ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სპეციალისტების შეფასებით, საკმაოდ საგანგაშოა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, წესებისა და რეკომენდაციების დაცვისაკენ. ამასთან, მათი თქმით, მაისის შუა რიცხვებში მოსალოდნელია კორონავირუსის პიკური მაჩვენებელი. თანაც, 3 მაისიდან 12 მაისამდე გამოცხადებული უქმე დღეებიც იწურება და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის დროც, რომელიც ამ პერიოდშია გამოცხადებული.
13 მაისიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწავლას აგრძელებენ სკოლები და იხსნებიან ბაღებიც. ეს ყველაფერი რამდენად გაართულებს ეპიდვითარებას, რთული სათქმელია, თუმცა, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის მატება უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ე.წ. მესამე ტალღა, რაზეც სპეციალისტების ნაწილი დიდი ხანია საუბრობს, უკვე დაიწყო.
For.ge დაინტერესდა საკითხით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რამდენად არის შესაძლებელი მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის ვადა გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შესახებ დავუკავშირდით მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სხვა გადაწყევტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
თბილისის მერიაში For.ge-ს უთხრეს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 მაისს აღდგება.
„13 მაისს აღდგება, როგორც საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე 12 მაისის ჩათლით არის ტრანსპორტი გაჩერებული, 13-დან ჩვეულებრივ ამუშავდება“, - გვითხრეს მერიაში.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე თვლის, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაართულებს. შესაბამისად, ენდელაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, ტრანსპორტში მოხდეს წესების დაცვა, რომ სხვა მექანიზმის ამოქმედება არ გახდეს საჭირო.
„პირადად მიმაჩნია ტრანსპორტზე შეზღუდვის გახანგრძილივება სწორად, მაგრამ სასურველი რომ არ არის, ისიც ვიცი. ძალიან რთულია ეპიდსიტუაციაა, რაც უფრო მეტია შეზღუდვა, დაზღვეულიც უფრო მეტად ვართ. ძალიან უჭირს ხალხს და საჭიროა აღდგენა. ამდენი მგზავრი რომ არ შედიოდეს ტრანსპორტში და არ გადაიჭედოს, ასევე ყველას ეკეთოს პირბადე, მაშინ ამის აუცილებლობა არ იქნება, მაგრამ ქართველები არ ვართ ასეთი და არ ვიცავთ წესებს, ამიტომაც არის ეს შეზღუდვები“, - თქვა ენდელაძემ For.ge-სთან.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ იმისთვის, რომ ინფექცია დროულად და ადეკვატურად შევაკავოთ, გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცია. მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
ტიკარაძის განმარტებით, იმ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს, პიკური მაჩვენებელი მოსალოდნელი მაისის მეორე ნახევარშია.
„სულ მცირე 95%-მდე უნდა გაიზარდოს ნიღბის ტარების მაჩვენებელი. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. თუმცა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ პრევენციას და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნაში ფიქსირდება კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევების გახშირების ტენდენცია და ისინი მსუბუქად არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევის ჩატარება, ზოგ შემთხვევაში, ვერ ხერხდება, რამდენადაც პირვანდელი ინფიცირების ნიმუშებს ზოგჯერ ლაბორატრორიები არ ინახავენ.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საჭირო ანალიზების მოძიება ვერ მოხერხდა და საბოლოოდ რეინფიცირების 3-5 შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, ახლაც კვლევაში რამდენიმე ათეული შემთხვევაა.
„უნდა იქნეს ნიმუშები ამოღებული და წესით, დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს უნდა ჰქოდნეთ შენახული, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის. 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ ნამდვილი რეინფიცირების 3-5 შემთხვევა დადგინდა. ახლაც კვლევაში არის რამდენიმე ათეული შემთხვევა რეინფიცირების. რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა და არ მიდის მსუბუქად“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.