“პოდიუმის დედოფალი” – ნაომი კემპბელი 51 წლის გახდა

“პოდიუმის დედოფალი” – ნაომი კემპბელი 51 წლის გახდა

მოდის ინდუსტრია ყოველდღიურად იცვლება, ვითარდება და ყალიბდება. საერთაშორისო ასპარეზზე ჩნდებიან დამწყები მოდელები, ტოპ მოდელები, სუპერმოდელები, და არსებობს უბრალოდ – ნაომი კემპბელი. ქალი, რომელმაც შეძლო და მიაღწია იმდენს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა.

“შავ პანტერად” და “პოდიუმის დედოფლად” წოდებული ლამაზმანი რამდენიმე ათწლეულზე მეტია მუშაობს მოდის ინდუსტრიაში, რომლის პარალელურად ყალიბდება განსხვავებული ტენდენციები, მოთხოვნები და სილამაზის კრიტერიუმები. მუდმივად ცვალებად ბიზნესში კი ნაომი კემპბელის ფენომენი კვლავ აქტუალური რჩება. 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელები კარიერული “აღორძინების” შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო საქმიანობას ხშირად თავს ანებებდნენ, ხოლო დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკუთარი ადგილის დაბრუნებას ცდილობენ. ცხადია, ნაომი კემპბელი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ის მოდის ინდუსტრიის მუდმივად განვითარებად სახედ რჩება.

1998 წელს ნაომი გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც French Vogue-ის, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ბრიტანული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა. მას მიღებული აქვს ისეთი პრესტიჟული პრიზები, როგორებიც მაგალითად CFDA’s 2018 Fashion Icon Award და 2019 British Fashion Council-ის საკულტო ჯილდოებია.