ისრაელში განგაშის ხმა არ წყდება - ორშაბათიდან მოყოლებული ჰამასი პერიოდულად ანახლებს მასირებულ სარაკეტო იერიშებს. ისრაელი კი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. უკვე დაწყებულია ჯავშანტექნიკის გადაადგილება, გამოძახებულია 3 000 რეზერვისტი. ამის პარალელურად, ისლამურმა დაჯგუფებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა სარაკეტო იერიშის რადიუსი. მათი სამიზნე იერუსალიმიც იყო და დედაქალაქის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ჰამასმა რამონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტა „აიაში“ გაუშვა, რომელსაც 250 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. უკვე ყველა ნიშანი არის იმის, რომ „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობამ“ მესამე ინტიფადის პროვოცირება შეძლო. ხვალ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეა.
საპასუხო სროლას არც ისრაელი ერიდება. ერთ-ერთი იმ მაღალსართულიან შენობებს შორის, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში გაანადგურეს, ჰამასის სამხედრო დაზვერვის და კომუნიკაციების ცენტრად ითვლებოდა. 1 000 ობიექტის ჰაერიდან განადგურების შემდეგ უკვე სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაღა დარჩა, ანკლავში შეჭრის გეგმაზე სარდლობას უკვე ნამსჯელი აქვს. 7 000 რეზერვისტი მოწინააღმდეგის საზღვრებთან ყველანაირი სცენარისთვის მოამზადეს.
ჯამში კონფლიქტს ისრაელის მხრიდან 7 ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მაღალია მსხვერპლი ღაზაში - 83 გარდაცვლილი. გარდაცვლილების დაკრძალვა დაიწყეს ერთსა და მეორე მხარესაც. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე სამხედროები, თუ დაჯგუფება ჰამასის ლიდერები.
ისრაელსა და პალესტინაში მსოფლიო ლიდერების ზარები არ წყდება. ყველა შფოთავს. ამერიკა პოზიციის დაფიქსირებაზე მუშაობს. უკვე ჰაერშია ბაიდენის სპეციალური მრჩეველი, რომელიც მხარეებს რეგიონში ჩაფრენისთანავე დაელაპარაკება.
ახლო აღმოსავლეთის განახლებულმა კონფლიქტმა ახლა რამდენიმე მიმართულება მიიღო, გარდა სამხედრო და პოლიტიკურისა, არსებობს ეთნიკურ-რელიგიური კომპონენტიც, რომელიც ვითარებას ეთნიკურად დასახლებულ ქალაქებში არაბებისა და ებრაელების ურთიერთთავდასხმებში ვლინდება. ინტერნეტი სავსეა კადრებით, რომელიც ასეთ ქალაქებში არეულობას ასახავს. გადამწვარი სინაგოგები, გატეხილი შუშები, ძალადობა ზოგ დასახლებაში ყოველდღიურობად იქცა. ექსპერტები სამოქალაქო ომზეც ალაპარაკდნენ. თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ისრაელი ამ პრობლემას მოაგვარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის ერთ-ერთი სამიზნე რამონის აეროპორტიც იყო, რომლისკენაც ფრენებს ბენგურიონის აეროპორტიდან ამისამართებდნენ, რადგან თავადაც დადგნენ საფრთხის ქვეშ. ამის ამსახველი მასალა ინტერნეტშიც მოიპოვება. თავდასხმა ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფომ დაზღვევისთვის ფრენები ისრაელთან დროებით გააუქმა.
ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები თბილისშიც კეთდება. ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. მისი აზრით, ეს ამბავი ასე ადვილად არ დასრულდება. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდეს. ორივე მხარე საბრძოლო განწყობაზეა, ხოლო ისრაელი ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს.
„ამდენი რაკეტა არასოდეს ყოფილა ისრაელის მიმართულებით გამოყენებული. ამიტომ ძალიან რთულია წინასწარ იმის განჭვრეტა, მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ორივე მხარე საბრძოლველად არის განწყობილი და კუნთებზე იყურებიან. სამწუხაროდ, ამ კონფლიქტის გაღრმავების პერსპექტივა უფრო ჩანს.
