ქართველი პოლიტვეტერანები კიდევ ერთხელ, დიდი სინანულითა და მწარე გულისტკივილით აღვნიშნავთ: დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ, ჩვენდა სავალალოდ, ჯერაც ვერ შეძლო მიწის სისტემური პოლიტიკის საფუძვლების შექმნა. ყველა მთავრობა და სამწუხაროდ, მათ შორის - დღევანდელიც, გარდა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ლენინის დეკრეტით ექსპროპრირებული და დღევანდელი სახელმწიფოსთვის საბჭოური მემკვიდრეობით დატოვებული ქართული მიწის სრულიად უპირობო პრივატიზებისა, არც არაფერს და ვერც ვერაფერს სთავაზობს ქართველ ერს.
სულ ახლახანს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მორიგი მასშტაბური და სამწუხაროდ, როგორც ეს სჩვეოდა ყველა წინამორბედ მთავრობას - ისევ, ფაქტობრივად, უპირობო პრივატიზება გამოგვიცხადა. პრივატიზებას ექვემდებარება 11 000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათ შორის, არა მხოლოდ სახნავი, არამედ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საერთო-სათემო სარგებლობის სათიბიბებიც! ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ გახარიას მთავრობის მიერ 2020 წლის 23 ივნისს მიღებული დადგენილება, რითიც დამტკიცდა „სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდის სახელმწიფო პროგრამა“. დღევანდელმა მთავრობამ ამ დადგენილებაში ა/წ 8 აპრილსა და 11 მაისს შეტანილი ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად გაზარდა ეს „ხელმისაწვდომობა“ რაიმე კონკრეტული პირობის დადების გარეშე, მოხსნა სასოფლო-სამეურნეო დანიშულების, მათ შორის სათიბებისაც (!), იჯარით გაცემულ 10 ჰა-ზე მეტი ფართობების პრივატიზების შეზღუდვა და დააწესა 25%-იანი ფასდაკლება. აშკარაა - „მიწის რესურსის ხელმისაწვდომობის“ ამგვარად გაზრდით, საკუთარ სამკვიდროზე ქართული სოფლის უფლება კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა ვიდრე ოდესმე, სწორედ ეს - უპირობო პრივატიზების ე.წ. ხელმისაწვდომობა, წარმოადგენს სამკვიდროზე სოფლის უფლებათა შეზღუდვისა და, აქედან გამომდინარე, მისი გარდაუვალი ხელმოკლეობის უმთავრეს საწინდარს; უდიდეს საფრთხეს, რითიც ქართულ სოფელს, პირდაპირი მნიშვნელობითაც ფეხქვეშ ეცლება ნიადაგი, მისი სამკვიდრო. სამკვიდრო მოკლებული სოფელი კი, სადაც არ არსებობს სათემო უფლებები მარჩენალ მიწაზე, მათ შორის - სასიცოცხლოდ აუცილებელ სათიბებზე, განსაკუთრებით მთაში, უნიადაგოა, უფესვოა, განწირულია ან ხიზნობისათვის, ანდა სულაც უარესი: ეს მისი სამოქალაქო სიკვდილის განაჩენის ტოლფასია!
ცხადია, მიწის პრივატიზება, კერძო საკუთრებაში გადასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვებიცა და მისასალმებელიც, როდესაც არა მხოლოდ კერძო, არამედ კონკრეტულ და არა აბსტრაქტულად მოაზრებულ - აქაოდა, საბაზრო ეკონომიკას ასე სჭირდებაო - საზოგადო, უპირველეს ყოვლისა სოფლის მკვიდრი თემის ინტერესებს ემსახურება. ხოლო თუ ეს სათემო ინტერესი რეალურად კონკრეტული არ არის, მხოლოდ იმ ზოგად, „ლოზუნგურ“ არგუმენტაციას ეყრდნობა, რომ კერძო მფლობელი უმიწაწყლოდ შთენილებსაც დაასაქმებს და ამით, საარსებო სახსარს გაუჩენსო, რაც პირდაპირი წესით მიყიდვისას არავითარი სახელშეკრულებო პირობით არც იურიდიულად და არც სოციალურ-ეკონოიმიკური კანონზომიერებით, რაიმეთი გამყარებული არ არის. ეს კი დღისით, მზისით, სოფლის ძარცვაა და არა მისი სიკეთისთვის ზრუნვა!
