ქვეყანაში მცირე კომპანიების რაოდენობა 30%-ით არის შემცირებული, ხოლო აღნიშნულ კომპანიებში დასაქმების მაჩვენებელმა 18%-ით იკლო. ყველაზე დიდი პრობლემები ჰორეკას სექტორშია, თუმცა არც სხვაგან არის უკეთესი ვითარება. მაგალითად, საქმე ისე მიდის, რომ ტექნიკის ბაზარზე სულ 5-6 ბრენდული კომპანია თუ დარჩება.
ეკონომიკაში შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, თუმცა მცირე და საშუალო კომპანიებს კრიზისის დაძლევა უჭირთ. 2,5-3 თვეში 1700-ზე მეტი კომპანიაა გაკოტრებული და ეს პროცესი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კიდევ გრძელდება. ეპიდემიის გამო ათასობით ბიზნესი გაკოტრდა ან გაკოტრების ზღვარზეა.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში უკვე გაჩერებულია ათასობით კომპანია, ზოგი - დროებით, მაგრამ არცთუ ცოტაა ის ბიზნესიც, რომელიც საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიან.
„ეპიდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. მცირე და საშუალო ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ადრე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ნაღდი ფულის კატასტროფული დეფიციტია ქვეყანაში და ეს პრობლემა არის დღესაც, რაც კომპანიებს აკოტრებს. შემოსავლები არ არის, შესაბამისად, ფინანსური რესურსი მოაკლდათ.
ათასობით კომპანია გაკოტრდა. როდესაც ეპიდემია გადაივლის და ეკონომიკა თანდათან აღიდგენს ძალებს, არ ვიცით, რამდენი გააგრძელებს მუშაობას და რამდენი შეიძლება საერთოდ გაჩერდეს. ნეგატიური მოლოდინებია, რაც განპირობებულია იმითაც, რომ ბანკებმაც შეაჩერეს სესხები ბიზნესზე, ამიტომ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეეზღუდათ. ეპიდემიის მეორე ტალღამ და ამით გამოწვეულმა ნაწილობრივმა ლოქდაუნმა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჭელიძემ.
მძიმე ვითარებას ადასტურებენ უშუალოდ ბიზნესში ჩართული ადამიანები. არა მარტო ჰორეკა სექტორში, არამედ, ტექნიკის ბაზარზეც რთული ვითარებაა. საბოლოოდ, ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება, დანარჩენებმა დაკეტვა-გახსნის რეჟიმს ვერ გაუძლეს - ასეთია „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექის მოსაზრება.
„მოხდა ისე, რომ რამდენიმე ქსელი ბაზრიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლოქდაუნის შემდეგ, გაყიდვების ტენდენცია არ არის ცუდი, მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება, დანარჩენებმა დაკეტვა-გახსნის რეჟიმს ვერ გაუძლეს. რჩებიან კომპანიები, რომლებსაც ექსკლუზიური ბრენდები აქვთ და ისინი აგრძელებენ საქმიანობას.
ქვეყნაში ეკონომიკა მცირდება და ცხადია, ეს აისახება მსყიდველუნარიანობაზე, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ტექნიკაზე მოთხოვნა დიდად არ შემცირებულა. პირველ კვარტალში 2-3%-ზე მეტად არ შეგვმცირებია 2019 წელთან შედარებით, რაც უმნიშვნელოა პანდემიის ფონზე. თუ მეორე და მესამე კვარტალში იგივე იქნა, ჩავთვლით, რომ პანდემიის მიუხედავად 2021 წელი კარგად გავიარეთ. ახლა მთავარია, იქნება თუ არა შემდეგი ლოქდაუნი, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, - განაცხადა მეჯჰმეთ მელექმა „ბინესპრესნიუსთან“ საუბრისას.
პრობლემა არის აგრეთვე იმ მხრივ, რომ ფაქტობრივად არც ერთი შემთხვევა არ არის, კომპანიებს გაკოტრება ოფიციალურად გამოეცხადებინათ და ეს პროცესი შესაბამისი იურიდიული პროცედურების დაცვით დასრულებულიყო. არადა, ყველა ნორმალური ქვეყანა გადის ამ პროცესს, ონლაინ-აუქციონები ეწყობა და დაინტერესებული პირები აქტიურად არიან ჩართული. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, გაკოტრებულმა კომპანიამ დარჩენილი ქონებაც დაკარგოს, ინვენტარი და სხვა საოფისე საქონელი, როდესაც შეეძლო აუქციონზე გაეყიდა და სარგებელი მიეღო.