სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის, საშეშე მასალის ყიდვა კი მოქალაქეებს „საქმიან ეზოებში“ მოუწევთ. სწორედ ამას ითვალისწინებს დღეს დადგენილი ტყითსარგებლობის ახალი წესი, რომელიც ძალაში 2023 წლიდან შევა.
მოსახლეობა შიშობს, რომ ამის შემდეგ შეშა გაძვირდება, რომელსაც ისედაც მაღალი ფასი აქვს და ზოგ ადგილებში უკვე ძნელადაც იშოვება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ სამომავლოდ ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„მოსახლეობისთვის, საჯარო და ბიზნეს სექტორისთვის გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა ტყის რესურსებზე - როგორც მერქნული (სამასალე, შეშა), ისე არამერქნული და, ასევე, ხე-ტყის ნარჩენის სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება ალტერნატიული და ეკოლოგიური ენერგიის წყაროების საწარმოებლად (ბრიკეტები, პელეტები) და მნიშვნელოვანი რგოლია ტყეზე ზეწოლის შემცირებისთვის. გარდა ამისა, ტყის რესურსებზე წვდომა დაეფუძნება სრულიად ღია და გამჭვირვალე პროცესს - საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს. ტყის რესურსების რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ. სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი)“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ტყითსარგებლობის ახალი წესით დადგენილია სპეციალური ტყითსარგებლობის სახეები: ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება. ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ მიღებამდე, ასეთი რესურსებით სარგებლობა კომერციული მიზნებისთვის აკრძალული იყო. სამინისტროს განმარტებით, ახალმა კანონმა და წესმა, ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახადა ასეთი რესურსის კომერციალიზაცია; ასევე, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყით სარგებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის და მისი უნიკალური ველური ბუნების ეკოტურისტულ პოტენციალს და შესაძლებელს გახდის, რომ სარეკრეაციო-ტურისტული საქმიანობები განხორციელდეს არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების ფარგლებში, არამედ საქართველოს ტყის ყველა ნაწილში.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „საქმის კურსს“ განუმარტა, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და „საქმიან ეზოებში“ განთავსებას.
რაც შეეხება 2023 წლამდე პერიოდს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, კვლავ ნარჩუნდება აქამდე მოქმედი წესი ანუ საშეშე მერქნის მოპოვებას 7 კუბური მეტრის მოცულობით - ბარში, ხოლო 15 კუბური მეტრის მოცულობით მაღალ მთაში მცხოვრები ოჯახები ისევ სიმბოლური მოსაკრებლის გადახდის გზით შეძლებენ.
„2023 წლიდან ტყის ტერიტორიაზე შეშას მხოლოდ სატყეო სამსახურები დაამზადებენ და მოსახლეობას შეშის შეძენა -სარგებლობა შეეძლება ან პირდაპირი მიყიდვის წესით პირდაპირ „საქმიანი ეზოდან“ ან დამზადებულ მასალას ტყიდან წამოიღებენ ანუ 2023 წლიდან მოქალაქე ხეს აღარ ჭრის ტყეში, ვინაიდან რა, სად და როგორ უნდა მოიჭრას, იცის მხოლოდ მეტყევემ და მისმა შეგირდმა. მოქალაქეს თუ სურს ტრანსპორტირების ხარჯი დაზოგოს, ის წამოიღებს დამზადებულ მერქანს ტყის კონკრეტული ადგილიდან ან იყიდის იმ მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, შეშაზე მოსაკრებლის გაზრდა არ იგეგმება, ხოლო მას შემდეგ, რაც შეშის ჭრა უფრო ორგანიზებული გახდება, დღეს არსებული საბაზრო ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.