„რაც მეტი ნაცი მოგროვდება, მით მეტი შანსი აქვს კალაძეს“

„რაც მეტი ნაცი მოგროვდება, მით მეტი შანსი აქვს კალაძეს“

„როცა იქნება დრო, რომ კანდიდატები დასახელდეს, მე და პარტიის თავმჯდომარეც პირველები ვიქნებით, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით“, – აცხადებს კახა კალაძე, რომელიც, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დედაქალაქს საუკეთესო მერი ჰყავს, მაგრამ დასახელდება თუ არა მეორედ მერობის კანდიდატად, მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ოცნების“ სტრატეგია, რომ მერის არჩევნებზე კალაძის გარდა სხვა კანდიდატურას არ განიხილავდეს, ბუნებრივია.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი – „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ჯერ არ მიუღია, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე ამბობს, რომ კალაძე არის საუკეთესო მერი. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ მეორედ გააკეთებს არჩევანს კახა კალაძეზე, რომელიც მმართველი გუნდიდან ერთადერთია, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით თავს შესანიშნავად იპიარებს?

რამაზ საყვარელიძე: დავამატებ, ყურადღებას აქცევს იმას, რომ ინფორმაცია გავრცელდეს მის საქმიანობაზე. რაც მთავარია, საქმესაც აკეთებს. ძალიან ცოტა მერი გაგვახსენდება, რომელიც ასეთ ენერგიას ავლენდა, როგორც კალაძე. ძალიან ენერგიული, მიზანსწრაფული და შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მერია ბევრი თვალსაზრისით. ამიტომ „ოცნების“ სტრატეგია, რომ მერობის არჩევნებზე სხვა კანდიდატურას არ განიხილავდეს, ბუნებრივია.

მაგრამ რამდენად გააკეთებს ამ ბუნებრივ სტრატეგიაზე გათვლას მმართველი გუნდი, რომლის მიმართ ნიჰილიზმი იზრდება საზოგადოებაში, რაც კალაძესთან მიმართებაში ნაკლებად იგრძნობა?

– „ოცნებას“ ბედნიერი ცხოვრება დიდი ხანია არ აქვს. არის მისდამი კრიტიკული დამოკიდებულება და რაც მთავარია, იმსახურებს. მაგრამ როგორც თქვენც აღნიშნეთ, ამ მხრივ კალაძის მიმართ ყველაზე უფრო მოწესრიგებულია „ოცნების“ საქმეები, ანუ „ოცნებას“ ამ მიმართულებით ყველაზე უკეთესად აქვს საქმე. თუ „ოცნებამ“ კალაძის წონას არ გაუწია ანგარიში, ეს კიდევ ერთი მარცხი იქნება და კიდევ უფრო გაზრდის კრიტიკულ დამოკიდებულებას.

საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნებას“ აღარ აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა. ეს ბუნებრივიც იყო, ვერ ექნებოდა ის მხარდაჭერა, რაც 2012 წელს ჰქონდა, მაგრამ კლებადობა ძალიან აშკარაა. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა? საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა არჩევნებზე არ მივიდა, რამაც გამოიწვია მეორე ტური...

– გეთანხმებით, იმ პირობებში, როცა მოსახლეობას არც ერთი პარტია არ მოსწონდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ორპარტიული იყო არჩვენები – „ქართული ოცნება“ – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. ახლა სიტუაცია იცვლება. განცხადება გაკეთებულია – ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შემოვლენ ლევან ვასაძე და გიორგი გახარია. არც ერთი და არც მეორე არ განეკუთვნება რომელიმე პოლუსს. ამ ორპარტიულ სქემაში არც ერთი ზის და არც მეორე. ამდენად, დიდი შანსია იმისა, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც არ გადიოდა არჩევნებზე იმ მიზეზით, რომ არც ერთი არ მოსწონდა და არც მეორე, დაიძრას ხალხი და ამ ახალ პარტიებს მისცეს ხმა. ამიტომ, მე მგონია, რომ დასწრება არჩევნებზე იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სხვა დროს და სწორედ, ამ ორი პარტიის გამოჩენის მოტივით.

ოპოზიციური ფრთიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს პრეტენზიას თბილისის მერობისთვის. არაოფიციალური ინფორმაციით მმართველი გუნდის კონკურენტში შეიძლება იყოს გიგა ბოკერია და ნიკა მელია. არის ასევე, ვასაძე და გახარია, რამდენად შეუქმნის მმართველს ძალას დისკომფორტს ოპოზიცია? ნუ, გახარია ჯერ არ ჩანს, მხოლოდ განცხადება გვესმის, რომ მოდის...

