ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფის, Maneskin-ის ვოკალისტი ნარკოტიკებზე ტესტს ჩაიტარებს. ამის შესახებ France 24 კონკურსის ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი შედეგების გამოცხადების დროს დაფიქსირებული კადრები გახდა, რა დროსაც დამიანო დავიდი მაგიდასთან დაიხარა. სოციალურ ქსელში გაჟღერდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მომღერალი პირდაპირ ეთერში კოკაინს მოიხმარდა.
ფინალის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე დავიდმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ის და მისი ჯგუფი ნარკოტიკების წინააღმდეგები არიან. მან ასევე განმარტა რა მოხდა ინციდენტის დროს.
„ტომასმა (Maneskin-ის გიტარისტი) ჭიქა გატეხა, მე კი ნამსხვრევები ავალაგე“, - განაცხადა მან.
ევროვიზიის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ იტალიის დელეგაციის მაგიდასთან ჭიქის ნამსხვრევები მართლაც აღმოაჩინეს. ამის ამსახველი ფოტოები Twitter-ზეც გავრცელდა.
„ჯგუფი მტკიცედ უარყოფს ბრალდებებს ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, მომღერალი კი სახლში დაბრუნების შემდეგ ნებაყოფლობით ტესტს ჩაიტარებს. ჯგუფმა ტესტის გავლა გასულ საღამოსაც მოგვთხოვა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ ორგანიზება ვერ შევძელით“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Maneskin-ის გამარჯვება პირველი გახდა იტალიისთვის 1990 წლის შემდეგ. ჯგუფის სიმღერამ Zitti e Buoni 524 ქულა მიიღო.