„რუსთავი 2“-ის მომავალი ისევ სადავო და ბუნდოვანია

„რუსთავი 2“-ის მომავალი ისევ სადავო და ბუნდოვანია

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

„აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რ2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა „რ2“-ის უძრავი ქონება სრულად. ჩვენ ასევე ვითხოვდით „რ2“-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, „რ2“-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით“, - წერს ადვოკატი.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, სასამართლომ ტელევიზიის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმა, უსაფუძვლო არგუმენტებით ახსნა. როგორც დვალმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, თავის დროზე „რუსთავი2“-ის ახლანდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს სასამართლომ ანალოგიური მოთხოვნები დაუკმაყოფილა და მოძრავ ქონებაზე ყადაღა დაადო.

„აქამდე ყადაღა მარტო წილებზე იყო დადებული, ახლა კი ყადაღის დადება ყველაფერზე მოვითხოვეთ - უძრავ და მოძრავ ქონებაზე. სასამართლომ მხოლოდ უძრავი ქონების ნაწილი დააკმაყოფილა. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, „რუსთავი2“-ს რაც უძრავი ქონება გააჩნია, ამ წუთას დაყადაღებულია, ხოლო მოძრავ ქონებაზე უარი გვეთქვა, თუმცა, ამას გავასაჩივრებთ. მოძრავ ქონებაში შედის აპარატურა, მოძრავი სადგური, კამერები და ა.შ. რომელიც ტელეკომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი დაკარგვის საფრთხე ისევე არსებობს, როგორც დანარჩენი უძრავი ქონების.

რაც შეეხება, თუ რატომ გვეთქვა მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარი, ვერც კი გეტყვით - სასამართლომ უსუსური არგუმენტი დაასახელა. უარის თქმის არანაირი არგუმენტაცია არ ჰქონდათ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმეორებთ ანალოგიურ ქმედებას, რაც თავის დროზე ქიბარ ხალვაშმა გაიარა. თავის დროზე ქიბარ ხალვაშს სასამართლომ დაუკმაყოფილა იგივე მოთხოვნა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და ყადაღა მოძრავ ქონებაზეც დაადეს. ჩვენს შემთხვევაში უარი თქვეს“, - გვითხრა დავით დვალმა.

„რუსთავი2“-ის დამფუძნებლის თქმით, თუ სასამართლო ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს.

„ეს სარჩელი მთავარ სარჩელთან პირდაპირ კავშირში არაა. უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ცალკე მოვითხოვეთ. მთავარი სასამართლო პროცესი 1 ივნისს ჩაინიშნა. რა თქმა უნდა, თუ აქ წავაგეთ, რაც სამწუხაროდ ქართულ რეალობაში არ გამიკვირდება, ჩვენ ყველა ეტაპს გავივლით და სტრასბურგშიც მივალთ აუცილებლად. მთავარი სასამართლო პროცესი წილების დაბრუნებას ეხება. საუბარი მაქვს 60%-ზე, რომელიც ჩვენ წაგვართვეს“, - განუცხადა დვალმა for.ge-ს.

