„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მისი კლიენტის ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნება გამორიცხა. მენდეშმა პორტუგალიურ გამოცემა Record-ს განუცხადა, რომ კრიშტიანუს ახლა სხვა გეგმები აქვს.
„კრიშტიანუ რონალდუ ამაყობს „სპორტინგის“ მიერ მოპოვებული ტიტულით, მან ეს საჯაროდაც აჩვენა (სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა). მაგრამ, ამჟამად მისი კარიერული გეგმების პორტუგალიაში დაბრუნებაზე არ გადის“, - თქვა მენდეშმა.
შეგახსენებთ, „სპორტინგში“ კრიშტიანუს დაბრუნებაზე ხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც დედამისმა დოლორეს ავეირომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ შვილს დაელაპარაკებოდა და ლისაბონურ გუნდში მომდევნო სეზონში თამაშზე დაარწმუნებდა.
36 წლის ფეხბურთელის მომავალი ამ ეტაპზე მაინც გაურკვეველია. მას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი შანსია იტალია ზაფხულში დატოვოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, რისი შანსიც ძალიან დიდია. რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 100 გოლის გატანა მოახერხა.