წამზომი ჩაირთო – „კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა; უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან დადებულია, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გაცემას; უნდა გაუქმდეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე არის გაცემული; ასევე, გამოცხადდეს მორატორიუმი“, – ამ მოთხოვნით პირველი რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. კარვებიც გაშალეს და 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ და არავის არ მისცემენ გადაადგილების შესაძლებლობას. ამასთან, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. როგორც მან განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თუმცა, ეკონომიკის მინისტრი შეხვედრიდან გაიპარა.
„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა. ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
მან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია „ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„უნდა მოხდეს აღიარება, რომ დასასჯელი არიან მთელი რიგი პერსონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება, თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა სრულიად დაუსაბუთებლად. ამიტომ, ხშირად აპელირებენ, თითქოს რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა მეგობრებო, ასე არ არის. ვინც კი დამნაშავეა, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, მან ამ ნიშნით უნდა აგოს სწორედ პასუხი.
ამიტომ ვერ შევიკავებთ თავს, თუ დღეს ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში, ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, არ ვთქვათ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში?! ამიტომ, ვერ გავიზიარებთ მოსაზებას, რომ ჩვენ ამ პროცესს ხელს ვუშლით. პირიქით, წინგადადგმული ნაბიჯია, როცა იქნება იმის პრეცედენტი, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები ბოლოს და ბოლოდ დაისჯებიან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კომპანია „ენკა“ – მზად არის გააგრძელოს საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნამახვანჰესის“ პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც რიონის ხეობის მცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. ყოფილი პრემიერ–მინისტრი, რომელიც ჩრდილიდან აკვირდება ქვეყანაში მინდინარე მოვლენებს, გოლეთიანის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც მისი გუნდი. მოქმედი პრემიერ–მინისტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში 2012 წლიდან არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ ეტაპზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ვიდრე საპროტესტო ტალღა აგორდება, უნდა დაუფიქრდეს ყველა მხარე, რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას. მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული სახელმწიფო ვერ გახდება, თუკი არ გვექნა ასეთი სახის პროექტები.
„კიდევ ერთხელ ყველა მხარეს, განსაკუთრებით საპროტესტო პროცესების მონაწილეებს, მოვუწოდებ, დასხდნენ, მოუსმინონ იმ დონის ექსპერტებს, რომლებსაც მოეკითხებათ არამარტო მოსაზრება და ჭკუა, არამედ მოეკითხებათ პასუხისმგებლობა საქართველოს ხვალინდელ დღეზე. მგონია, ამას აუცილებლად ექნება დასასრული, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით დამთავრდება.
საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული სახელმწიფო ვერ გახდება, თუკი არ გვექნა ასეთი სახის პროექტები. ამას ხელს რამე თუ უშლის, ეს მოლაპარაკების და განსჯის საგანი უნდა გახდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გოლეთიანის ულტიმატუმი მიუღებელია ანალიტიკოსებისთვის და აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ახლა გონივრულობა მართებს. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე უარის თქმა ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას გაართულებს. ამიტომ ანალიტიკოსი არ ფიქრობს, რომ ეს სწორად დანახული გზაა.
„შეიტანონ სარჩელი და მოითხოვონ იმათი დასჯა, ვინც მათი თქმით უღალატა სამშობლოს, იგივე - თუნდაც გახარია, თუ ეგულებათ ასეთი რამ მის უკან. ღარიბაშვილს რომ მიადგნენ, რა ლოგიკაა ამაში, გარდა იმისა, რომ უნდათ ამოაგდონ სავარძლიდან, სხვა ამოცანა არ ჩანს. შეიძლება მოახდინონ პარალიზება, მათ პოზიციას ბევრი იზიარებს, თან ამ პროცესის ზედაპირზე არ ჩანან პარტიები, შეიძლება შიგნით რამე ხდება, არ ვიცი. მაგრამ შევხედოთ მეტ–ნაკლებად რეალისტურად, წავიდა ხელისუფლება დათმობაზე, მერე დადგება საკითხი, რომ ფასები არის მაღალი და მოდი ხელისუფლებამ დაარეგულიროს და მართოს ფასები“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ჩვენ ვდგავართ იმ პერსპექტივის წინაშე, რომ ფასები გაიქცევა მაღლა და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს დათმობა და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ იმ სურათს, რის გამოც ტერორისტებს არ უთმობენ, რომ ტერორიზმი არ იქცეს მეთოდად.
„ჩვენთან ქუჩის და დესტაბილიზაციის ტერორი იქცა მეთოდად. დიდ დესტაბილიზაციას გვპირდებოდნენ ნაციონალები, უბრალოდ ვერ მოახერხეს და ამიტომ უკან დაიხიეს. აქაც იგივე კონცეფციაა – თუ ხელისუფლება ისე არ მოიქცევა როგორც ჩვენ გვსურს, მოვახდენთ დესტაბილიზაციას. ესეც ტერორისტულ იდეას შეიცავს, კანონი გვერდზეა გადადებული, სამწუხაროდ, ამ რეალობასთან გვაქვს საქმე.
ალბათ, უფრო უპირიანი იქნებოდა ამ ჯგუფს, ანუ, საინიციატივო ჯგუფს, მიემართა სასამართლოსთვის, თუ სასამართლოთი უკმაყოფილო იქნებოდნენ, მაშინ საპარლამენტო კომისიის შექმნა მოეთხოვათ. ასე კანონით გათვალისწინებული ნაბიჯები უნდა ყოფილიყო ტესტი და არა ის შეძახილები, რომ თუ ანგარიშს არ გაგვიწევთ, დავარბევთ ქალაქს – ეს ხომ მათი ქალაქიც არის?!“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როგორც ჩანს, ვარლამ გოლეთიანი, მისი თანამოაზრეები და მის უკან მდგომი ოპოზიციონერი აქტორები იმორებენ იმ წარსულის შეცდომებს, რაც არის უაზრო მაქსიმალიზმი ქართულ პოლიტიკაში – ან ყველაფერი, ან არაფერი. როგორც აბაშიძე ამბობს, ვერ ხედავს იმას, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამსჭვალულია დედაქალაქის პარალიზებით.
