მინერალური წყლების კომპანიებს თანამშრომშრომლები აუმხედრდნენ

მინერალური წყლების კომპანიებს თანამშრომშრომლები აუმხედრდნენ

რეგიონებში დასაქმებულებმა საპროტესტო აქციებს მოუხშირეს. უცნაურია, მაგრამ საპროტესტო აქციები პარალელურად იმართება ორ ყველაზე დიდ და ცნობილ მინერალური წყლების კომპანიაში. მოთხოვნები თითქმის იდენტურია - ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ჯერჯერობით ვერც „ბორჯომში“ და ვერც „ნაბეღლავში“ გაფიცულებთან საერთო ენა ვერ გამონახეს.

თუკი „ბორჯომში“ ვითარება კარგა ხანი იყო დაძაბული, „ნაბეღლავში“ დაპირისპირება უცებ დაიწყო. სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ მძღოლები და დისტრიბუტორები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობას არ აპირებენ. მათი აზრით, გაიზარდოს ხელფასი და გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები.

„ნაბეღლავის“ ჩამომსხმელი კომპანიის ადმისტრაცია აცხადებს, რომ გაფიცულ თანამშრომლებს, წესით, პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მათი ანაზღაურება შეადგენს 1100 ლარს. ისინი სარგებლობენ შვებულებით და მათი შრომითი პირობები არის იდეალური. შესაბამისად, უკვირთ, თუ რამ გამოიწვია ეს პროტესტი.

„გასაგებია, ეს მარტო მათი ტკივილი არ არის, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში, არამედ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აისახება. გავაგრძელებთ კომუნიკაციას, შევეცდებით, რომ გამოიყოს იქიდან საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გავესაუბრებით. ჩვენც აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჩვენს შესაძლებლობებს“, - აცხადებს „მარგებელი ჰოლდინგის“ ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭკუასელი.

ასეთ დამოკიდებულებას გაფიცულები, ცინიზმს უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ არიან ცუდ პირობებში, ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს, მათ არ აძლევენ სასმელ წყალს და ამაშიც თანხის გადახდას სთხოვენ. შესაბამისად, დისტრიბუტორები ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„გაგრძელდება აქციები, ვიდრე არ წამოვლენ ამ შეთანხმებაზე, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ამ გაფიცვას. პროფკავშირები მოვლენ და ერთად დავიწყებთ მოლაპარაკებას უფროსებთან“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

ამასობაში უკვე მერამდენე დღეა უკვე სხვა მინერალური წყლის კომპანიის გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. პროტესტის მესამე დღეს აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. საქმე ეხება კომპანია „ბორჯომსა“ და მის გაფიცულ თანამშრომლებს, რომლებიც დიდი ხანია ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ.

გაფიცულთა აზრით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფლაციის ფონზე მათი ხელფასები მცირდება, თუმცა ამის პარალელურად იზრდება მენეჯმენტში დასაქმებული კადრების რაოდენობა და შრომის ანაზღაურება. ეს კი ამძაფრებს უთანასწორობას მუშებსა და მენეჯმენტს შორის. კომპანიის მფლობელები რეალურად მდიდრდებიან, ხალხს კი „გროშებს უგდებენ“. აქციის მონაწილეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მათი შრომის ანაზღაურება 400-500 ლარს შეადგენს.

კომპანია „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

თავად კომპანია ამბობს, რომ ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს და მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიის მტკიცებით, ხელფასების გაცემაზე პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა პანდემიის დროს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.

„ბორჯომის“ ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. კომპანიამ  19 მაისს განაცხადა, რომ პირველი და მეოერ ქარხნის მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციების თავიდან აცილება დაასახელა.