დმანისში მომხდარი ორიდღიანი დაპირისპირების ფონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, შერიგებით დასრულდა, ალბათ, გასააზრებელი და გასაანალიზებელია - რეალურად რა მოხდა, რატომ მოხდა და ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა. რა სახის საფრთხე შეიძლება ქვეყნის სახელმწიფოებრივობას შეექმნას, როდესაც ე.წ. ნისიის გამო დაწყებული ყოფითი კონფლიქტი მოულოდნელად სრულიად უკონტროლო ეთნიკურ შუღლსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალბათ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად დაინტერესდება, როგორ მოხდა ასე სწრაფად და მოულოდნელად ახალგაზრდების ჯგუფების ხელკეტებით და ქვებით მობილიზება. ვინ ან რა ძალები შეიძლება მის უკან იდგეს, როცა ერთი სოფლის და ქალაქის მაცხოვრებლები, მეზობლები ერთმანეთს ასე სასტიკად უსწორდებიან. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ დმანისში მომხდრი კონფლიქტის უკან დგანან გარკვეული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის პროვოცირებას ხელს უწყობენ? ხოლო ერთხელ ჩამქრალი ნაპერწკალი ნებისმიერ დროს ისევ შეიძლება გაღვივდეს.
მიუხედავად პოლიციის მცირე ძალებისა და სიტუაციის გამწვავებისა, მაინც უნდა ითქვას, რომ მასობრივი ჩხუბი, რომელიც უმსხვერპლოდ დასრულდა, წარმატებულ ოპერაციად უნდა შეფასდეს, რადგან, როცა 400-მდე ხელკეტით და ქვებით შეიარაღებული ადამიანები ჩხუბობენ, რთულია მტყუან-მართალი გამოავლინო, დააკავო მთელი სოფელი ან მისი ნაწილი. ამიტომაც მიდგომა, რომელიც შსს-მ სიტუაციის ჩასაცხრობად გამოიყენა, გამართლებული იყო, მაგრამ, ალბათ, ინციდენტის საბოლოოდ ამოწურვისთვის მუდმივი მუშაობა და კონტროლია საჭირო. ასევე დროული ანალიზის შემთხვევაში, პოლიციას ამდენი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა რათა სიტუაცია განმუხტულიყო.
მოვლენები კი ორი დღის მანძილზე ასე ვითარდებოდა: დმანისში დაპირისპირება 16 მაისს დაიწყო. გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები, სადაც სასურსათო მაღაზიასთან 2 ჯგუფის ჩხუბი ჩანს. კონფლიქტი ლუდის „ნისიად“ ყიდვის თხოვნაზე მაღაზიისგან უარის გამო დაიწყო. ამის შემდეგ კი მაღაზიის გამყიდველ ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალს, მყიდველი ეთნიკურად ქართველები ცემით დაემუქრნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საქმეში ქალის მამამთილი ჩაერთო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა სასტიკად სცემა. ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანელები კი ამ პირების დასჯას მოითხოვდნენ, რა დროსაც ეთნიკურმა ქართველებმა მათთან დაპირისპირება დაიწყეს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ თავს დაესხნენ და სახლებში შეუცვივდნენ. თუმცა ჩხუბში, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მონაწილეობდნენ.
ამის შემდეგ, უკვე 17 მაისს, ჯოხებით, ბეისბოლის ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებული ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის წრმომადგენლები ეთნიკურ ქართველებს დაუპირისპირდნენ.
მოვლენათა ეპიცენტრმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები ისევ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. მათ მხოლოდ პოლიციელთა მცირე ჯაჭვი ჰყოფდა, თუმცა ადგილობრივი ქართული თემის წარმომადგენლებმა ეს ჯაჭვიც მალევე გაარღვიეს.
ცენტრის შემდეგ მათ პოლიციის შენობასთან დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გადაინაცვლეს.
დმანისში მუსლიმი თემის სასულიერი ლიდერებიც ჩავიდნენ და მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს, შსს-ს კი ვითარების დეესკალაცია მოსთხოვეს.
შსს-მ დაგვიანებული მობილიზაცია გამოაცხადა. დაპირისპირებიდან 20 საათის შემდეგ კონფლიქტის ეპიცენტრში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სპეცრაზმი გამოჩნდა.
უწყება 2-დღიან უწყვეტ დაპირისპირებაზე ჯერ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა, დღის მეორე ნახევარში კი დმანისში ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჩავიდნენ.
ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ ქალაქში შეყვანილი დამატებითი ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქის შესასვლელები შუადღეს ჩაიკეტა და დაპირისპირების ეპიცენტრის მიმართულებით აღარავის უშვებდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დმანისში შესვლის მსურველებმა პოლიციელების კორდონი გაარღვიეს. დაუმორჩილებლობას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შესასვლელთან შეკრებილები ჟურნალისტების მიმართაც აგრესიით გამოირჩეოდნენ.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შერიგდნენ.
„მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა, ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ, რაც მისასალმებელია“, -განუცხადა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეთიბარ ემინოვმა.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით კი ამ დროისთვის დმანისში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული არავინ არის და არავის დაკავებას არ გეგმავენ. გომელაურის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.
თუ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულები, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პირები დააკავონ კიდეც.
რაც შეეხება თავად ინციდენტს - მინისტრის თქმით, პოლიციელები 5-6 ლოკაციაზე იყვნენ გადანაწილებული, დმანისში განვითარებულ მოვლენებში კი, მისი ინფორმაციით, თბილისიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული პირებიც მონაწილეობდნენ.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ცალკე საქმეა გამოყოფილი ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც. მინისტრის ინფორმაციით, მხარეების დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა. დმანისში საპოლიციო ძალები კვლავ რჩებიან.
„იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაძაბული ვითარება იყო, მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების შემდეგ განაცხადა.
ის ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ ესკალაციის საფრთხე აღარ იარსებებს.
„ეს არის ხალხი, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება, ამიტომ ამის განცდა ყველას აქვს, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი, როგორღაც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იემსის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ არსებულ პრობლემას არ უნდა გავექცეთ, რადგანაც თუ იმაზე რეალურად არ ვისაუბრებთ, რა მოხდა, მსგავს კრიზისს ნებისმიერ ადგილას, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ისევ მივიღებთ. მიქელაძე ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთი და იგივე მოჯადოვებულ წრეზე დავდივართ. ვხედავთ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო სიტუაციას ქმნის.
„რა თქმა უნდა, ეს ფაქტი შერიგებით უნდა დასრულებულიყო და ამაზე კარგი არაფერია. თუმცა ხელისუფლებამ რეალურად უნდა დაიწყოს კვლევა, რა იყო ამ დაპირისპირების გამწვავების მიზეზი. ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენაზე უნდა იმუშაოს. წლებია ამ რეგიონში ვმუშაობთ და აქ ყველაზე მძიმე რაც არის, ესაა ადგილობრივებს შორის სოციალური გაუცხოვება. მრავალფეროვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის - ესენი არიან ეთნიკურად ქართველები, ეთნიკური სომხები და ეთნიკური აზერბაიჯანელები - არანაირი სოციალური კონტაქტი არ არსებობს. სამწუხაროდ, ისინი სრულიად პარალელურ სოციალურ სივრცეებში ცხოვრობენ. მათ საერთო პროცესებში ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ.
ამავდროულად, აქ გვხვდება პოლიტიკური კლანების გავლენები. ეს კლანები ეთნიკური ნიშნით იმართება და შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი პოლიტიკური პროცესები რეგიონში მკვდარია. მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ პოლიციის მუშაობა მკვეთრად არაეფექტური იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილზე ვიყავით და მიმდინარე პროცესების განვითარებას უშუალოდ ვაკვირდებოდით. ყველა ეტაპზე სამართალდამცველებმა რეაგირება დააგვიანეს. სანამ ეს მასობრივი კონფლიქტი მოხდებოდა, პოლიცია პირველ მაღაზიის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მაგრამ ეს რისკები სწორად ვერ გაიზომა და მასობრივი დაპირისპირება მივიღეთ“, - ამბობს მიქელაძე for.ge-სთან.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებულმა დაპირისპირებამ საბოლოო ჯამში მძიმე სახე მიიღო. თუმცა მხარეების მობილიზებამ აჩვენა, რომ ეს კონფლიქტი წინასწარ დაგეგმილი თუ არა, ვიღაცის მიერ ნაფიქრი მაინც იყო. არეშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ისეთი ფსიქოლოგიური ფონია შექმნილი, რომელიც აზერბაიჯანის ყარაბაღში გამარჯვებასთან არის დაკავშირებული. ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელი საზოგადოება, რომელიც ქვემო ქართლში ცხოვრობს, თავს საქართველოს მოქალაქეებად არ თვლიან. ისინი საკუთარ თავს აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევენ და აქვთ განწყობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ფორმალურად არიან. იმ განწყობის ქვეშ არიან, რომელიც აზერბაიჯანში და ოფიცილურ ბაქოში სუფევს.
