. იქვე 8 ათასი რაკეტა აქვს ისლამურ ჯიჰადს, რომელიც, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციაა. მათ სპონსორები ჰყავთ, მათი სპონსორების რაოდენობა მცირდება, მაგრამ დარჩენილია ყატარი და ირანი. შეკრული წრეა, პალესტინელები არ გაჩერდებიან, 14-დან 18 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს, ზუსტად არავინ არ იცის, რამდენია მათი რიცხვი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე განმარტებით, 1948 წლის 15 მაისის გაეროს რეზოლუციით, ამ ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო ორი სახელმწიფო - ებრაელთა და არაბთა (პალესტინის), თუმცა პირველი შეიქმნა, მეორე - არა. არ შეიქმნა იმიტომ, რომ პალესტინელებმა მეორე დღეს, 16 მაისს ისრაელს ომი დაუწყეს. როგორც წესი, ყველა ომს იწყებენ პალესტინელები, ანუ არაბები, მაგრამ ყველა ომში მარცხდებიან და ყველა ომის შედეგად ფართოვდება ისრაელის ტერიტორია. მართალია, ისრაელი ამბობს, ნუ დაიწყებენ ომს პალესტინელები, მე არ ვიწყებო ომს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არიან პალესტინელები, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ.
„ისრაელი არასოდეს დათანხმდება თავის მეზობლად პალესტინური სახელმწიფოს არსებობას. მით უმეტეს, იქ არის მაჰმუდ აბასის ავტონომია და არის ღაზას სექტორი, რომელიც მთლიანად „ჰამასის“ გავლენის ქვეშაა. თვითონ „ჰამასი“ უპირისპირდება პალესტინის ავტონომიას. თავის დროზე, სანამ იასირ არაფატი და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია არსებობდა, „ჰამასი“ იასირ არაფატს ებრძოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი პერიოდი, ისრაელი აფინანსებდა „ჰამასს“, მაგრამ, როდესაც ბილ კლინტონმა ოსლოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეარიგა ებრაელები და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, იასირ არაფატის სახით, მარტო დარჩა „ჰამასი“, რომელიც არ აღიარებს ისრაელის უფლებას არსებობაზე. ანგელოზები არც ებრაელები არიან, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან დაიწყო არაბების, ანუ მშვიდობიანი მოსახლეობის გასახლება იმ მოტივით, რომ იერუსალიმი უნდა იყოს მთლიანად ებრაული ქალაქი. ამ დროს იქ არის ალ აქსას მეჩეთი. იქ სამი რელიგიის ხალხია - იუდეველები, ქრისტიანები, მუსულმანები. ალ აქსა თავისი დიდებით მესამე რანგშია მუსულმანებისთვის მექასა და მედინას შემდეგ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ, რომლის აზრითაც, ისრაელი სანამ იარსებებს, ეს პრობლემა დამოკლეს მახვილივით იქნება ისრაელის კისერზე ჩამოკიდებული, ვინაიდან პალესტინელები არ გაჩერდებიან, ტერორისტული ორგანიზაციები არ გაჩერდებიან.
პოლიტოლოგის შეფასებით, ჩვენი თანამედროვეობა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში რადიკალური ისლამის მომხრეთა რაოდენობა არ მცირდება, პირიქით, ისლამურმა სახელმწიფომ კინაღამ მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო, კინაღამ ხალიფატი შექმნა.
„პალმირაში ნამყოფი ვარ და მე რომ ვნახე ისლამისტ ტერორისტთა მიერ დანგრეული რომაელების აშენებული ძველი ტაძრები და კოლონადები, ღამე არ მეძინა, ისე განვიცდიდი, თითქოს ჯვრის მონასტერი დაენგრიოს ვიღაცას. ისლამური რადიკალური ტერორიზმი სულ უფრო ძლიერდება, პარიზსა და ევროპაში ხდება ტერორისტული აქტები. ისრაელში დაპირისპირებას ტერორისტული აქტები მოჰყვება ევროპაშიც. ერთი გამოსავალია, ისრაელმა ჯარი შეიყვანოს, გაანადგუროს ან გაყაროს იქიდან „ჰამასი“ და ღაზას სექტორი გააერთიანოს პალესტინის ავტონომიასთან, მაჰმუდ აბასის მმართველობაში. თუმცა მაჰმუდ აბასის მმართველობაც კორუფციაშია ჩაფლული, ყოველ არჩევნებზე „ჰამასი“ იმარჯვებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე. ამერიკელები დახმარების სახით ნახევარ მილიარდ დოლარს აძლევდნენ ყოველ წელს, ტრამპმა შეუწყვიტა, ბაიდენი ისევ აძლევს, 560 მილიონს მიიღებენ მომავალი წლიდან, მაგრამ ეს ფული რიგით არაბზე არ იხარჯება. ღაზას სექტორი ეს არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, სწორედ ამ ტერიტორიას იყენებს „ჰამასი“, თავისი რაკეტის გასაშვები პუნქტები აქვს საავადმყოფოებისა და სკოლების სახურავებზე. ასეთ პირობებში, ცხადია, დაიხოცებიან ქალები და ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა, როცა ისრაელი მათ დაბომბავს. ისრაელი მიჩვეულია, რომ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს არ უწევს, თუკი თვლის, რომ ასეა საჭირო მისი ქვეყნისთვის. ნეთანიაჰუ ამბობს, მთავარია ჩემი მოსახლეობის უსაფრთხოება, მით უმეტეს, ნეთანიაჰუს შეიძლება კიდევ ერთი არჩევნები ელოდებოდეს, იგი არჩევნების რეკორდსმენი გამოდგა. მას სჭირდება, ეს პრობლემა ისე გადაჭრას, რომ, თუ იქნება რიგგარეშე არჩევნები, დამაჯერებლად გაიმარჯვოს“, -აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის პროგნოზით, ეს კონფლიქტი პერმანენტულად იქნება, პერმანენტულად ჩაცხრება, მაგრამ მერე ისევ აფეთქდება. ამას მსოფლიო საზოგადოებრიობა შეგუებულია, რადგან ეს კონფლიქტი გუშინ არ დაწყებულა, 1948 წლიდან მიმდინარეობს. აქ მთავარია, რომ არაბების სახელმწიფოს შექმნა ისრაელს არ უნდა, არადა, ამ რეგიონში პალესტინელები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ებრაელები. 9 მილიონი ებრაელი ცხოვრობს და 14-დან 18 მილიონამდე პალესტინელია, ესეც მოძველებული ციფრია, თორემ დღეს პალესტინელების რაოდენობა მეტი იქნება.