ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ ტოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ ტოვებს

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის „იუვენტუსს“ ტოვებს. ამის შესახებ Eurosport-ი წერს.

„იუვენტუსში“ ჩემი ლამაზი და ხანგრძლივი კარიერა წელს დასრულდება. ჯერ არ ვიცი, დავასრულებ თუ არა ფეხბურთელის კარიერას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვგრძნობ, რომ „იუვეს“ ყველაფერი მივეცი და გუნდისგანაც ყველაფერი მივიღე. ეს ციკლის დასასრულია“, - განაცხადა ბუფონმა.

43 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, 19 მაისს დაგეგმილი იტალიის თასის ფინალი კი მისთვის ტურინელთა შემადგენლობაში უკანასკნელი იქნება.

სულ კარიერის განმავლობაში ტურინული გუნდის მაისურით ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში 525 მატჩი ჩაატარა და „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა 10-ჯერ იზეიმა.