საპენსიო სააგენტო მნიშვნელოვანი ინვესტირებისთვის ემზადება. ინვესტირების პროცესი უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ცენტრალური დეპოზიტარი შეირჩევა. გლობალურ ბაზარზე ფასიან ქაღალდებში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებით, სააგენტო ელის, რომ გრძელვადიან პერიოდში თანხებზე დარიცხული მომგებიანობა დღეს არსებულზე 11%-ით მეტი იქნება.
„ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ 2-3 კვირაში დასრულდება. მოხდება სავალუტო დივერსიფიკაცია და ისეთ ფასიან ქაღალდებს შევიძენთ, სადაც გვექნება ზრდის პოტენციალი, ანუ, ფულს განვათავსებთ აქციებში, ინდექსებსა და ფონდებში“, - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.
ამჟამად საპენსიო აქტივები ქართულ კომერციულ ბანკებშია განთავსებული და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. ბოლო მონაცემებით, საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.
საპენსიო ფონდი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტად განიხილება. საპენსიო დანაზოგების კაპიტალის ბაზარზე გააქტიურება ჯერ კიდევ შარშან საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციისას დაანონსდა. ფინანსტისტები და ეკონომისტები ამას იწონებენ და ამბობენ, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა, შესაძლოა, სწორედ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირდეს. თუმცა ამის შესაძლებლობა საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების ინვესტირების დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ არის დაშვებული.
ამჟამად თანხა ბანკებში სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაწესებული შეზღუდვები საპენსიო სააგენტოს ხელ–ფეხს უკრავს და ბლოკავს ინვესტირებას ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში. სპეციალისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზარი მზად არ არის.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტის ლევან სურგულაძის შეფასებით, თავდაპირველად იგეგმებოდა საპენსიო თანხები გამხდარიყო ის საინვესტიციო ბაზა, რომელიც საფონდო ბირჟის განვითარებას შეუწყობდა ხელს, თუმცა საბოლოოდ მილიარდნახევარი ლარი ბანკებში განათავსეს.
„ბირჟის ნულოვანი ბრუნვა ჩემთვის გასაკვირი არ არის, ეს წლებია ასეა. ჩვენთან, უბრალოდ, არ არის კაპიტალის ბაზარი და მის განვითარებას უნდა თავიდან დაწყება და სჭირდება საკანონმდებლო ბაზის განვითარება, სამუშაო ჯგუფის შექმნა და ა.შ. აქ მრავალწახნაგოვანი პრობლემაა და ბევრი სამუშაოა. დღეს კაპიტალის ბაზარი არ გვაქვს, შესაბამისად ბირჟაზე საბრუნავიც არაფერია.
საუბარი იმაზე, რომ ბირჟა არალიკვიდურია, არასწორად მიმაჩნია. საქართველოში როგორც მინიმუმ, კაპიტალის ბაზა უკვე არსებობს, მაგალითად მილიარდნახევარი ლარი საპენსიო ფონდში დაგროვილია, რომელიც ბანკებში განათავსეს. ამ რეფორმას როცა ვიწყებდით, იმაზე იყო დამყარებული იმედი, რომ თუ სხვა არა, კაპიტალის ბაზარზე აქტიურობის დაწყებას შეუწყობდა ხელს, რადგან კომპანიებს მოუნდებოდათ ამ თანხებზე წვდომა. ეს თანხები კი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებში და კომპანიებისთვის იქნებოდა სტიმული, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები გაჩენილიყო. ახლა საპენსიო სააგენტოს პოლიტიკაა, რომ ის ბანკებში იყოს განთავსებული, რასაც არ ვეთანხმები. ეს უნდა იყოს ის საინვესტიციო ბაზა, რომელმაც კაპიტალის ბაზრის და საფონდო ბირჟის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, ის კი ბანკებში განათავსეს.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებთან კონკურენციას, პირველ რიგში, სხვა პრობლემები გვაქვს, ეს უფრო მერე უნდა მოგვარდეს. კომერციული ბანკები არიან ექსკლუზიური მოკავშირეები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ხოლო თუ გაჩნდება ალტერნატიული ბაზარი, რა თქმა უნდა, ეს კონკურენციას გაუწევს მათ, თუმცა ეს სამომავლო საკითხია“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლევან სურგულაძემ.
"კარგი" გადაწყვეტილებაა, საქართველოში სამრეწველო და ეკონომიკური პოტენციალის და-ღორ-ძინებას "მორჩით" და ახლა საზღვაგარეთის გლობალურ ბაზარზე ფასიან ქაღალდებში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებით სხვა უნდა აა-ღორ-ძინოთ, მაგრად გაჟიჟინებთ აი?!
ერთ დღესაც მაგ თქვენმა შერჩეულმა ფაიანი ქაღალდების გამავრცელებელმა გაკოტრება რომ გამოგიცხადოთ, მერე სად მიდიხართ, ვინ იქნება დამნაშავე?!
ალბათ მეისრეც გყავთ შერჩეული!