დმანისში, ერთ–ერთ მაღაზიასთან დაწყებული დაპირისპირება ამოწურულია. მხარეები შერიგდნენ, თუმცა ადგილზე რჩება პოლიციური ძალები და იქნება კონტროლი. მმართველ გუნდში კეთდება განცხადება, რომ ამ ეტაპზე არ იციან, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო. დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ. ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში რუსუდან თევზაძე ამბობს, რომ დეკლალირებულად კანონის შესაბამისად უნდა იქნას დასჯილი დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარე.
for.ge რუსუდან თევზაძეს ესაუბრა.
დმანისში არაპროგნოზირებადი ვითარებაა. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. პროცესებში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, იკვეთება ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ხაზი?
რუსუდან თევზაძე: ძალიან რთული ვითარებაა დმანისის მუნიციპალიტეტში. ზოგადად, არათუ ეთნიკური უმცირესობების ქვეყანაში, არამედ ერთფეროვან ქვეყანაში ჭირს პრობლემების მოგვარება, როცა ის პიკს აღწევს და ესკალაცია ხდება. საქართველოს აქვს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. გვაქვს ზედმეტად მოწყვლადი რეგიონები, რომლებიც სენსიტიურია ჩვენთვის. ამიტომ, ზედმეტი სიფრთხილე გვმართებს ყველაფერთან დაკავშირებით. ყურადღებით ვაკვირდებოდი მიმდინარე პროცესებს და აშკარაა, რომ მოსახლეობის მიერ დარღვეულია უსაფრთხოების კომპონენტი.
მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენთაგანის ბრალეულობა შეიძლება იკვეთებოდეს. იგივე, თუნდაც მედიის მხრივ. იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ასეთ სენსიტიურ რეგიონზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მომართულია მტრული ჯგუფები. ამიტომ ყველას გვმართებს ზედმეტი თავშეკავება. მოსახლეობიდან ისმოდა ასეთი ფრაზები: „სვანეთიდან ჩამოსახლებულები“, „აზერბაიჯანლები“, ასევე ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები, მესმის ეს ემოცია, მაგრამ როდესაც მედიის მხრიდან ხდება ამ ფრაზის გამოყენება და დივერსიფიცირება, ეს დაუშვებელია. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ.
აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა კონფლიქტის გაღვივებაში მედია დაადანაშაულა...
– ნებისმიერი სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანის მცდელობა, საუკეთესო საბაბი აღმოჩნდა ზუსტად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიისთვის და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩხუბში შეიძლება ქართველიც მონაწილეობდეს, აზერბაიჯანელიც, სომეხიც და რუსიც, მაგრამ ზოგიერთი მედიის მხრიდან მიზანმიმართული ხაზგასმა იმისა, რომ ეს არის ეთნიკური დაპირისპირება, არის დაუშვებელი. მაგრამ, ნახეთ რაში არის პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან – ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური, არსებობს ასეთი სენსიტიური რეგიონები, აქ პრობლემა გაბათილდება მას მერე, როცა სახელმწიფოს ექნება სხვანაირი ტიპის მიდგომები იგივე აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეების მიმართ.
რას გულისხმობთ?
– სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა გახდეს ყველა. უნდა გაიაზროს, რომ ის პირველ რიგში არის საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე, შემდეგ უკვე აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი. სამწუხაროდ, რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების მხრიდან იკვეთება კლასტერული ცხოვრება. კომპლექსური ინტეგრაცია არ ხდება, რაც ხელს აძლევს ამ პრობლემის გაღვივებას.
მმართველ გუნდში კეთდება განცხადება, რომ ამ ეტაპზე არ იციან, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ დადასტურებით ამბობენ, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო. ვხედავთ, რომ ოპოზიციის მიერ ხდება ამ თემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იკვეთება მესამე ძალის ინტერესები, ანუ რუსული ხაზი?
– რუსული ხაზი ნამდვილად იკვეთება, ამას მსჯელობა არ სჭირდება. მე, პირადად მიჩნდება გონივრული ეჭვი ამასთან დაკავშირებით და ასევე, შეიძლება ცოტა მკაცრი ვიყო შეფასებებში, რომ სახელმწიფომ, ერთნაირად თანაბრად უნდა მოახდინოს რეაგირება დაპირისპირებაში მონაწილე ქართველზეც და აზერბაიჯანელზეც. აი, ეს იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა თავზე ხელის გადასმა. ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, განურჩევლად რელიგიისა და ეთნოსისა, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, აქვს თანაბარი უფლებები, და ვალდებულებიც და სამართლებრივი დამოკიდებულება ჩვენს სახელმწიფოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სპეკულაცია მოხდება, კიდევ უფრო მეტად მოხდება რუსული ხაზის გამოყენება, რასაც ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა გამოიყენებს. ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოში ეთნიკური შუღლის გაღვივება აწყობს რუსეთს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პედალირებს ასეთ სენსიტიურ თემებზე, არჩევნების დროსაც უნდოდათ იქ სიტუაციის არევა, მაგრამ ვერ შეძლეს.
სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ არა ბოლომდე. რა გზა რჩება სახელმწიფოს იმისათვის, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია?
