„ეპიდსიტუაციის გაუარესებას არ იწვევს ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევა, თუკი ადამიანები დაიცავენ იმ წესებს, რომელზეც ამდენ ხანია ვსაუბრობთ. აქამდეც უნდა გადაწეულიყო, თუმცა, თუკი „კომენდანტის საათის“ გადაწევის შემდეგ ხალხი სხვანაირად მოიქცევა, შემდეგ ისევ უნდა ამოქმედდეს 21:00 საათიდან, მაგრამ თუ ადამიანი ღამე ივლის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატება არ არის მოსალოდნელი“, - ასე აფასებს ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ქვეყანაში, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევას.
17 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გადაადგილება 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან შეიზღუდება. შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე. როგორ ფიქრობთ, როგორია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს?
- დღეს არსებული მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ საყურადღებო. კორონავირუსის შედეგად ბევრია დაღუპული, რაც ძალიან დასანანია. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ ტალღას, მსხვერპლი დიდია. ასევე ბევრია მძიმე პაციენტთა რაოდენობა.
საგანგაშოდ რჩება მდგომარეობა, რადგან ყოველ წუთას მოსალოდნელია „აფეთქება“, თუ არ მოხდა მოსახლეობის მიერ სიტუაცის გარკვეულწილად კონტროლი.
სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ერთგვარი პიკი მოსალოდნელი იყო მაისის შუა რიცხვებში. თქვენი აზრით, გადავიარეთ ეს პიკი თუ, ჯერ კიდევ წინ გვაქვს?
- მე სხვანაირად ვუყურებ ამ გამოთქმას, რადგან რამდენია მაქსიმუმი, ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი. დღეს თუ არის 10 შემთხვევა, ხვალ შეიძლება 100 იყოს. ჩვენთვის მთავარია არა პიკი, არამედ - რამდენად აქტიურად მატულობს დაინიფიცირებულთა რაოდენობა, ეპიდსიტუაცია რამდენად უარესდება.
თუ ყველაფერი კარგად იქნება და დავრჩებით 500 შემთხვევაზე, როგორც დღეს, ეს არ მოხდება. რეალურად, ჩვენს ქვეყანაში აცრები აქტიურად მიმდინარეობს, ბევრია ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ეს ინფექცია, თუ არ მოხდა ახალი გენოტიპის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ეს პიკი გადავლახეთ.
თქვენც აღნიშნეთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა დიდია და ქვეყანაში ვაქცინაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ სამედიცინო პირბადის ტარება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუ ყველასთვის არა, რთულია, თანაც მოდის ზაფხული, იმატებს ტემპერატურა დ ა.შ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამ ზაფხულს ადამიანებს პირბადის ტარება აღარ მოუწიოთ?
- არ მგონია. ჯობია, ადამიანებს პირბადე ეკეთოთ, ვიდრე პირბადე არ ეკეთოთ და მეტრნახევარიანი დისტანცია დაიცვან, რადგან ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, ამიტომ პირბადე პირველ ადგილზე დგას და მეორე ადგილზეა თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ყოფნის საკითხი.
ცოტა უფრო აქტიურად უნდა განიხილოს ტელევიზიამ, უნდა აჩვენონ ის გამწარებული ადამიანები, როგორ გასაჭირს გადიან, ალაპარაკონ... ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს არ არის უბრალო ინფექცია, ძალიან მძიმეა და ამასთან თამაში არ შეიძლება.
რაც შეეხება ღია სივრცეს, შესაძლოა თუ არა ეს საკითხი მაინც დადგეს დღის წესრიგში?
- კიდევ უფრო შესაძლებელია, რომ ღია სივრცეში ადამიანმა პირბადე არ ატაროს, მაგრამ თუ იმ ღია სივრცეში ადამიანები შეიკრიბებიან და ახლოს დადგებიან, იგივე სიტუაცია შეიქმნება.