ორი წლის წინ გერმანულმა მუსიკალურმა გამოცემებმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს.
აღმოჩნდა, რომ ცნობილმა მომღერალმა C.C. Catch-მა აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა დაასრულა.
გავრცელებული ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. ქალბატონმა C.C.Catch-მა კარიერა ნამდვილად დაასრულა, ოღონდ... ერთი თვის წინ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანელი მომღერალი ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ხანგრძლივ საგასტროლო მოგზაურობაში იმყოფებოდა.
ისტორიულ სამშობლოში მხოლოდ წინა თვეში დაბრუნდა და ამჟამად უკვე 48 წლის დიაცმა მუსიკალური კარიერა ნამდვილად დაასრულა.
კაროლინა კატარინა მიულერმა (C.C. Catch-ის ნამდვილი სახელი) პოპულარობა წინა საუკუნის 80-იან წლებში, დისკოს აღზევების პერიოდში მოიხვეჭა.
განსაკუთრებული სიყვარულით აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარგებლობდა.
მომღერალი მუსიკის მოყვარულების თვალთახედვის არეში 1985 წელს მოექცა, როდესაც იმ დროს ცნობილი ჯგუფი “Modern Talking”-ის წევრთან, დიტერ ბოლანთან ერთად რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.
იმავე პერიოდში მისი კომპოზიცია “I Can Lose My Hearth Tonight” მსოფლიო ჰიტად გადაიქცა.
989 წელს მომღერალმა დიდი სცენა მიატოვა, მაგრამ 1998 წელს მუსიკალური მოღვაწეობა კვლავ გააგრძელა.
კარიერის განმავლობაში 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.