ჩვენს კითხვაზე - სასამართლო პროცესებით და ყადაღებით ტელეკომპანია, რომ არ დაზარალდეს, ქიბარ ხალვაშთან საუბარი ხომ არ უცდიათ, დავით დვალი გვპასუხობს: „თუ ქიბარ ხალვაში თვლის, რომ მოლაპარაკება შეიძლება, რატომაც არა. თან, მოსამართლემ მოგვიწოდა, რომ იქნებ შეხვდეთო, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „რუსთავი2“ ვერანაირად ვეღარ დაზარალდება, თუნდაც მოძრავ ქონებასაც ყადაღა რომ დაედოს. „რუსთავი2“ ორი თვეა აღარ მაუწყებლობს. დღეს, „რუსთავი2“ სააქციო საზოგადოება, სახელად „მედია ჰოლდინგის“ სახელით მაუწყებლობს. ამ ორგანიზაციაში „რუსთავი2-ს“ მხოლოდ 10% გააჩნია. საქმე ისაა, რომ ქიბარ ხალვაშმა ლიცენზიაც კი ჩააბარა. მაინტერესებს, რა უფლებით ჩააბარა ლიცენზია? თურმე ტელეკომპანიას მე ვაყენებ ზიანს, როდესაც თავად ავტორიზაცია ჩააბარა და ლიცენზია გადასცა „პრაიმტაიმის“ მიერ შექმნილ მედია-ჰოლდინგს. საუბარია იმაზეც, რომ აპარატურაც უნდა გადასცენ. თანამშრომლების ნაწილიც უკვე ამ ორგანიზაციაში არიან გაფორმებულები. ანუ, დღეს „რუსთავი2“ აღარც მაუწყებლობს და აღარც თანამშრომლები ჰყავს. აქედან გამომდინარე, მას ყადაღის დადება ვერანაირად ვერ დააზიანებს. „რუსთავი2“-ს ჩვენ კი არ ვებრძვით, არამედ თავად ებრძვიან“, - განაცხადა დავით დვალმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ტელეკომპანიას ყადაღა აქამდეც ედო და ქონების დამალვას ქიბარ ხალვაში არ აპირებდა. მისივე თქმით, ყადაღის გარდა „რუსთავი2“-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ საგადასახადო გირავნობაზე იპოთეკა ადევს.

„რუსთავი 2-ის ქონებას ყადაღა დიდი ხანია ადევს. ახლა მათი მხრიდან მეორეჯერ მოხდა ყადაღის დადება. გარდა ამისა, ტელეკომპანიის ქონებას სახელმწიფოს სასარგებლოდ საგადასახადო გირავნობაზე იპოთეკა ადევს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. პირიქით, ამ ყადაღის დადებით დადასტურდა ის, რომ არავინ არაფრის დამალვას არ აპირებს, ამის სურვილიც კი არ არსებობდა. ამის სურვილიც რომ იყოს, ქონების გასხვისება და გადამალვა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ დავას ვაგრძელებთ. ჯერჯერობით საქმე პირველ ინსტანციაშია. უძრავ ქონებასთან დადებულ ყადაღასთან დაკავშირებით, განჩინება ჯერ არ ჩაგვბარებია, ამიტომ არ ვიცით გავასაჩივრებთ თუ არა. რაც შეეხება კომპანიის სამართლებრივ მდგომარეობას, არსებითად არ იცვლება, რადგან როგორც გითხარით, ყადაღა მანამდეც დაიდო. ტელეკომპანიაში რამდენიმე კვირის მისულები ვიყავით, როდესაც წინა მენეჯმენტის დავალიანების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დავა დაიწყო. აბსოლუტურად სიცრუეა, რომ ქონებას ვმალავთ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩვეულებრივი სპეკულაციაა. უბრალოდ, მიკვირს ეს ადამიანები ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ლიცენზიის ჩაბარებას და მედია-ჰოლდინგ „პრაიმტაიმისთვის“ გადაცემას ასე ხსნის: „ბატონი დავითი რომელ ლიცენზიაზე საუბრობს, ლიცენზიები აღარ არსებობს, ახლა ავტორიზაცია. კარგი იქნება თუ ცოდნას გაიღრმავებენ და საქმეს უფრო უკეთ გაეცნობიან. ხშირად ახსენებენ, რომ ეს ორი საქმე - ჩვენს მიერ წარმოებული დავა და მათ მიერ წარმოებული დავა - იდენტურია, რაც სიცრუეა და ასე არაა. საქმეებში ძალიან ბევრი განსხვავებაა“, - გვითხრა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 იანვარს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წილების 60% -ს ყადაღა დაედო. ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რომელზეც მათ უარი თქვეს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. ეს საქმე სასამართლოშია. დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.