„თუ ადამიანი ამბობს, რომ ოპოზიციაში გადადის, რატომ უნდა შეუნარჩუნონ თანამდებობა ხელისუფლებაში და ეს რეპრესია რატომ არის?“

„თუ ადამიანი ამბობს, რომ ოპოზიციაში გადადის, რატომ უნდა შეუნარჩუნონ თანამდებობა ხელისუფლებაში და ეს რეპრესია რატომ არის?“

დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული. უპარტიო გიორგი გახარიას გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა. დეტალების გასარკვევად for.ge დაუკავშირდა თავად ხოჯევანიშვილს, რომელმაც ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო სმს შეტყობინებით გვიპასუხა, რომ არ შეუძლია საუბარი და თუ მისი კომენტარი გვნებავს, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მისი ოფიციალური ფეისბუქ გვერდით. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობდა დეპუტატი ხოჯევანიშვილი რეპრესიებში.

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვეს ფოთისა და მარტვილის მერების მოადგილეებმა და გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. ასევე, გუშინ დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ ზეწოლასა თანამდებობების დატოვებაზე გააკეთეს განცხადება. თუმცა ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერმა მისი ორი მოადგილე – ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი თანამდებობიდან შესაბამისი ბრძანებებით მოხსნა. როგორც კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, მისი მოადგილეები სამსახურში გიორგი გახარიას და მისი გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ.

„მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მივიღე, ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, დღეს გათავისუფლებული ადამიანები, ბოლო პერიოდში ეწეოდნენ გარკვეული პირების აგიტაციას და მოუწოდებდნენ თანამშრომლებს, რომ გადასულიყვნენ მათ მხარეზე. ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს და ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ ჩვენ გვერდით მაღალ თანამდებობებზე. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, –განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ჯერჯერობით უსახელო გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და ამ მოტივით პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყეს. მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო.

„დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია „ქართული ოცნებისა“ და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით“, – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი ერთხელ განუცხადა. ამდენად, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები.

„ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში. ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, თანამოაზრეობის გულისთვის ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა“, – განაცხადა ალექსანდე მოწერელიამ.

გახარიას გუნდის ბრალდებას არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის, პოლიტიკური პროცესია. ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ ჩაჯდნენ ერთიან „მესიჯბოქსში“. როგორც კობახიძე ამბობს, გახარიას გუნდის წევრები რეგიონებში უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი.

„თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ის ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდნენ მათ შორის რეგიონებში და უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. „ქართული ოცნების“ პროექტი. ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ.

ახლა აერიათ მესიჯბოქსი და გადავიდნენ იმაზე, რომ თითქოს მათზე ზეწოლა ხორციელდება. კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, მიდიოდნენ ჩვენს მხარდამჭერ ბიზნესმენებთან და ეუბნებოდნენ, რომ ისინი სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების“ პროექტი, რაც არის მარტივი ტყუილი. ასეთი ტყუილით ისინი პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს კარგია, რომ მათ ეს მესიჯბოქსი აერიათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის ბრალდებებს უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებით, ადამიანებმა, ვისზეც ხოჯევანიშვილი საუბრობს, რომ მუნიციპალიტეტებში მერებმა მათ ზეწოლით დაატოვებინეს თანამდებობები, რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ და დაკავებულნი იყვნენ კონკრეტული პარტიის აგიტაციით.

„რაც შეეხება „დასასრულის დასაწყისს“ – თავიდან სხვა რიხით დაიწყეს ამ ადამიანებმა, თუმცა, ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან სამარცხვინო კამპანია დაიწყეს – ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი-ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა, ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.

გახარიას გუნდის წევრების ბრალდებას არ იზიარებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მერის მოადგილის პოსტი პარტიული თანამდებობაა, შესაბამისად ზეწოლად და მით უმეტეს რეპრესიად ვერ ჩაითვლება, თუ მათ უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დატოვონ.