გასაგებია, რომ ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილ იმ მიწას, რაც დღეს უსამართლოდ კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაშია, აუცილებლად ჯეროვანი პატრონი უნდა გამოუჩნდეს, რათა ეს მიწა დაუცველი და გამოუყენებელი, დაუმუშავებელი არ დარჩეს და სიკეთის შექმნას მოხმარდეს. ამის წინააღმდეგი ჭკუათამყოფელი არც არავინაა, პირიქით! მაგრამ ხომ საკითხავია: ვინ, ვისასა ჰყიდის და ასევე: ვინ, რისთვისა ყიდულობს?!
პრივატიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სასიკეთო, სასარგებლო და როგორც ისტორიულ სამართლიანობასთან, ასევე ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთანაც თავსებადი, როცა მკაფიოდ პირობადადებულია და არა ისეთი ყოვლად უსისტემო და სრულიად უპირობოდ გაყიდულ-განიავებული როგორც ეს დღეს ხდება. სისტემურობა მიწის გაყიდვის პირობადადებას იმთავითვე გულისხმობს, რაც უწინარესად სწორედ ამას ნიშნავს: „პრივატიზება პრივატიზებისთვის“ კი არა, არამედ ისე, რომ სამართლიანად და ეკონომიკურადაც მაქსიმალური სარგებლიანობით, იმთავითვე სწორედ განისაზღვროს როგორც ჯეროვანი გამყიდველი, ასევე ჯეროვანი მყიდველიც; არ უნდა დარჩეს არვითარი კითხვის ნიშანი - ვინ და რატომ ყიდის და ვინ და რისთვისა ყიდულობს!
როცა არც ჯეროვანი გამყიდველია სახეზე და გამოცდილებიდან გამომდინარე, შემძენის კეთილსინდისიერების იმედიც დიდად ვერ გვექნება, თვალსაჩინოა და ხელისგულზე დევს ასეთი უსისტემო და უპირობო პრივატიზების უსამართლობაცა და უგუნურობაც! მართლაც: საარაკო უსამართლობაა, როცა სასოფლო მიწა სოფლის დაუკითხავად, სახელმწიფო ჩინოვნიკების ნებისამებრ იყიდება; ხოლო საარაკო ეკონომიკური სიბეცეა, როცა იყიდება ნებისმიერზე, ოღონდაც გამოჩნდეს და თუნდაც ხელოვნურად გაიაფებული ფასი გადაიხადოს, იყიდება იმისდა მიუხედავად, იცის თუ არა მან მიწის ყადრი, სურს თუ არა და რაც მთავარია - ძალუძს თუ არა ამ მიწის კონკრეტული საზოგადოებისთვის - ადგილობრივი თემისთვის და მთლიანად ერის ინტერესების შესაბამისად, სასიკეთოდ გამოყენება.
არაერთგზის გვითქვამს და კვლავაც დაჟინებით გავიმეორებთ: არა მხოლოდ საზარალო, არამედ სამარცხვინოა, როცა მიწის პოლიტიკის ერთადერთი განზომილება მისი უპირობოდ, თვითმიზნურად პრივატიზებაა და სხვა, არც არაფერი. ვერაფრით ვერ ვეღირსეთ ამ პოლიტიკის მყარი, სისტემური საფუძვლების შექმნას. ასევე, მრავალგზის გვითქვამს, თუ რა სჭირდება ამგვარი სისტემური საფუძვლების ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად გავიმეორებთ მიწის სახელმწიფო პოლიტიკის ცივილიზებული, მით უმეტეს - ტრადიციული სამიწათმოქმედო ქვეყნისთვის თავისთავადაც ცხად, ამოსავალ პრინციპებს:
- მიწა არა მხოლოდ ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსი და წარმოების ძირითადი საშუალებაა, არამედ იგი ჩვენი იდენტობის დამდგენი ეროვნული საუნჯეა – მიწა სამკვიდროა!