– რა კადრებსაც ვუყურებ, იკვეთება, რომ პოლიციის მხრიდან ნაკლებად იკვეთებოდა მყისიერი მოქმედება, თუნდაც ფიზიკური. იქ, სადაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი წყდება, ოპოზიციურად ანგაჟირებულ მედიას არ უნდა მივცეთ საშუალება ისაუბროს ორ ეთნოსს შორის დაპირისპირებაზე. იქ, სადაც საჭიროა უნდა გადაიდგას მკაცრი სამართლებრივი ნაბიჯები. ცოტა გასაკვირია, სადაც საჭირო არ არის, იქ დგამენ თამამ და მკაცრ ნაბიჯებს, მერე აღმოჩნდება, რომ სულაც არ იყო საჭირო. იქ, სადაც საჭიროა, სახელმწიფომ კანონიერი ძალა უნდა ანახოს და ყველას გააგებინოს, რომ განურჩევლად ეთნოსისა და რელიგიისა, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეა. შეიძლება ცოტათი მკაცრი ვარ, მაგრამ სხვანაირად სახელმწიფო ვერ შედგება. უნდა დასრულდეს თავზე ხელის გადასმა. ჩვენ, რომელიმეს გვეპატიება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ–ში კონტინეტზე არაკანონიერი მოქმედება? – არა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ არ იყო გამოყენებული შესაბამისი პოლიციური ძალები, მარტივი კითხვა ჩნდება – რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ სიტუაციის დროულად განმუხტვა?
– ზედმიწევნით მყისიერი მოქმედება იყო საჭირო. ეს რომ სხვა რეგიონში მომხდარიყო, შეიძლება ასეთი დოზით არ ყოფილიყო საჭირო რეაგირება, მაგრამ როცა ზუსტად იცი როგორ და რანაირად შეიძლება იქნას გამოყენებული, ზედმეტად მასშტაბური და მყისიერი უნდა ყიფილიყო რეაგირება, რაც არ იკვეთება. მომეჩვენა, რომ ლოიალობა იყო გამოჩენილი.
სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ლოიალობა, შესაძლებელია პრობლემა გახდეს სახელმწიფოსთვის?
– რა თქმა უნდა, და ზუსტად ამიტომ ვთქვი, სადაც საჭიროა, ჯობია, იქ ვიყოთ ლოიალურები, სადაც არაა საჭირო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული. სამწუხაროდ, ჯერ ბალანსს ვერ პოულობს, არაჯეროვანია სახელმწიფოს მოქმედება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. სასწრაფოდ უნდა მოხდეს იმ ჯგუფის იდენტიფიცირება, რომელმაც ამ დაპირისპირების გაღვივება მოახდინა. პრინციპში უკვე არის გონივრული ეჭვი, რომ ეს ვითრება შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მათ მიერ წარგზავნილ ახალგაზრდებზე არის საუბარი.
არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ აზერბაიჯანელი, უმკაცრესად, დეკლალირებულად, კანონის შესაბამისად უნდა იქნას დასჯილი ყველა. სხვანაირად არ შეიძლება. მართლა გავდივართ იმ წითელ ხაზზე, რომელიც ჩვენ ბუმერანგივით მოგვიბრუნდება. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ სახელმწიფოა და მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები. მარტივ კითხვას დავსვამ – ეს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი რომ ქართველებს შორის მომხდარიყო, იქნებოდა ასეთი სახის გაშუქება? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და არ დაუშვას მტრული ძალების და მათ შორის გარე ძალების ინტერესების ჩართვა ამ პროცესში.
საუკუნეებია, ცხოვრობენ ჩვენთან და არც სურვილი აქვთ და არც საჭიროება(!) იმისა, რომ ქართული ისწავლონ!
უყურებენ მხოლოდ თავისი ქვეყნის ტელევიზიებს, უსმენენ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის რადიოს, კითხულობენ (თუ კითხულობენ საერთოდ) მხოლოდ საკუთარ პრესას, დადიან თავიანთ ეკლესიებსა თუ მეჩეთებში.
ჩვენთან რომ ცხოვრობენ, ამას ადგილობრივი ხელისუფლება არჩევნების წინ შეახსენებთ ხოლმე.
*
დღემდე იმეორებენ (უფრო - ქართველები!) ერთ დიდ ტყუილს და შორს მიმავალ ბოროტ ცილისწამებას - ზვიად გამსახურდიამ წამოაყენა ლოზუნგი: საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო!..
იმეორებენ პერიოდულად - ზეპირ გამოსვლებში, პრესაში, წიგნებში... ზოგი - სიბრიყვის და ზოგიც - ფარული ანტიქართული მიზნების გამო.
არადა, გამსახურდიამ, დაახლოებით, ასეთი რამ თქვა: ქართული ენა არის საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ენა! ეს ენა უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ!.. ჩვენთან მცხოვრები სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და აპირებენ საქართვლოში ცხოვრებას, უნდა იცოდნენ ქართული! ვინც არ იცის, ჩვენ დავეხმარებით, რომ ისწავლონ , რათა ჰქონდეთ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში.
ხოლო, ვისაც ეს არ ნებავს, აფხაზების გარდა, ყველასა აქვს თავისი მეორე სამშობლო, არავის შორსა არა აქვს ის სამშობლო და შეუძლიათ წავიდნენო!..
*
რა არის ამაში ან ქსენოფობიური, ან შოვინისტური, ან ფაშისტურ-ნაციონალისტური, როგორც ცდილობდნენ მის წარმოდგენას მთელი მსოფლიოსთვის, რომ გაემართლებინათ ზარბაზნების ბათქი ქაშუეთის ეზოდან!
რომელ ქვეყანაში იძლევიან მოქალაქეობას ისე, ელემენტარულ დონეზე მაინც თუ არ იცი იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა?!