„5–6 კაცია ამ ფრაქციაში და თავის თავს უწოდებენ გიორგი გახარიას გუნდს. არც გახარია უარყოფს, რომ ეს ხალხი მისი პოლიტიკური პარტიის შემადგენელია. რაც შეეხება გახარიას მიმართ რეპრესიების დაწყების თემას, ასეთი ინფორმაციები არ მაქვს, მაგრამ თუ გახარია ფიქრობდა, რომ წითელ ხალიჩას დაუგებდნენ და გზას დაულოცავდნენ, ძალიან შემცდარა.

რაც შეეხება მერის მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვებას, ეს ნორმალურია. თუ ამბობს, რომ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი და ოპოზიციაში გადადის, ეს რეპრესია რატომ არის? ეს არ მესმის?! თუ ამბობს, რომ არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, მაშინ რატომ უნდა შეუნარჩუნონ თანამდებობა ხელისუფლებაში?! რომ იყოს კოალიცია, მაშინ გასაგებია, მაგრამ არ გვაქვს კოალიცია. შესაბამისად, არავითარი რეპრესიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში გახარიას გუნდი ცოტას მოიკოჭლებს პოლიტიკაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსის ლადო ბოჟაძეს განცხადებით, თუ რამე აქვს სასაყვედურო „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მხრიდან, სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო სამსახურები არ გაწმინდეს „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხარდამჭერებისგან, არამედ უშუალო წევრებისგან და იმ ადამიანებისგან ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში, იგივე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება დააბრალო „ქართულ ოცნებას“, გარდა იმისა, რომ ის რეპრესიებს უწყობს საკუთარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.

„წლებია სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, არჩევნებზე ხმას არ აძლევენ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საჯარო სექტორი უნდა იყოს პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული. პარტიული ნიშნით არ უნდა ინიშნებოდნენ და თავისუფლდებოდნენ ადამიანები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა ვისი კვოტით იყვნენ ჩაწერილი საპარლამენტო სიაში, პრემიერ–მინისტრის გადადგომის მერე არ გაუშვიათ უმრავლესობიდან, მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება გასულიყვნენ გუნდიდან. ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, თავად დაწერეს განცხადება და წავიდნენ თანმდებობიდან.

ამიტომ, რა სახის რეპრესიაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანი დგეხარ და თავად წერენ განცხადებას გადადგომაზე, როცა შეგიძლია არ დაწერო განცხადება და შეეწინააღმდეგო იმას, ვინც რეპრესიებს გიწყობს. არავითარ რეპრესიებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. რადგან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისმენდეთ არა ზეპირ განცხადებებს, არამედ ვისმენდეთ კონკრეტულ ფაქტებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

Katana . კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე:
"მერის მოადგილის პოსტი პარტიული თანამდებობაა, შესაბამისად ზეწოლად და მით უმეტეს რეპრესიად ვერ ჩაითვლება, თუ მათ უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დატოვონ.
ეს ნორმალურია. თუ ამბობს, რომ არ არის „ქართული ოცნების“ წევრი და ოპოზიციაში გადადის, ეს რეპრესია რატომ არის, არ მესმის?! თუ ამბობს, რომ არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, მაშინ რატომ უნდა შეუნარჩუნონ თანამდებობა ხელისუფლებაში?! რომ იყოს კოალიცია, მაშინ გასაგებია, მაგრამ არ გვაქვს კოალიცია."

სავსებით ვეთანხმები ბ-ნ ძაბირაძეს!
რეპრესიები, რეპრესიებიო!.. - ისეთი აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს 37-ანების ხელახალი მომსწრეები გახდნენ ეს უბედურები, უკვე არაერთს დაუკაკუნეს შუაღამისას და გააქრეს უკვალოდ :)) კარგი, რა!..
(ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, "ოცნების" ხარჯზე გადეპუტატებულ და მერე "ოცნებისთვის" ზურგნაქცევ ხალხსაც გავუშვებდი: - თუ არ მოსწონთ ეს პარტია, რომელიც მოსწონთ, იმ პარტიის ავტორიტეტით მოვიდნენ პარლამენტში და მერე იოპოზიციონერონ!).
1 თვის უკან
trampi პ. ზაქარეიშვილი
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური
1 თვის უკან