ეკონომიკამ დიდი სიჩქარე აკრიფა, მშპ დაგეგმილზე მეტად გაიზრდება

ეკონომიკამ დიდი სიჩქარე აკრიფა, მშპ დაგეგმილზე მეტად გაიზრდება

ეკონომიკის აღდგენა ყველაზე ოპტიმისტურ სცენარზე სწრაფად მიდის. მთავრობა ამბობს, რომ დაგეგმილი მაჩვენებელი აუცილებლად შესრულდება. „თიბისი კაპიტალში“ ელიან, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა 5%-ზე მეტი იქნება. ეკონომისტებიც გადაჭარბებაში დარწმუნებულნი არიან. ცოტა ხნის წინ გაკეთებული საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლა, რომ თითქოსდა წელს მშპ-ს ტემპი მხოლოდ 3.5% იქნებოდა, უკვე არარეალური აღმოჩნდა.

ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვა. ამაზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი აპრილში მარტში დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპის გაგრძელებას ელის. ლაშა ხუციშვილის წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო მოიმატებს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალური“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო, რომ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური ზრდის აღდგენა. ხუციშვილის განმარტებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დინამიკა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და, პირველ რიგში, ესაა პანდემია, ამიტომაც მინისტრი აუცილებლობად მიიჩნევს ვაქცინაციის ტემპის ზრდას.

უფრო იმედიანად არიან „თიბისი კაპიტალში“. ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაიზრდება.

„ვფიქრობთ, 5%-ზე მეტი უნდა იყოს ზრდა, არ გაგიკვირდეთ და შესაძლოა 6%-იც. შემცირებული პროგნოზი, ანუ 3.5% მათემატიკურად გამორიცხულია. დიდი მატება გვექნება მეორე კვარტალში საბაზო ეფექტის გამო, შემდეგ მე-3 და მე-4 კვარტალში ზომიერი ზრდის შემთხვევაშიც კი, 5%-ზე მაღალი შედეგის მიღწევა რთული არ იქნება“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ თიბისი ბანკის უფროსმა ანალიტიკოსმა.

მისი თქმით, წელსვე საკმაოდ მაღალი ინფლაციაა ნავარაუდევი. წლის ბოლოსკენ 9%-ის ნიშნულზე, რაზეც ზეწოლას საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ჯგუფების გაძვირებაც ახდენს.

ოთარ ნადარაია არ გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუხდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ასარჩევია ფულის გაძვირებით ინფლაციის კლებაზე გაკეთდეს ფსონი, თუ გრძლევადიან პერიოდზე გათვლილი გადაწვეტილების მიღება მოხდეს.

გარემოებები, რომელიც ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ახდენს, გაუმჯობესებულია. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე და მისი მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია.

„აპრილში 70%-იანი ზრდა გვქონდა ექსპორტის მიმართულებით. გაუმჯობესება არის არა მარტო ექსპორტის მხრივ, არამედ საგარეო სავაჭრო ბალანსის დეტიფიტშიც. მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტი ვალუტა შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ასევე პოზიტიური დინამიკაა ფულადი გზავნილების გადმორიცხვის მხრივაც. როდესაც ინვესტიციების მაჩვენებლი შემცირებულია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალანსება ხდება ექსპორტით და მათ შორის სხვა სავალუტო შემოდინებებითაც.

გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნებლობა აქვს იმას, თუ როგორი არის ეკონომიკური ზრდა. ჯერ აპრილის დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ, ჩემი გათვლებით, მინიმუმ 8%-იანი მატება იქნება. უკვე მაისში ვნახავთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი დადებითში გადავა. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.