– გახარია არ ჩანს. მეტიც, საინტერესო მოვლენაა, მანდ რისკი არის იმისა, რომ თუ ძალიან გადააჭარბა, ხალხს დაავიწყდება. ამ დროს კი, ზის და შორიდან უყურებს, როგორ დალაგდება პოლიტიკური პასეანსი არჩევნების წინ. რაც შეეხება დისკომფორტს, მაგალითად, გახარიას გამოჩენა დისკომფორტის შემცველია მმართველი გუნდისთვის, ეს ჩანს, თუნდაც იმით, რომ გახარიას მიმართ ბევრი კრიტიკული რეპლიკა ისმის. ეს რეპლიკები საგრძნობს ხდის, რომ ხელისუფლებისთვის გახარია არის არაკომფორტული.

ლევან ვასაძესთან დაკავშირებით ჯერ არ გამიგია მმართველი პარტიის რამე მკვეთრი განცხადება, თუმც, არ არის გამორიცხული, რომ ლევან ვასაძე მათთვის ნაკლები პრობლემა იყოს, რადგან ვასაძე ძირითადად იმ ამორჩეველის ხმას წაიღებს, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ „პატრიოტთა ალიანსს“. ჯერ სოციოლოგიური გამოკვლებიც არ ჩატარებულა, რომ რაღაცა სურათი გამოიკვეთოს ამ ახალ პარტიებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ იგივე ვასაძეს ბევრი მომხრე ჰყავს არა მარტო „პატრიოტთა ალიანსის“ ჯგუფებში, არამედ თვითონ „ქართული ოცნების“ თუ იმ შუალედურ ამომრჩეველში, რომლებიც საერთოდ არ მიდიოდნენ არჩევნებზე, „ოცნების რიტორიკა, ალბათ, ვასაძის ჯგუფის მიმართაც მწვავე იქნება. ჯერჯერობით მეტ–ნაკლები სიმწვავე გამოავლინეს გახარიას ჯგუფის მიმართ.

შესაძლებელია, რომ თბილისში მეორე ტური გახდეს საჭირო? კალაძე შეძლებს პირველ ტურში გოლის გატანას?

– არ მგონია, რომ მარტო კალაძის შესაძლებლობები იყოს გადამწყვეტი. მე მგონია, რომ ის, რაც ასე ჯიუტად აიტეხა დღევანდელმა ოპოზიციამ, ეს კალაძეს სასარგებლოდ იმუშავებს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მელიამ, იგივე - ბოკერიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი გამოკვეთილი სახე იყო, „გირჩმა“ გვიან შეერთებული, მაგრამ მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხეზე ჩამოკიდებული „გირჩია“, მეეჭვება, რომ თბილისში ხმები აიღონ იმ ხალხისგან, ვისთვისაც მიღუებელია „ნაციონალური მოძრაობა“. არადა თბილისში ბევრს აქვს მიუღებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ნუ გვავიწყდება, რომ თბილისი ყველაზე ანტინაცური ქალაქი იყო. ამიტომ, რაც მეტი ნაცი მოგროვდება, მით მეტი შანსი აქვს კალაძეს, რომ უფრო მეტად აიღოს მისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.

ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური ველიდან, მაგრამ რამდენად გადამწყვეტი იქნება მისი ფაქტორი?

– გავიდა პოლიტიკური ველიდან და ახლა, როგორ უნდა შემოვიდეს ეს ფაქტორი? ჩვენ გვახსოვს, რომ სხვა დროს ივანიშვილის ფაქტორის ამოქმედებას გარკვეული მექანიზმები ჰქონდა. კერძოდ, გავიხსენოთ გიორგი მარგველაშვილის არჩევნები, ასევე კალაძის წინამორბედის არჩევნები. ანუ, ორივეს სიტყვა შეაწია. ახლა როგორ უნდა ჩაერთოს მისი ფაქტორი, გამოსვლით ვერ გამოვა, ნათქვამი აქვს, რომ პოლიტიკაში არ ვიქნებიო. თუ ფარულ მექანიზმებზე ვილაპარაკებთ, ეს ისეთი რამეა, კაცმა არ იცის სად მუშაობს ფარული მექანიზმები და სად არა. რომც უნდოდეს ივანიშვილს არჩევნების ბედ–იღბალზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩემთვის გაუგებარია პოლიტიკურ გავლენას როგორ მოახდენს. ფინანსური გავლენისგან დაზღვული არავინ არასოდეს არ არის.