ის პერიოდია, როცა შოთიკო არველაძე ჰოლანდიის „აიაქსში“ თამაშობდა, ხოლო აჩიკო - „ბრედაში“. მოგეხსენებათ, ამსტერდამის „აიაქსისა“ და როტერდამის „ფეინოორდის“ ფანები ვერც ერთმანეთს და ვერც მეტოქე გუნდის მოთამაშეებს ვერ იტანენ.
რეზო არველაძე იმ ხანად ძმებთან ჰოლანდიაში სტუმრად იმყოფებოდა. იმ დღეების გასახსენებლად დღემდე ერთ ისტორიას არაერთხელ იგონებს.
„მე და შოთიკო ამსტერდამიდან ბრედაში ვბრუნდებოდით. გზა დაგვხვდა გადაკეტილი და მოგვიწია როტერდამში შესვლა.
ეს ქალაქი ჩემი ძმის მიმართ ისედაც მტრულად იყო განწყობილი და პლუს ამას ერთი კვირის წინ, „აიაქსმა“ მისი დახმარებით, „ფეინოორდს“ 5:1 მოუგო.
უცებ ქუჩაში ფანები გამოჩნდნენ, სადაც ამხანაგური თამაში ჰქონდა „ფეინოორდს“ და სტადიონიდან მოდიოდნენ. სად გინდა, რომ დამალო ამხელა კაცი? უცებ ერთი თურქი დაწინაურდა, შეხედა და შეშინებული ეუბნება.
- შოთა, მანქანა მოაბრუნე და წადი, კარგ დღეს არ დაგაყრიან, გიჟებს ჰგვანან შენი გოლების შემდეგ!
გაფიქრებაც ვერ მოვასწარით, ჩვენი მანქანა უკვე ალყაში იყო.
- შეხედეთ, შოთა არველაძეა! - იყვირა ვიღაცამ.
შოთა მაშინვე გადახტა მანქანიდან ყვირილით:
- გაუმარჯოს „ფეინოორდს“, გაუმარჯოს „ბრედას“!
ფანების სახეზე სიბრაზე გაკვირვებამ შეცვალა.
- შენ შოთა არ ხარ? - ეკითხებიან.
- არა, შეგეშალათ, აჩიკო ვარ, „ბრედაში“ ვთამაშობ.
- მაშინ კარგად იყავი, - დაწყნარდნენ და დასაშლელად მოემზადნენ.
უცებ გავიხედეთ და აჩიკო არ მორბის?!
- როგორ ხარ, შოთიკო, - ყვირის გახარებული.
ფანები დაიბნენ, ხან ერთს უყურებენ, ხან - მეორეს, აღარ იციან, რომელს ეძგერონ.
სანამ გადაწყვეტილება მიიღეს, ყოველი შემთხვევისთვის ორივეს გასწორებოდნენ, უკვე მანქანით მივქროდით.“