იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში არაფერი შეცვლილა და „მილანი“ უკვე ძალიან ახლოსაა 7-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დაბრუნებასთან.
სტეფანო პიოლის გუნდი 3 დღის წინ ტურინში „იუვენტუსს“ ესტუმრა და 3:0 მოუგო, ახლა „ტორინოს“ ეწვია და 7:0 გააცამტვერა! „როსონერი“ იშტაზეა და როგორც ჩანს, ახლა ვეღარავინ შეუშლის ხელს, რომ ნანატრ მიზანს მიაღწიოს. ჰეთ-თრიქი შეასრულა ანტე რებიჩმა, თანაც 12-წუთიან ინტერვალში და ფანტასტიკური თამაში ჰქონდა, ისევე როგორც მის გუნდს. „მილანმა“ 2001 წლის შემდეგ პირველად გაიტანა სერია A-ში 6 ან მეტი გოლი! ჩემპიონთა ლიგის საგზური ძალიან ახლოსაა, საკმარისია „მილანმა“ მომდევნო ტურში შინ „კალიარის“ მოუგოს და ყველაფერი გაოფიციალურდება.
ერთადერთი მოგება აშორებს იგივეს ბერგამოს „ატალანტასაც“, რომელმაც შინ „ბენევენტოს“ 2:0 მოუგო და ფილიპო ინძაგის გუნდი ცალი ფეხით გავარდნილია. ჩემპიონი „ინტერი“ აგრძელებს დიდებულ თამაშს და „რომას“ 3:1 მოუგო.
და ბოლოს, „იუვენტუსი“, რომელიც სხვებზეა დამოკიდებული და შანსი ძალიან ცოტა აქვს, რომ ოთხეულში მოხვდეს. „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლოს“ 3:1 მოუგო. კრიშტიანუ რონალდუმ და პაულო დიბალამ გაიტანეს - ორივესთვის ეს იყო „იუვეს“ მაისურით მე-100 გოლი. რონალდუმ ტურინელთა ისტორიაში ყველაზე ცოტა დრო მოანდომა 100 გოლის გატანას - 3 სეზონი. უნდა აღინიშნოს 43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც მე-16 წუთზე ჯერ კიდევ 0:0-ზე პენალტი მოიგერია და სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მეკარე გახდა, რომელმაც პენალტი აიღო. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ბუფონმა „იუვენტუსში“ 13 თამაში ჩაატარა და მის გუნდს არ წაუგია - 11 მოგება, 2 ფრე. ეს სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ახლა დრო უკან არ დაბრუნდება, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან გაუჭირდება.