„გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს“

„გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს“

საქართველოს არაერთი ლეგენდარული გენერალი ჰყოლია. მათ შორისაა, დაუმარცხებელ გენერლად აღიარებული, ოკუპანტი რუსების, თურქების, სომხების რისხვად მიჩნეული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ასევე, წითელ არმიასთან მებრძოლი გენერალი გიორგი კვინიტაძე.

სამწუხაროდ, გიორგი მაზნიაშვილის საფლავი უცნობია, პარიზში ემიგრაციაში მყოფი მაზნიაშვილი თანამემამულეთა ავანტურას გამოექცა, გამოექცა იმ ცილისწამებას, თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა მტერს გადასცა აჯანყების გეგმა, რაზეც მაზნიაშვილმა უპასუხა, „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს“. უმადურ მენშევიკებთან ემიგრაციაში ყოფნას ისევ თავისი მტრის -ბოლშევიკების მიერ გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნება არჩია, სადაც ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვიტეს და შვილიც მის გზას გაუყენეს. სამაგიეროდ, დაგვრჩა მისი ისტორიული სიტყვები: „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკების, მე ვარ საქართველოს გენერალი“.

რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მთავარსარდალს გიორგი კვინიტაძეს, იგი საფრანგეთში ემიგრაციაში გარდაიცვალა. სულ მალე, 22 მაისს მის ნეშტს საფრანგეთიდან თბილისში ჩამოასვენებენ და 26 მაისს მთაწმინდაზე ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი გენერალ კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

„არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“, - გიორგი კვინიტაძე მართლაც გადაურჩა ტყვიას და ემიგრაციაში გადაიხვეწა. იმ დროს, როცა საფრანგეთში თავშეფარებული მენშევიკური მთავრობის წევრები ერთმანეთთან დაპირისპირებით იყვნენ დაკავებულნი, გენერალ კვინიტაძეს საქართველოს ყოფილმა მთავრობამ სუბსიდია შეუწყვიტა და ოჯახის შესანახად ის ხან გრამფირფიტების კომპანიაში მუშად მუშაობდა, ხან მაწვნის გაყიდვით ირჩენდა თავს.

თავის დროზე მომავალი გენერლის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ძეგვის მიდამოებში ფარაჯაში გამოწყობილ გლეხთან შეხვედრამ. კვინიტაძე მაშინ 15-16 წლის სამხედრო სკოლის მოწაფე იყო, როცა გზადმიმავალს ძეგველი გლეხი გამოელაპარაკა:

- სალდათი ხარ?

- არა, სალდათი არ ვარ.

- მაშ რად გაკვრია პაგონები?

- სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ.

- როცა გაათავებ სკოლას, სალდათი იქნები?

- არა, თუ სკოლა გავათავე, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ ორი წელიწადი სამხედრო საქმეს მასწავლიან... თუ კარგად გავათავე სწავლა, ვიქნები ოფიცერი.

- მერე, რაო? -კიდევ მკითხა გლეხმა, გამიჭირა საქმე და ვუთხარი, გენერალი ვიქნები-თქო.

- მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი-ო.

- მერე შენ რა, ვიქნები გენერალი თუ არა?

- როგორ თუ რა? -მომიგო უცბად - გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს. შევხედე გაკვირვებულმა და ვუთხარი: რას ამბობ, რუსები ბევრნი არიან, მძლავრნი არიან.

- მერე რა, - ამაყად მიპასუხა, თუ ჩავერიე თქვენს როტაში, ამ სახრით ათ კაცს გადავაბრუნებ.

სახლში მისულმა გიორგი კვინიტაძემ ძეგველ გლეხთან შეხვედრის ამბავი მამას მოუყვა, რომელმაც 58 წელი გაატარა რუსის ჯარში. მამამ უთხრა, „რად გაგიკვირდა, ჩვენში არაერთხელ ყოფილა ასეთი ამბავი, როცა ჩვენი სამშობლოდან გაგვიგდია უფრო მძლავრი მტერი, მაგათ, უბრალო ხალხს დაუჯერე, ესენი არ გიღალატებენ, ნასწავლ ხალხზე კი რა გითხრა, შენ თვითონ ნახავ“.

გენერალ კვინიტაძის შესახებ დღემდე მსჯელობენ, რამდენად სწორად მიიღო მან მე-11 წითელ არმიასთან თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ უკანდახევის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რასაც გენერალი მაზნიაშვილი ეწინააღმდეგებოდა და, რასაც საქართველოს ოკუპაცია მოჰყვა?! როგორც ისტორიოგრაფიაშია ცნობილი, კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრირების გამო მიიღო, რაც, მისი მოსაზრებით, დედაქალაქის დამცველ ქართველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თბილისიდან უკანდახევის შემდეგ ჩვენი ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა...