„აზერბაიჯანის პროპაგანდის გზავნილი ასეთია, რომ 2020 წელს მათ სამამულო ომში გაიმარჯვეს. აი, ასეთი განწყობით არიან ქვემო ქართლში ეთნიკური აზერბაიჯანელები და საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეებად ფორმალურად მიიჩნევენ. ისინი თავს აზერბაიჯანის ნაწილად თვლიან. ამ ფსიქოლოგიური ფონის გარდა, არსებობს ექსტრემისტების პატარა ჯგუფი, რომლებიც მესამე ქვეყნის დაკვეთით მუშაობენ.
აქ მხოლოდ რუსეთზე საუბარი არ შეიძლება. ადგილზე სერიოზულად სხვადასხვა ქვეყნის საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაციები მუშაობენ. რბილად რომ ვთქვათ, ახალგაზრდებზე სხვა ტიპის გავლენას ახდენენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არ ჯდება. რაც შეეხება მეორე მხარეს, რასაკვირველია, მათი დანაშაულიც ნათლად ჩანს. ვერ გეტყვით, რომ წინასწარ რამე ორგანიზებული ჰქონდათ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობაც კარგად ჩანს“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
რას აკეთებს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება და რა უნდა გაეკეთებინა კონფლიქტის ამ დონემდე გამწვავება რომ არ მომხდარიყო, არეშიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს, როგორც დმანისში, ასევე ქვემო ქართლის სხვა რაიონებში იმისთვის, რომ სახელმწიფო ინტერესები გაატაროს. ამ შემთხვევაში კი კონფლიქტოლოგი გულისხმობს, როგორც სახელმწიფო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს.
„სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს, რასაც ისინი არ აკეთებენ, ან ძალიან ცუდად აკეთებენ. ამ შემთხვევაში საუბარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზეც მაქვს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ყველაფერს კონტროლი უნდა გაუკეთოს, რაც არ ხდება. ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, რადგან იქ ხალხი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს. ადგილობრივი სპეცსამსახურები იქ მუშაობენ თუ არა ვერ გეტყვით, რადგან შედეგს ვერ ვხედავ. რასაკვირველია, სპეცსამსახურებს პრევენციული ღონისძიებების გატარება შეეძლოთ, მაგრამ მიღებულმა შედეგმა აჩვენა, რომ ეს არ მოხდა. პირველი ინციდენტის შემდეგ არც პოლიცია და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ განძრეულა. ეს ინციდენტი საფუძველშივე რომ მოეკლათ, გამწვავება აღარ მოხდებოდა“,-ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
ქართული (!) საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ხელკეტებით შეიარაღებული სვანები )!) , და არა ქართველები დაბრუნდნენ და ცემეს უიარაღო (!) ადგილობრივები(!) !!! არა და კარგად ჩანს, რომ ხელმეორედ მოსულ უ ი ა რ ა ღ ო ქართველებს დახვდნენ შ ე ი ა რ ა ღ ე ბ უ ლ ი აზერბაიჯანელები !!! ანუ შეიარაღებულები იყვნენ დამხდურები და არა "თავდამსხმელები" !!! ქართული (პირობითად, თორემ რეალურად მტრული) ტელევიზიები მუშაობდნენ ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ! განსაკუთრებით ორი ტელევიზია : "მთავარი" და "ტვ პირველი !!!
დამხვდურები ერთბაშად გამოცვივდნენ ხელკეტებით, ჯოხებით, ჩაქუჩებით და თვით უროთი(!) შეიარაღებულები!.. სავარაუდოდ, ეს "შეიარაღება" იმ სასურსათო მაღაზიაში არ იყიდება, რომ სპონტანურად წამოევლოთ ხელი!.. ე.ი. მომზადებულები იყვნენ...
..
.საბჭოთა პერიოდში რომ "მთავლიტის" ბეჭდის გარეშე სიტყვა ვერ გავიდოდა მასმედიაში, ეს შეიძლება ერთი უკიდურესობა იყო, მაგრამ დღევანდელ მეორე უკიდურესობას, როცა კაცი არ არის არაფრის გამკითხავი და ვისაც რა უნდა, იმას წერს და რატრატებს ტელეეთერებიდან, ამას ნამდვილად სჯობდა: ნაკლებად მავნებლური იყო!