- მიწის, ე.ი. სამკვიდროს ჯეროვანი მოვლა-პატრონობა, დაცვა და სიკეთისთვის გამოყენება შეადგენს ყოველი მოქალაქის, ადგილობრივი თემისა და ეროვნული სახელმწიფოს ძირეულ, საარსებო (ეგზისტენციურ) ფუნქციას!
- მიწის საკუთრება იმავდროულად სოციალურად დამავალდებულებელი ბუნებისაა, რაც ხაზგასმული იყო კიდეც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში: „მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.“ (ასევე ყურადსაღებია, რომ ზოგადად საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება მკაფიოდ არის ასახული თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს – გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხლში: „საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს“).
ამ ფუნდამენტური პრინციპებიდან, რაც ნაწილობრივ გაზიარებული და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, გამომდინარეობს კიდეც უცხოელების მიწათმფლობელობის შეზღუდვა (იხ. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი), რაც, რასაკვირველია, დისკრიმინაციული ხასიათისა სწორედ ამიტომაც არ არის.
ამ ფუნდამენტური პრინციპების ხორცშესხმისთვის მიწის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებას დღეს უნდა წარმოადგენდეს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მკაფიო სამართლებრივი მოწესრიგება; ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად კი აუცილებელი იქნება მიწის კანონმდებლობის კოდიფიცირება, ე.ი. მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების სისტემატიზებული, კომპლექსური თავმოყრა „მიწის კოდექსში“.
სწორედ „მიწის კოდექსმა“ უნდა შექმნას ამ ეგზისტენციური ფუნქციის – მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობისა და დაცვის, მისი სასიკეთოდ გამოყენების, მიწის საჯარო პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები და ასეთი პოლიტიკის დემოკრატიულობის, ასევე მისი ეფექტიანობის მყარი გარანტიები;
მიწის საჯარო პოლიტიკა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის აუცილებლობიდან (რის გარეშეც თანამედროვე ეფექტიანი და დემოკრატიული მმართველობა წარმოუდგენელია) გამომდინარე და სუბსიდიარობის ფუნდამენტური პრინციპის დაცვით ორ - სახელმწიფო და მუნიციპალურ, დონეზე უნდა წარიმართოს; ხოლო ამისთვის აუცილებელია მიწის რეფორმის თანმიმდევრული, რაციონალური დაგეგმვა და გატარება;
მიწის რეფორმის ძირითადი მიზნები, გარდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ფუნდამენტური მოწესრიგებისა, უნდა იყოს:
1) მიწათმლობელობის მიმართულებით:
ა) ისტორიული სამართლიანობის, მაშასადამე, საკუთარ სამკვიდრო მიწაზე ადგილობრივი თემის ტრადიციულ უფლებათა თანამედროვე ფორმით აღდგენა, რაც გულისხმობს ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მუნიციპალურ საკუთრებასა და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემას;
ბ) იმ შეუწყნარებელი ვითარების, როდესაც სახელმწიფო კვლავაც რჩება ყველაზე მსხვილი და ამასთანავე სრულიად არაეფქტიანი მიწათმფლობელი, რაც შეიძლება დროულად გამოსწორება; სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებას და ადგილობრივი თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობასა და მფლობელობაში გადაცემული უნდა იქნეს, როგორც სასოფლო (უწინარესად საძოვრები და სათიბები, სათემო ტყე, წყლის ფონდის მიწა და არამარტო ეს), ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ყველა ის მიწა, რაც არ გამოიყენება კონკრეტული სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელების, ან სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებით, ან საერთო ეროვნული მასშტაბის ეკონომიკური პროექტებისთვის;
