რუსი ასანჯი კორუფციის წინააღმდეგ

რუსი ასანჯი კორუფციის წინააღმდეგ

[მოამზადა ნინო ჯაფარიძემ]

ჯულიან ასანჯს კონკურენტი გამოუჩნდა - ახალგაზრდა იურისტი ალექსანდრე ნავალნი. რუსი მოხელეების ბოროტმოქმედებების შესახებ ნავალნი საკუთარ ბლოგზე უკვე რამდენიმე წელია წერს, ახლა კი WikiLeaks-ის მსგავსი საიტი www.rospil.info შექმნა.რესურსის მიზანია გამოავლინოს კორუფცია მსხვილ სახელმწიფო მონოპოლიებში, ებრძოლოს მოხელეებს, ვინც სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე ცხოვრობს, ასევე აჩვენოს მოსახლეობას, რომ კორუფცია – როგორც ცხოვრების წესი ქვეყნისთვის დამღუპველია.

 

4 დეკემბრიდან რუსეთში რუსული WikiLeaks-ი, rospil-ი გამოჩნდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ტერმინი მოპარულ და მიტაცებული სახსრების (უფრო მეტად სახელმწიფო) სინონიმად იქცა. დისციპლინის, რომელიც რუს მოხელეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ციფრები თავად საუბრობენ. საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის რუსეთის რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელენა პანფილოვა მიიჩნევს, რომ კორუფციის გამო ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 200-დან 400 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხებს კარგავს.

 

რაც შეეხება მედვედევს, ფედერალური სათათბიროსადმი 30 ნოემბერს გაგზავნილ მიმართვაში, მან აღიარა, რომ სახელმწიფო შესყიდვები, ეს შავი ხვრელია, სადაც სულ მცირე ტრილიონი რუბლი უკვე გაუჩინარდა. რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტარებს მოუწოდა „დაიწყონ მუშაობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალ, უფრო მეტად გააზრებულ და თანამედროვე კანონზე“.

 

34 წლის ალექსანდრე ნავალნის იურიდიული და საფინანსო განათლება აქვს. ამას გარდა, მან სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ახალგაზრდულ მოძრაობებში საქმიანობისას. შეკითხვაზე, რა არის მისი მიზანი ის მოკლედ პასუხობს „პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები გადარჩენის ზღვარზე არიან, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი თაღლითები მორიგ ვილას, იახტას ან ეშმაკმა უწყის კიდევ რას ყიდულობენ…

 

არავინ იძლევა გარანტიას, რომ ყველა ჩვენგანის წყალობით ხვალ რაღაც შეიცვლება. ყველა უკანონო კონკურსი გაუქმდება, თაღლითებს დააჯარიმებენ, სამსახურიდან დაითხოვენ ან ციხეში ჩასვამენ. რთული იქნება. მაგრამ თითოეული შეჩერებული „როსპილი“ – ეს რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

 

ნავალნის ეს ბრძოლა ახლა არ დაუწყია, რამაც მას გმირის რეპუტაცია და იმიჯი შეუქმნა.

 

ოქტომბერში მისი სახელი გაზეთის პირველ გვერდებზე გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ნავალნი საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა, რომ სახელმწიფო კომპანიამ „ტრანსნეფტი“ (ეს კომპანია ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირებაზე მონოპოლიას ფლობს) ნავთობსადენის „აღმოსავლეთ ციმბირი – წყნარი ოკეანე“ მშენებლობისას სერიოზული თანხები გაფლანგა. მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა 17 მილიარდი დოლარი და მის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

 

ნავალნიმ სახელმწიფო საწარმოსთან საკუთარი კავშირების წყალობით მოიპოვა რუსეთის საანგარიშო, ანუ იგივე კონტროლის პალატის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ანგარიში, რომელსაც ხელს კომპანია „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი აწერს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სუბკონტრაქტორი კომპანიების უმეტესობა სინამდვილეში არ არსებობს. ეს სახსრების მიტაცების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც თანხის 25-30%-ის ოფშორულ ანგარიშებზე გადაქაჩვის შესაძლებლობას იძლევა.

 

ამის მიუხედავად, ნავალნის გამომზეურებულ მასალებს ისტებლიშმენტზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტის, სიმონ ვაინშტოკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. უბრალოდ, ის სხვა საწარმოში, „ოლიმპსტროიში“ გადაიყვანეს, რომელიც მომავალი ზამთრის ოლიმპიადისთვის ობიექტებს აშენებს. არც სამართალდამცველ ორგანოებს, არც საანგარიშო პალატას ამ საქმისთვის ხელი არ მოუკიდიათ. თავად ვაინშტოკმა კი, ეს ინფორმაციები უარყო.

 

ახალი „კოლოკოლი“

 

საიტ rospil-ის გამოჩენას უფლებათადამცველი ყველა ორგანიზაცია მიესალმა. ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ვალერი ხომიაკმა ნავალნი გერცენს და ოგარიოვს შეადარა, რომლებიც (1857-1865წ.წ.) საზღვარგარეთ გაზეთ „კოლოკოლს“ გამოსცემდნენ. გამოცემა უმოწყალოდ ამათრახებდა სამეფო ბიუროკრატიას.

 

„კარგია, რომ ალექსანდრემ ამ საქმეს მოკიდა ხელი. რადგან ჩვენთან ყველაზე დიდი ბოროტება კორუფციაა და მისი დამარცხება მხოლოდ საჯაროობით შეიძლება“- აღნიშნა ხომიაკმა.

 

დადებითად შეაფასა წამოწყება დამოუკიდებელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი ორეშკინმა.

„ის ახალი ფორმაციის ადამიანია, ინტერნეტის თაობის წარმომადგენელი და პოლიტიკური ბრძოლის ახალ მეთოდებს სინჯავს. ნავალნის ერთი, რომ არ ახასიათებს ამაო საუბარი თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, რაც რიგით მოქალაქეებში უარყოფით ემოციებს იწვევს. ის კონკრეტულად საქმეზე ლაპარაკობს.

 

მეორე – ის დამოუკიდებელია. არ არის საჭირო მისი დაშვება ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთში ან სხვა საშუალებაში, რომელიც ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირების მიერ კონტროლდება. მესამეც, ის დიდად არ არის დამოკიდებული ფულზე, რადგან საიტის შენახვას გაცილებით ნაკლები სახსრები სჭირდება, ვიდრე ტელევიზიას ან გაზეთს“, – ამბობს ორეშკინი

 

ამის მიუხედავად, ხელისუფლების საპასუხო ქმედებებმა არ დააყოვნა. ნავალნის წინააღმდეგ ფინანსური მაქინაციების ბრალდებით კიროვში ძიება დაიწყო. საქმე ეხება პერიოდს, როდესაც ნავალნი ოლქის გუბერნატორის, ნიკიტა ბელიხის მრჩევლად მუშაობდა.

 

თავად გუბერნატორმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყოფილი მრჩევლის პატიოსნებაზე პასუხს აგებს. რაც შეეხება თავად ნავალნის, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, მან ბრალდებებს ხუმრობით უპასუხა – „თაღლითებო , ჩემო ძვირფასებო. აშკარა იყო, რომ თქვენ რაღაც ასეთს გამოიგონებდით და მე ამისთვის მზად ვიყავი. არ მეშინია და თქვენთან ვბრუნდები, ჩემო კორუმპირებულებო“, – დაწერა მან საკუთარ ბლოგზე.

ნატალია უვაროვა, slate.fr