მსოფლიოს ყურადღება, დღეს, ისრაელ-პალესტინას შორის არსებული კონფლიქტისკენაა მიპყრობილი. „ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აქვე აღნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ სრული ძალით მოქმედებას და ყველაფერს გააკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მათი სამიზნე მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებია. სამშვიდობო მოლაპარაკებებში მსოფლიო თანამეგობრობა აქტიურად ერთვება. გაერო „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზე ალაპარაკდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, შესაძლოა, დაწყებულმა დაპირისპირებამ საკმაოდ სახიფათო სახე მიიღოს. ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უნდა იქნეს გაჟღერებული საქართველოს პოზიციაც. ექსპერტი ამბობს, რომ დღეს, ისრაელს ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან უწევს და არ გამორიცხავს, უახლოეს პერიოდში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს.
ვახტანგ მაისაია: მთელი საზოგადოების ვალია ამ პროცესებში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მოლაპარაკებები უკვე დაიწყო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ასევე პროცესებში ჩაერთო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს მედიაციას მხარეებთან და იმედია, ასევე, გაჟღერებული იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც, მოუწოდონ მხარეებს სიმშვიდისკენ. ფაქტობრივად, ახლო აღმოსავლეთში ამ მძიმე გამოწვევამ მთელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა თავდაყირა დააყენა. სიტუაციის გამწვავებას არავინ მოელოდა, განსაკუთრებით ღაზას სექტორში. თუმცა, ღაზას სექტორსა და რამალას, მეორე ავტონომიის ტერიტორიებზე, არასტაბილურობის კერები ყოველთვის იყო, მაგრამ, ასეთი სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია მე პირადად არ მახსოვს. სიტუაცია ღაზას სექტორსა და ისრაელში საკმაოდ მძიმეა. მე, როგორც სამხედრო პოლიტოლოგმა, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს საკმაოდ სერიოზული კონფლიქტია, რომელიც როგორც დაბალი სამხედრო ინტენსივობის კონფლიქტი, დაიწყო და იმედია, რომ ლოკალური ომის დონეზე არ ავა.
ლოკალურ ომში იგულისხმება ირანსა და ისრაელს შორის არსებული საომარი მოქმედებების დაწყება. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს. ის ეხმიანება ისეთი არაბული ტერორისტული ორგანიზაციის დოქტრინებს, როგორიცაა „ჰამასი“, „ჰესბოლა“ და ა.შ. ეს ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო, საშიში ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ისინი ასევე გაერო-ს ანტიტერორისტული კომიტეტის რეესტრშია შეყვანილი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ისრაელს ბრძოლა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ტერორიზმთან უწევს.
მინდა, აღვნიშნო ის გარემოება, რომ ირანსა და ისრაელს შორის სახმელეთო ოპერაციების დაწყება საკმაოდ რეალური სცენარია. ირანი და ისრაელი ლოკალური ომის სცენარის განვითარებასთან ჯერ კიდევ შარშან იყვნენ ახლოს. მაშინ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერია და ეს პროცესი შენელდა.
თქვენ, როგორც ექსპერტი, სამხედრო მოქმედებების სირთულიდან და მომზადების დონიდან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ ეს დაპირისპირება მოუმზადებლად დაიწყო? პალესტინელი ოჯახების გამოსახლება და ალ-აქსის მეჩეთის საპოლიციო რეიდი მხოლოდ საბაბი ხომ არ იყო საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად?
- ვფიქრობ, ისრაელის წინააღმდეგ შეტევა წინასწარ დაგეგმილი და კარგად კოორდინებული იყო. პალესტინურმა რადიკალურმა ჯგუფებმა, ფაქტობრივად, „ინტიფადა 2 -ის“ პროცესი დაიწყეს. „ინტიფადა“ დაუმორჩილებლობისა და აჯანყების მომენტია. პირველი „ინტიფადა“ 1987-90 წლებში იყო. ოფიციალურად პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასია, რომელიც არის „ფათხის“ ზომიერი პალესტინური გაერთიანების ლიდერი. ჰამასმა ხელში ჩაიგდო სიტუაცია ღაზას სექტორში. ღაზას სექტორი, ფაქტობრივად, ანკლავად გადაიქცა, სადაც საშიში ტერორისტების მომზადება ხდება. ეჭვს იწვევს ის, თუ როგორ მოახერხეს „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა სერიოზული სარაკეტო კომპლექსების შეტანა, რადგან ისრაელის მიმართულებით ბოლო დღებში 1 400-მდე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ასეთი სერიოზული შეტევა ამ კონფლიქტის მანძილზე არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, „ჰამასისა“ და სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ ასეთი ტიპის ქმედებების დაწყება წინასწარ იყო დაგეგმილი. ეს იყო კარგად კოორდინირებული ქმედება.