„პროტესტის გამომხატველებს შორის აშკარად არიან კონსერვატორი და ნაციონალისტური პოლიტიკური გემოვნების ხალხი, რატომ შეერიენ მათ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ადამიანიები ე.წ. არასამთავრობოები, რომლებიც მოიაზრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგზე, იქნება ეს „საია“, ბაია პატარაიას ენჯეო და ა.შ. რომლებიც გამოირჩევიან დაპირისპირებით ამ ფლანგთან?
მაგრამ მე მაქვს სერიოზული შეკითხვა – ქალაქის პარალიზება, როცა ამას აცხადებ 26 მაისის აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს რას ნიშნავს? აღლუმის პარალიზებას? ხომ არ უნდათ გაიმეორონ ის, რაც მოხდა 2011 წელს, როდესაც მერაბიშვილმა აღლუმის ხელისშეშლისთვის დაარბია აქციის მონაწილეები. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამ შეცდომას არ გაიმეორებს“, – ამბობს გია აბაშიძე.
მისი თქმით, იმის მტკიცება, რომ გოლეთიანის მხარეს არის მთელი საქართველო თუ არა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, გოლეთიანის და მათი თანამოაზრეების თვითილუზიაა.
„ასეთი ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლებასთან – ან ყველაფერი, ან არაფერი, როდესაც ბოლომდე არ არის გარკვეული, ბოლომდე არ ფლობენ ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით, ან არ უნდათ შეგნებულად, რომ გაიგონ, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხს არ ადარდებს ეს პროექტი და უფრო დესტრუქციულ ქმედებებზე არიან გადასული, როგორც თავად აცხადებენ. ქალაქის პარალიზება ტრაგიკომიკურ სურათს ჰგავს ამ განცხადების ავტორისგან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვერ და არ წავა დათმობაზე. მისი თქმით, სიტუაცია აქამდე რომ მივიდა, ეს ხელისუფლების არაეფექტური მუშაობის შედეგია.
„როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების მხრიდან როგორი იქნება პასუხი? ცხადია, ხელისუფლება ვერ და არ წავა დათმობაზე. ეს მას არ ახასიათებს. ხელისუფლება ვინაიდან არ არის ჰომოგენური, ჭრელი სიტუაცია შეიქმნა, შიდა გარჩევებია და მუდმივად ეხვევა ასეთი ტიპის პრობლემებში და რაც მთავარია, მთელი ქვეყანა არის ასეთ დაძაბულობის რეჟიმში.
რაც შეეხება ზოგიერთის მცდელობას, რომ ეს ვითარება კვლავ გადაიტანოს ნაცებისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების ჭრილში და მხოლოდ ამ კუთხით განიხილოს, მიმაჩნია არაადეკვატურად. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, მაგრამ მარტო ამ ჭრილში საკითხის განხილვა არაადეკვატურია, რადგან პრობლემა გაცილებით რთული და ღრმა არის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია თვლის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს.
„მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველოში მიწა არ უნდა იყიდებოდეს, რომ მდინარის კალაპოტი არ უნდა იყიდებოდეს. მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველოში ჰესები უნდა შენდებოდეს, მაგრამ ჰესები უნდა შენდებოდეს იმ მიწაზე, რომელიც არის ქართველი ხალხის საკუთრება და უნდა შენდებოდეს იქ მცხოვრები ადამიანების თანხმობით.
ჰესები, მათ შორის დიდი ჰესები, საშუალო ჰესები, უნდა შენდებოდეს სახელმწიფოს თუნდაც თანამონაწილეობით, თუ სრული დაფინანსებით არა. აი, ამ ვარიანტს ვუჭერ მხარს. ჩემი საპროტესტო განწყობა არის ის, რომ ხელშეკრულებაში არის პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდული ჩვენი შვილების, ჩვენი შთამომავლების, ჩვენი ქართველების კუთვნილი მიწები“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
ის არ გაინტერესებთ, რატომ "სურთ" ასე და არა სხვანაირად?
ამ ხალხს, 209 დღე (sic!) რომ კარვებში სძინავს, რა რჯის? მანიაკები არიან?
თუ იმდენად დაუბნელდა გონება ზოგიერთს, რომ მართლა პუტინისგან მართული ჰგონია ეს ხალხი: არიქა, არ ააშენებინოთ მანდ ჰესი, თორემ მერე საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდება და ჩვენ რა გვეშველებაო?! - გამოქლიავებასაც ხო აქვს საზღვარი?!
მთელი ქართული ენერგეტიკა რუსებს გადაულოცეს ნაცებმა;
ენგურჰესი, პრაქტიკულად, აფხაზეთისა და იქ განთავსებული რუსეთის სამხდრო ბაზისათვის მუშაობს მუქთად;
ბიტკოინების "ფერმები" ნახევარი საქართველოს სამყოფ დენს ისე ხარჯავენ, შემმოწმებლებსაც არ უშვებენ თავისთან და, თურქისთვის რიონის ხეობის 99 წლით მიყიდვა (თუ - ჩუქება), და მის მიერ ნამახვანთან ჰესის აშენება განაპირობებს ჩვენს "ენერგოდამოუკიდებლობას"?
ამაზეა გადარეული რუსეთი?!
თქვენ კარგად ხომ ხართ?