ექსპორტი მოულოდნელი ტემპით იზრდება და უკვე პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა

ექსპორტი მოულოდნელი ტემპით იზრდება და უკვე პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბა

ექსპორტში დიდი ნახტომია და ეს უკვე ოფიციალური მონაცემებითაც დადასტურდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 929.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 199.0 მლნ აშშ დოლარი იყო, (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს ფაქტი აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება.

„აპრილში საქართველოდან 70.2%-ით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს მისი აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითაც ვეხმარებით ქართულ მეწარმოებას, სოფლის მეურნეობას, წარმოებას, თავისი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა თურნავამ.

დეტალურ ანალიზს აკეთებენ სპეციალისტები. სტიტისტიკოსი სოსო არჩვაძე იმედინადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მომავალი თვეებში უფრო უკეთეს შედეგზე გავალთ.

„სავაჭრო ბრუნვა აპრილში (1127.4 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 60.9 პროცენტით, მათ შორის ექსპორტი - 70.2 პროცენტით, იმპორტი კი - 56.5 პროცენტით. აღნიშნული მაჩვენებლები არა მარტო საგრძნობლად აღემატებიან წლის პირველი სამი თვის ანალოგიურ მაჩვენებლებს, არამედ ხარისხობრივად უკეთესნი არიან მათზე (იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წლის იანვარ-მარტთან მხოლოდ 99.3% შეადგინა, ექსპორტი გაიზარდა 5.3%-ით, ხოლო იმპორტი შემცირდა 2.4%-ით)“, - განაცხადა არჩვაძემ და დასძინა, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ აპრილში შეადგინა 50.5 პროცენტი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია (2020 წლის აპრილში - 46.4%; 2021 წლის იანვარ-მარტში - 42.0%; მთლიანად 2021 წლის იანვარ-აპრილში - 43.9%).

მისი თქმით, მიმდინარე წელს თვიდან თვემდე მკვეთრად, ყოველთვიურად საშუალოდ 51.3 მლნ. აშშ დოლარით იზრდება საქართველოს ექსპორტის მოცულობა.

„იზრდება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით თანაფარდობის მაჩვენებელიც: თუ ჯერ კიდევ იანვარში აღნიშნული მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელს ჩამორჩებოდა 16.2 პროცენტით, თებერვალში მან უკვე გადააჭარბა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით, მარტში - 30.6 პროცენტით, ხოლო აპრილში - უკვე 70.2 პროცენტით. ექსპორტის თვეებს შორის 2021 წლის აპრილი სიდიდით (378.3 მლნ. აშშ დოლარი) მეორე ადგილზეა - 2019 წლის დეკემბრის (396.0 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ. ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს თანაფარდობა სავაჭრო ბრუნვასთან რეკორდულად დაბალი (-32.0%) იყო (იანვარ-აპრილში მთლიანად - -39.0%)“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ასეთი მნიშვნელოვანი მატება ე.წ. „საბაზო ეფექტით“ არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი - 222 მლნ დოლარის ექსპორტი სწორედ აპრილში დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი არა მხოლოდ შარშანდელ, არამედ კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც აღემატება. შედარებისთვის, 2019 წლის აპრილში საქართველოს ექსპორტი 311 მლნ დოლარი იყო, შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 21.6%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 მაისს გამოაქვეყნებს. სწორედ დეტალური ანგარიშიდან გაირკვევა, თუ რა კატეგორიის საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.