„ძირითად დროში მოგება რთული საკითხი იყო, მაგრამ ვიტალი დარასელიამ შესანიშნავი გოლით დამატებით ნერვიულობა თავიდან აგვაცილა“

„ძირითად დროში მოგება რთული საკითხი იყო, მაგრამ ვიტალი დარასელიამ შესანიშნავი გოლით დამატებით ნერვიულობა თავიდან აგვაცილა“

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

ფინალური შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, თუმცა დინამოელებმა ზუსტად 4 წუთში ვლადიმერ გუცაევის გოლით გაათანაბრეს. 87-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ისტორიული შეხვედრა დიუსელდორფში მდებარე რაინშტადიონზე გაიმართა, შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 8 400 მაყურებელი დაესწრო.

ისტორიულ გამარჯვებას for.ge-თან თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე ოთარ გაბელია იხსენებს.

ოთარ გაბელია: ეს დღეს, 13 მაისი ქართულ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი სიხარული მოვუტანეთ. საფეხბურთო ისტორიაში ეს დღე ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედი მაქვს, მსგავს სიხარულს თბილისის „დინამო“, ან საქართველოს ეროვნული ნაკლები მალე მოგვანიჭებს.

თითოეულ ქართველს ნანახი აქვს „კარლ-ცაისთან“ ფინალის კადრები. თუმცა, საინტერესოა ფეხბურთელების განწყობა როგორი იყო მატჩის დაწყებამდე და თამაშის დროს?

- თამაშის დაწყებამდე ყველა ვნერვიულობდით. მინდორზე გასვლის შემდეგ, ნერვიულობა მეორე ხარისხოვანი გახდა და ორიენტირებული მთლიანად თამაშზე ვიყავით. ნერვიულობა ყველა მატჩს თან სდევს და მით უმეტეს ფინალს. შემდეგ, თამაში როგორც დასრულდა, ყველამ იცით.

თუმცა, შეიძლებოდა თამაში დამატებით დროში გადასულიყო. იმ მომენტში რას გრძნობდით?

- გუნდი მზად იყო ნებისმიერი მომენტისთვის, უკან დასახევი გზა არ იყო. 100 პროცენტი გამარჯვებაში დარწმუნებული არავინ ვიყავით, მაგრამ იმდენად კარგი გუნდი ვიყავით, რომ 90% დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, განცდა მქონდა, რომ გოლს აუცილებლად გავიტანდით. ძირითად დროში მოგება რთული საკითხი იყო, მაგრამ ბოლოს, ვიტალი დარასელიამ შესანიშნავი გოლით დამატებით ნერვიულობა თავიდან აგვაცილა.

საბჭოთა კავშირის დროს მოგიწიათ ევროპაში ფინალის თამაში. იყო ისეთი მომენტები, რომ ფეხბურთელებს „კაგებეს“ თანამშრომლები გაკონტროლებდნენ?

- სიმართლე უნდა ითქვას, რომ შეზღუდულები არ ვყოფილვართ. „კაგებეს“ თანამშრომლები მარტო „კარლ-ცაისთან“ ფინალურ მატჩზე კი არა, ყველა თამაშზე დაგვყვებოდნენ. ყველა ნაბიჯს გვიკონტროლებდნენ, რადგან ახალგაზრდები ვიყავით და რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა. თუმცა, გუნდის მიმართ შეზღუდვა არ ყოფილა. ფინალის შემდეგ, მოსკოვში 30 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი დაგვხვდა. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის გუნდად ვითვლებოდით და სხვათა შორის ცნობილი მეკარე ლევ იაშინი დაგვხვდა და გამარჯვება მოგვილოცა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა გუნდად გვთვლიდნენ, თითოეულ ფეხბურთელს გულში გვქონდა, რომ ვიყავით ქართული კლუბის, თბილისის „დინამოს“ წევრები და საქართველოს წარმოვადგენდით.