ისრაელის ისტორიას და ებრაელი ხალხის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ისინი ასეთ დარტყმებს არ ეგუებიან. ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებენ, ამიტომ სახმელეთო ჯარის შეტაკება ღაზას სექტორში მოხდება. სამწუხაროდ, ისრაელის ჯარის მხრიდან ასეთ შემთხვევაში დანაკარგი დიდი იქნება.
რაც შეეხება შუამავლობის საკითხს, ეგვიპტემ ტრადიციულად სცადა ამ როლის შესრულება, თუმცა არ გამოვიდა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მხარე საბრძოლო განწყობაზეა. ღაზას სექტორის საკამოდ ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, მათ შორის იბომბება ყველა ის პუნქტი, სადაც არის ეჭვი, რომ განთავსებული არიან მებრძოლები, ისევე როგორც საცხოვრებელი სახლები „ჰამასის“ წარმომადგენლების. „ჰამასს“ მოგეხსენებათ, ისრაელი, შეერთებული შტატები და კიდევ არაერთი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და ექცევიან იმგვარად, როგორც საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციებს ექცევიან ხოლმე“, - აცხადებს ბატიაშვილი.
მისივე თქმით, აქ ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ „ჰამასი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ბატიაშვილი ამბობს, რომ არც ერთი მხარე მზად არ არის იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს. ორივე მხარეს ვალდებულება აქვს, რომ ერთმანეთს სათანადო პასუხი გასცენ.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით საბრძოლო მოქმედებები და თავდასხმები ისრაელზე გრძელდება, ამიტომაც წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. თუმცა ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ისრაელის სახელმწიფო და თავდაცვა ამ შეტევებს უმკლავდება და ეს უკვე კარგადაც გამოჩნდა. არეშიძე ამბობს, რომ ჰამასის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები და მეორე აზრი არაა, რომ ამაში სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან.
„ფაქტია, რომ ჰამასი ამ თავდასხმისთვის დიდი ხანი ემზადებოდა და ამისთვის, ისრაელის მიერ არაბი ოჯახების სახლებიდან გამოდევნამ მიზეზი მისცა. მართალია, ამ ოჯახების გასახლების საქმეზე სასამართლო გადაიდო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კარგი ხელჩასაჭიდი ნახეს. რა თქმა უნდა, არის არაბული ქვეყნები, რომლებიც ჰამასს ეხმარებიან და ებრაელების სახელმწიფოს არსებობა საერთოდ მიუღებლად მიიჩნევენ. ასევე ირანი, რომელიც ისრაელის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც პალესტინას დაუჭირა მხარი. თურქეთი, რომელსაც ისლამურ სამყაროზე ლიდერობის პრეტენზია აქვს, ბუნებრივია, მხარს ამ ისლამისტურ დაჯგუფებას უჭერს. ვინ აწვდის მათ იარაღს, ასე ღიად ვინმეზე ბრალის დადება რთულია, თუმცა, როგორც ვთქვი, ეჭვმიტანილი ბევრი შეიძლება იყოს.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს თუ გაეროს დამოკიდებულება ისრაელში მიმდინარე პროცესებზე, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი დომინანტ პოზიციას იკავებს, გაეროს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა“, - აცხადებს არეშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ღაზას სექტორი ეს არის ტერორისტული ანკლავი, სადაც ფული ზუსტად ამ დაპირისპირებიდან კეთდება. რა თქმა უნდა, იქ ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ მათი ლიდერების უმეტესობა ისლამისტური დაჯგუფებების წევრები არიან. არეშიძე ამბობს, რომ მას ღაზას სექტორი პირადად ნანახი აქვს, ეს არის ფეშენებელური ვილების წყება სანაპირო ზოლზე და ასევე დანგრეული ქალაქები ისრაელის მხარეს. ამ ქალაქების დანგრევაშიც წვლილი ისრაელს მიუძღვის, თუმცა მისი სულის ჩამდგმელები არაბული ისლამისტური დაჯგუფებები არიან.