ყოფილი ასისტენტი მერლინ მენსონს სექსუალური შევიწროების გამო უჩივის

ყოფილი ასისტენტი მერლინ მენსონს სექსუალური შევიწროების გამო უჩივის

მერლინ მენსონის ყოფილი ასისტენტი, ეშლი უოლტერსი მუსიკოსს სექსუალური შევიწროებისა და ჰარასმენტის გამო უჩივის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უოლტერსმა სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ მენსონი საშინელი და სასტიკი უფროსი იყო, რომელიც თავის მეგობრებს ეუბნებოდა, რომ მათ უოლტერსის კოცნისა და შევიწროების უფლება აქვთ. ულტერსი ასევე აცხადებს, რომ მუსიკოსი მას ზედიზედ 48 საათის განმავლობაში ამუშავებდა.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, უოლტერსი მუსიკოსს 2010 წელს, 26 წლისა შეხვდა, მას შემდეგ რაც მენსონმა MySpace-ზე მისი ფოტონამუშევრები მოიწონა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განსახილველად თავის სახლში დაპატიჟა. მუსიკოსმა ფოტოგრაფს თავისი პერსონალური ასისტენტის თანამდებობა და გაორმაგებული ხელფასი შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

მენსონის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ.

1-ელ თებერვალს ევან რეიჩელ ვუდმა, რომელიც მენსონს 2000-იან წლებში ხვდებოდა, მუსიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა. შემდეგ ანალოგიური განცხადებები კიდევ ოთხმა ქალმა გააკეთა: სარა მაკნილიმ, ეშლი ლინდსი მორგანმა, გაბრიელმა და ეშლი უოლტერსმა.

ამის შემდეგ მუსიკალურმა ლეიბლმა მენსონთან კონტრაქტი გაწყვიტა.