საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერც წელს გადავიდა

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერც წელს გადავიდა

ევროვიზია 2021-ის ფინალი საქართველოს გარეშე ჩაივლის. ქვეყანა ზედიზედ მეოთხე წელია, კონკურსს ნახევარფინალიდან ეთიშება.

საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა, საკუთარი სიმღერით You. მომღერალი 16 სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად წარდგა როტერდამის Ahoy არენაზე, თუმცა, ნახევარფინალის საუკეთესო ათეულსა და, შესაბამისად, კონკურსის ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა.

წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, წლევანდელ კონკურსში საქართველოს მონაწილეობას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. საკონკურსო სიმღერისადმი გამოთქმული უარყოფითი შეფასებების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კონკურსს "კურკლშოუ" უწოდა, საკონკურსო სიმღერის კრიტიკოსების მიმართ კი შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ამ ფაქტის შემდეგ ევროვიზიის ქართველმა და უცხოელმა გულშემატკივრებმა კონკურსანტის დისკვალიფიკაცია მოითხოვეს და პეტიციაც კი შექმნეს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2021 კი გრძელდება. შაბათს, 22 მაისს კონკურსის გრანდიოზული ფინალი გაიმართება, სადაც რიგით 65-ე ევროვიზიის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ.

საქართველო საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ დრომდე ქვეყნის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 და 2011 წლებში დაიკავეს საქართველოს მაშინდელმა წარმომადგენლებმა: სოფო ნიჟარაძემ და ჯგუფმა Eldrine-მა.

ბოლოს ქვეყანამ ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლა 2016 წელს მოახერხა, როცა სტოკჰოლმში გამართულ კონკურსზე საქართველო ნიკა კოჩაროვმა და Young Georgian Lolitaz-მა წარადგინეს.