თუმცა, ცნობილი ფაქტია ბატონო ოთარ, რომ თამაშის დაწყებამდე თქვენ პირჯვარი გადაიწერეთ, რის გამოც „დინამოს“ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს საყვედური უთხრეს. თქვენ „დაბარებული“ არ იყავით?

- ეს ფაქტი საბჭოთა თასის ფინალის დროს მოხდა. საყვედური ბევრჯერ დამიწერია და ამ ფაქტის დროს ჟიული შარტავამ გადამარჩინა - „ვითომ ოფლი მოიწმინდეო და ცენტრალური კომიტეტის თანამშრომლები ასე დავარწმუნეთ, გადავრჩი“. უფლის ნება იყო სწორედ, რომ იმ დღეს სამი თერთმეტმეტრიანი უნდა ამეღო და საბჭოთა კავშირის თასი თბილისში ჩამოვიტანე.

„კარლ-ცაისთან“ ფინალში გამარჯვების შემდეგ უნდა გეთამაშათ სუპერთასის მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რადგან ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო. თუმცა, „ლივერპულმა“ სწორედ თქვენი ფინალის მოგების შემდეგ უარი განაცხადა „დინამოსთან“ თამაშზე...

- „ლივერპული“ კი არ გამოცხადდა, არამედ ნეიტრალურ მოედანზე იაპონიაში სურდა მხოლოდ ერთი თამაში გამართულიყო. „დინამოს“ ხელმძღვანელობამ კი უთხრა, რომ ორი მატჩი იქნებოდა - თბილისში და ინგლისში. მაგრამ, 3:0 მარცხის შემდეგ ( „დინამომ“ 1979 წლის 3 ოქტომბერს“ „ლივერპული“ დაამარცხა), უარი თქვეს და მხოლოდ ერთი თამაში ნეიტრალურზე უნდოდათ.

დიუსელდორფში „კარლ-ცაისთან“ გამართული მატჩიდან 40 წელი გავიდა. ახლა რომ უყურებთ კადრებს, რა გრძნობა გეუფლებათ?

- ისევ ის გრძობა მეუფლება, რომელიც 40 წლის წინ მქონდა. ყოველ 13 მაისს „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს ვხდებით და იმ ფეხბურთელებს ვიხსენებთ, რომლებმაც დროზე ადრე დაგვტოვეს - დათო ყიფიანი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, ჩვენი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი. დღეს (13 მაისს არის ინტერვიუ ჩაწერილი) დავკრძალეთ ანზორ გაბიტაშვილი, რომელმაც სწორედ ფინალის შემდეგ მსაჯს ბურთი მოპარა. ის ცნობილი ბურთი, დღესაც ანზორის ოჯახში ინახება.

ბატონო ოთარ დღევანდელ ფეხბურთსა და იმ ფეხბურთს შორის, რომელსაც თქვენს დროს თამაშობდით, რა განსხვავებაა და რამდენად შეიცვალა?

- იმ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ ვთამაშობდით და დღევანდელ ფეხბურთს შორის, რა თქმა უნდა, სხვაობა არის - რაღაც რაღაცეები გაზრდილია. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ჩვენს დროს უფრო მეტნი იყვნენ - მარტო პელე და მარადონა რად ღირდა. თითოეულ ნაკრებს 3-4 ვარსკვლავი ჰყავდა.

ვარსკვლავებს ასახელებთ და თქვენც შეგეძლოთ გეთამაშათ „გრანდ“ გუნდებში, თუმცა, სწორედ საბჭოთა კავშირის გამო ვერ წახვედით. ცნობილი ფაქტია, რომ თქვენს თანაგუნდელს ვოვა გუცაევს „რეალი“ ეპატიჟებოდა, თქვენ რომელი „გრანდიდან“ გქონდათ შემოთავაზება?

- ესპანეთში, მადრიდში ოთხთა ტურნირის შემდეგ, თითქმის ყველა ფეხბურთელს შემოთავაზება გვქონდა, მაგრამ წასვლა კი არა, ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა. მე შემოთავაზება ესპანური კლუბი „სარაგოსადან“ მქონდა.