გ) მიწის ბაზრის მოწესრიგებისთვის აუცილებელია შემოღებული იქნეს სოფლის მეურნის (ფერმერის) სტატუსი და დადგინდეს მიწის გაყიდვის დროს უპირატესი შესყიდვის უფლებათა შემდეგი რიგითობა: მკვიდრი სოფლის მეურნე (ფერმერი), სათემო კოოპერატივი, საქართველოს მოქალაქე არამკვიდრი სოფლის მეურნე, მუნიციპალიტეტი (იმ პირობით, რომ მიწა სათემო სარგებლობისა იქნება), სახელმწიფო;
2) მიწათსარგებლობის მიმართულებით – ეროვნულ დონეზე 2022 წლიდან (და არა 2024 წლიდან რასაც ითვალისწინებს სამთავრობო დადგენილება) უნდა აღდგეს მიწის სტრატეგიული მართვის, ე.ი. მიწათსარგებლობის აღრიცხვის (მიწის ბალანსის სისტემური წარმოების), სახელმწიფო რეგულირების (მიწათსარგებლობის მონიტორინგი, მიწის დაცვის ნორმების მიღება და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა) და მიწის რაციონალური გამოყენების სტრატეგიული დაგეგმარების, ტერიტორიის სივრცითი მოწყობის ფუნქციის, ხოლო ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე – ასევე მიწის ადგილობრივად ოპერატიული მართვის, ე.ი. მიწათმოწყობის (ადგილობრივი მიწათსარგებლობის აღრიცხვა და რაციონალური მიწათსარგებლობის ოპერატიული დაგეგმარება) ფუნქციათა განხორციელება.
სწორედ ამ სისტემური მიწის პოლიტიკიდან გამომდინარე უნდა მოწესრიგდეს მიწის პრივატიზებაც, მიწა უნდა გაყიდოს არა სახელმწიფომ (გარდა კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) არამედ მუნიციპალიტეტმა, კანონმდებლობით მკაფიოდ დადგენილი წესებითა და პირობებით, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მიწის შემძენი; კერძოდ, უნდა დადგინდეს სათემო მფლობელობაში მოქცეული მიწის პრივატიზების ის წესიც, როდესაც პრივატიზება დაიშვება მხოლოდ თემის თანხმობით და იმ პირობით, რომ კონკრეტული საზოგადოებრივი სარგებელი პრივატიზებიდან სწორედ თემმა უნდა მიიღოს; გარდა ამისა, მიწის პრივატიზებისას შემძენისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მიწათ-მოწყობისა და ტერიტორიის განვითარების გეგმების (რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ ნორმატიულ დოკუმენტებს) წარდგენაც, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისას - ფერმერის სტატუსიც.
ამ სისტემური საფუძვლების შექმნას, რასაკვირველია, აყოვნებს, უარესიც - ხელს უშლის და ეწინააღმდეგება დღევანდელი უსისტემო და უპირობო პრივატიზაცია.
ქართველი პოლიტვეტერანები კვლავ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება, ხელი აიღოს ასეთ უპირობო პრივატიზებაზე და სანაცვლოდ, ყველაფერი იღონოს მიწის პოლიტიკის რაც შეიძლება დროულად, სისტემური მოწესრიგებისთვის.
მამულის ჯეროვანი პატრონობა, რაც ყოვლად წარმოუდგენელია მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის ქართული სამართლებრივი ტრადიციის შესაბამისად თანამედროვე პირობებში რაციონალურად მოწესრიგების გარეშე, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი ქართველის უწინარესი ვალდებულებაა ერთმანეთის, ჩვენი წინაპრებისა და შთამომავლობის წინაშე!
ამ ქართულ ვალდებულებას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეპყარათ, ვინძლო მტრები არ გავაცინოთ!
ქართვლი პოლიტვეტერანები: პაატა კოღუაშვილი, გურამ სანადირაძე, ზურაბ მარშანია, პაატა ჩხეიძე, დავით მარღანია, გოგიტა ქერქაძე, სანდრო სვანიშვილი, დავით ზარდიაშვილი, ნოდარ ლაბარტყავა, შალვა უგრეხელიძე, გია იაკობაშვილი