რამდენიმე საათის წინ უკრაინულმა მას-მედიამ, ოდნავ მოგვიანებით კი იტალიურმა გაზეთებმა სენსაციური ცნობა გაავრცელეს.
რუსულ და უკრაინულ გამოცემებს ხშირად შეუმოწმებელი ინფორმაციების გამოქვეყნება ახასიათებთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი წესრიგშია, რადგან „საქმეში“ იტალიური „Corrierre dello Sport” ფიგურირებს.
ამ პატივსაცემმა და ავტორიტეტულმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი საფეხბურთო სეზონიდან „მილანის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ უკრაინული კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი ალეგრის პირადად დაუკავშირდა და თავის გუნდში მუშაობა შესთავაზა.
უკრაინის ეროვნული პირველობის დონე იტალიისას ჩამორჩება. ამ მიზეზის გამო ახმეტოვი ალეგრის წლიური ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროსა და ოთხწლიანს კონტრაქტს დაპირდა .
„შახტარის“ ამჟამინდელ დამრიგებელს, რუმინელ მირჩა ლუჩესკუს მოქმედი კონტრაქტი რამდენიმე თვეში უსრულდება. გრაფ დრაკულას თანამემამულე უკრაინაში წარმატებით კი მუშაობდა, მაგრამ ახმეტოვის მთავარი ოცნების ასრულება, კლუბი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში ეხილა ვერ შეძლო.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, დიდია ალბათობა ალეგრი ქალაქ დონეცკში გადაბარგდეს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მას სილვიო ბერლუსკონისთან და ადრიანო გალიანისთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა. „მილანის“ ხელმძღვანელობა ალეგრის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც აპირებდა. საბედნიეროდ საღმა აზრმა იმარჯვა, მასიმილიანომ სამსახური შეინარჩუნა, მილანურმა გუნდმა კი თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.