„იმ ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება, ვერ გაიგონებ“,-უთქვამს გენერალ კვინიტაძეს. ბევრმა არ იცის, რომ კვინიტაძე, სინამდვილეში, გვარად ჩიქოვანი იყო. მისი ბაბუა, სიმონ ჩიქოვანი, რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ თურქეთში გაჰყვა სოლომონ მეფეს, შვილი ივანე კი საქართველოში, ციციშვილების ოჯახში დატოვა, 14 წლის ივანემ გვარი კვინიტაძედ გადაიკეთა და დაღესტნის მილიციაში ჩაეწერა. სწორედ დაღესტანში დაიბადა მომავალი გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი სარდლობით გათავისუფლდა ახალციხე და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთ-საქართველოს ომის დროს, რომ არაფერი ვთქვათ 1921 წელს წითელ არმიასთან რამდენიმე შტურმის მოგერიებაზე, თუმცა 24 თებერვალს ვითარება თბილისის დამცველთა საწინააღმდეგოდ შეიცვალა.

ცნობილია, რომ გიორგი კვინიტაძეს ჟორდანიას მთავრობასთან კარგი დამოკიდებულება არ ჰქონია, კვინიტაძეს ხშირად ითხოვდნენ სამსახურიდან, მაგრამ ისევ აბრუნებდნენ, რადგან კარგი სტრატეგოსი იყო.

გენერალ კვინიტაძეს თავისებური შეხედულება ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. მას მიაჩნდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებდა დამოუკიდებლობას თუნდაც იმიტომ, რომ თამარ მეფე ხშირად ესაუბრებოდა ხალხს არა როგორც ხელმწიფე, არამედ როგორც მორჩილი მოსამსახურე თავისი ერისა. ასეთი დამოკიდებულება საქართველოში ყოველთვის შეიმჩნეოდა, როგორც ევროპაში. ამიტომ ჩვენ უფრო მზად ვიყავით დემოკრატიული მმართველობისთვის, ვიდრე რუსეთი.

 

Katana . ხარ ხორციელი -
სიდიადეს ვინ დაგიჯერებს! -
სხეული შენი
შენ უღმერთოდ გაპატარავებს.
ღმერთიც რომ იყო -
სიტყვას შენსას შორს დაიჭერენ!
- პატივს გცემს ვინმე?
- გიცნობს ვინმე?
- ალბათ, არავინ!

რას წარმოიდგენს
თავისთავად შენი ცხოვრება?
- მუდამ,
ყოველდღე -
იმედების გაბედითებას!
- რა გელოდება?
- არაერთხელ ჩაიქოლები!
- კიდევ რა გელის?
- ჯვარცმა!
- მერე?
- მერე... დიდება! -
ოდეს
ხორცისგან განიტვირთები!
(მუხრანი)
*
დიდი კაცი გვყავდა ჩვენ კვინიტაძე!
იმპერატორმა ნიკოლოზმა საკუთარი ხელით მიაბნია მკერდზე რკინის ჯვარი - იაპონიასთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის...
სამშობლოში დაბრუნებულს კი ისე ექცეოდნენ, როგორც გვაქვს წესი მოვექცეთ გამორჩეულად ნიჭიერ თანამემამულეებს:
დასჭირდებოდათ მამაცი და ჭკვიანი სარდალი - ჩააბარებდნენ ჯარს.
მოიგებდა - გაუშვებდნენ და სამხედრო საქმის სრულიად უმეცარს მოიძიებდნენ ისტებლიშმენტში ვინმეს , იმას დანიშნავდნენ.
იმიტომ გახდა იძულებული, შეეწყვიტა ბრძოლა 21-ში - აზრი აღარ ჰქონდა.
...დადიოდა პარიზის ქუჩებში ეს უმამაცესი და უნიჭიერესი ქართველი სარდალი და მაწონს ყიდდა.
უბედური საქართველო.
მიცვალებულების მოყვარული საქართველო.
3 წლის უკან
Maverick Katana, მეგობარო, ბედკრული საქართველო არ არის მიცვალებულების მოყვარული, იგი მოითხოვს მის მიერ გაზრდილი შილების თავის წიაღში დაბრულებას, რითაც პოლი-ტრიკო-სები კარგად ითბობენ ხელებს!
3 წლის უკან
სერმინე ორივე მართალი ბრძანდებით.
3 წლის უკან
სერმინე ორივე მართალი ბრძანდებით.
3 წლის უკან
XALIBI სამხედრო კადრი საქართველოს არასდროს აკლდა, მთავარი იყო და არის მისი შერჩევა და სწორი მიმართულების მიცემა....... ხშირად ცდებოდნენ ხელისუფალნი საქართველოში ამ კუთხით და ამის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით...................
3 წლის უკან