პალესტინის რადიკალური ჯგუფები ელოდებოდნენ საბაბს, ეს საბაბიც გაჩნდა, როცა საუბარი იყო იერუსალიმის მარჯვენა ნაპირიდან პალესტინური ოჯახების გასახლების თემაზე. მეორე საკითხი ალ-აქსის მეჩეთთან შეტაკებებს ეხებოდა. დიახ, „ჰამასმა“ ეს ისრაელზე თავდასხმების საბაბად გამოიყენა. ორივე მხარე უკვე სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება. რა თქმა უნდა, ისრაელი საპირისპირო ქმედებას ახორციელებს. უნდა ვთქვათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას სექტორშიც იღუპება. ეს ტრაგიკული მოვლენაა. ვანდალური ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელის მოსახლეობის მიმართ უნდა შეწყდეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორივე მხარე ადასტურებს იმას, რომ მდგომარეობა ესკალაციის ზღვარზე მივიდა. შეიძლება, უახლოეს ხანში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. ამ დაძაბვის შემდეგ კი შესაძლოა, მხარეები გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რკინის გუმბათი, საკმაოდ ეფექტურია, ეს არის ჩრდილოეთით გამაგრებული. მე როგორც სამხედრო პოლიტოლოგი, ანალიტიკური ეჭვის საფუძველზე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, და შემიძლია მოვიყვანო სამი ფაქტორი: პირველი - ასე უცაბედად, მოუმზადებლად, ათასს ოთხასი სარაკეტო დარტყმის მიყენება შეუძლებელია. ასეთ მომზადებას სჭირდება სულ მცირე, 2-3 თვე. ასევე, ამერიკის საზღვაო ძალებმა, მოახდინა საკმაოდ დიდი გადამზიდი გემის დაჭერა, რომლის გემბანზე აღმოჩენილი იქნა, რუსული და ჩინური წარმოების საბრძოლო იარაღი, რომელსაც გამოიყენებენ ჰიბრიდული ომის წარმოებისათვის. ეს ყველაფერი, რატომღაც მიედინებოდა სუეცის არხის მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი მიედინებოდა „ჰამასის“ მებრძოლებისათვის. ასევე, საეჭვოდ დაემთხვა კიდევ ამერიკის მილსადენებზე შეტევა, რომელმაც ამერიკის ეკონომიკის პარალიზება მოახდინა. ესეც შეიძლება ამ მომენტებს მივუსადაგოთ, ვინაიდან ამერიკას საკმაოდ სერიოზული ზარალი მიადგა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს იყო რუსული კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული შეტევა. რუსეთი არის ავტორიტარული ქვეყანა, იქ ჩიტიც კი ვერ გაიფრენს სახელმწიფოს ნებართვის გარეშე და უცნაურია, ასეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძო კომპანიამ როგორ გაბედა ასეთი სერიოზული კიბერშეტევის განხორციელება? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. რატომღაც რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა დაიკავა ერთიანი პოზიცია, მათ მხარი დაუჭირეს პალესტინური დაჯგუფების წარმომადგენლებს, ესეც საკმაოდ საეჭვო მომენტია.
თქვენ თქვით, რომ ამ პროცესებში არ არის გამორიცხული ირანის ჩართვა, დაშვების თვალსაზრისით, ეს რეალურია და თუ მართლაც მოხდა ასეთი რამ, როგორი იქნება მხარეებს შორის ძალთა ბალანსი, ხომ არ გამოიწვევს ეს ჯაჭვურ რეაქციას და პროცესების გაფართოვებას?
- ირანის ამ პროცესებში ჩართვა არის სერიოზული მომენტი. ირანს გააჩნია საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა, ასევე მან მიიღო საკმაოდ სერიოზული შეიარაღება რუსეთის ფედერაციისაგან და სხვა სახელმწიფოებისგან. ანუ, დღეს ირანის და ისრაელის ძალთა თანაფარდობა არის თანაბარი, ირანსა და ისრაელს, დღეს, პირველად გაუჩნდათ საერთო სახმელეთო კომუნიკაციური შეხების წერტილები, რაც ადრე არ ყოფილა. საუბარია სირიის ტერიტორიაზე არსებული პროირანული და ირანული სამხედრო შენაერთების განთავსება და იქ არსებული საბრძოლო მოქმედებები ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად, პლუს ჰესბოლას დაჯგუფება, ეს ყველაფერი კი არის საკმაოდ სერიოზული ძალა, მიმართული ისრაელის წინააღმდეგ. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. ლოკალური ომის ტენდენცია ამ ეტაპზე არის დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, პალესტინურ დაჯგუფებასა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის. იმედია, ეს არ გადაიზრდება ლოკალური ომის დონეზე, რადგანაც ეს უკვე იქნება ისრაელსა და ირანს შორის საომარი მოქმედებები.