მსოფლიო ომების ჟამიანობა

მსოფლიო ომების ჟამიანობა

"8 მაისს 76 წელი შესრულდა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციიდან, თუმცა, 45 წლის 8 მაისს, რასაკვირველია, მეორე მსოფლიო ომი არ დასრულებულა. ოფიციალურად, მსოფლიო ომი დასრულდა  2 სექტემბერს, როცა იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომაც  უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მაგრამ, იმპერატორ ჰიროჰიტოს ორი თავდადებული ჯარისკაცი, მთელი სამყაროსგან სრულად იზოლორებული ინდო-ჩინეთის გაუვალ ჯუნგლებში, რომლებსაც  არაფერი გაეგოთ ამის შესახებ, საკუთარ საბრძოლო პოსტს არ ტოვებდა და მსოფლიო ომს აგრძელებდა, თუ არ ვცდები,  1956 წლამდე, ვიდრე ისინი  მოხეტიალე ტურისტებმა შემთხვევით არ აღმოაჩინეს. რასაკვირველია, 8 მაისი, ხოლო ჩვენში - 9 მაისი, მაინც აღიქმება მე-2 მსოფლიო ომში ანტიფაშისტური კოალიციის გამარჯვების დღედ, ხოლო იაპონიის დასამარცხებლად სამხედრო კამპანიას ამის შემდეგ უკვე არსებითი  მნიშვნელობა აღარც ენიჭება.

ასეა თუ ისე, უკვე 76 წელია მსოფლიო ომი აღარ ყოფილა და  როგორც ჩანს, ინდუსტრიული ეპოქის დასრულებასთან ერთად, ესეც, ე.ი. მსოფლიო ომების ჟამიანობაც, ისტორიას ჩაბარდა!

ეს როდი ნიშნავს, რომ გააფთრებული ბრძოლა მსოფლიოში გაბატონებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ წუთითაც შეწყდა. ეს ბრძოლა მანამდეც, ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში ტერმინი „გეოპოლიტიკა“ წარმოიშობოდა, უკვე მიმდინარეობდა. ინდუსტრიული მსოფლიო მე-19 საუკუნის ბოლოდან უკვე იყო საკმარისად „გლობალიზებული“, რომ  მსოფლიო გეოპოლიტიკურ ძალთა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების არენად ქცეულიყო, რამაც მე-20 საუკუნეში ორი გლობალური სამხედრო კონფლიქტი - მსოლიო ომი გამოიწვია; თუმცა, ისეთ გლობალურ „გეოპოლიტიკურ“ ეპოქალურ ღირშესანიშნაობას, როგორიც იყო ვარშავის ხელშეკრულების კრახი და საბჭოთა იმპერიის ფაქტიურად უსიტყვო კაპიტულაცია, არსებითად არავითარი სამხედრო მოქმედებები არ დასჭირვებია. „ცივი ომით“ მიღწეული იქნა ის გეოპოლიტიკური შედეგი, რასაც არამც თუ 1945 წლის 8 მაისს, არამედ, მე მაინც  ვიტყოდი - 1989 წლის 9 აპრილამდეც კი,   ვერც ვერავინ წარმოიდგენდა შესაძლებლად გლობალური სამხედრო კონფლიქტის, მე-3 მსოფლიო ომის,  გარეშე. შეიძლება ასეც ვთქვათ  - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ცივი ომების“, რასაც დღეს „ჰიბრიდულ ომებს“ უწოდებენ, ეპოქა დადგა.

რასაკვირველია, გადამწყვეტი ფაქტორი - ტექნოლოგიურია. როცა ატომური და შემდგომ თერმობირთვული იარაღის და კონტინენთაშორისი ბალისტიკური რაკეტების  ეპოქა დადგა, ე.ი. გეოსტრატეგიული სამხედრო შეიარაღების ტექნოლოგიებით (ქართულად -ტექნოლოგია „დაოსტატების გონია“ )შესაძლებელი გახდა სულ რამდენიმე საათში - მსოფლიოს ნებისმიერი, რა გინდ ზე-მძლავრიც არ უნდა ყოფილიყო,  ქვეყნის მზის ამოსვლიდან მაქსიმუმ მზის ჩასვლამდე ნაცარტუტად ქცევა და მთლიანად, ამ პლანეტაზე სიცოცხლის გლობალურად, თანაც რამდენჯერმე (!) მოსპობა, ინდუსტრიალიზმმა ის კრიტიკული ზღვარი გადალახა, როცა სამხედრო მოქმედებებით შესაძლებელად მიიჩნეოდა  ნებისმიერი პოლიტიკური მიზნის, მათ შორის აბსოლუტურად ავანტურისტულისაც (როგორიც იყო ფაშისტური იტალიის, ნაცისტური გერმანიის და „მილიტარისტული“ იაპონიის,  ანდა თუნდაც ტროცკიზმის - მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის,  მიზნები) მიღწევა. შეიცვალა და უკუღმა ფორმულირდა პოლიტიკისა და ომის მიმართება: ახლა უკვე მიიჩნევა, რომ ომი კი აღარ არის პოლიტიკის სხვა ხერხებით გაგრძელება, რასაც „კლასიკურად“ ამტკიცებდა კლაუზევიცი, არამედ პირიქით - პოლიტიკაა გლობალურად და ტოტალურად ომის წარმოების საშუალება. „ცივ“ ანუ „ჰიბრიდულ“ ომში სამიზნე არის არა მოწინააღმდეგის მატერიალური  მოსპობა და ფიზიკური სივრცის კონტროლი სამხედრო საშუალებებით,  არამედ მისი იდენტობის განადგურება „ჰიბრიდული“ პოლიტიკური ხერხებით - უწინარესად, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით მისი „ოკუპაცია და ანექსია“.  სამხედრო საშუალებები კი - მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როგორც „საკონტროლო“ გასროლა, ისე გამოიყენება!

დიახ. 76 წელია მსოფლიო ომი არ ყოფილა და ვიდრე აპოკალიპსამდე, აღარც იქნება. როგორც იტყვიან: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო!“.

ეს აღარ არის ფიგურალური გამოთქმა, რადგან „ცივი“ ანუ „ჰიბრიდული“ ომებით, თუკი შესაბამის ტექნოლოგიებს ფლობ,  „მშვიდობიანადაც“ შესაძლებელი ხდება   არანაკლებ ავანტურისტული გეგმების, ვიდრე ეს იყო ინდუსტრიალიზმისას,  რეალიზაციისთვის ბრძოლა. თანაც გაითვალისწინეთ - ეს ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ ერი-სახელმწიფოებისთვის ანდა მათი პოლიტიკური ბანაკებისთვის, არამედ ‘ზეღირებულოვანი იდეებით“ შეპყრობილი ნებისმიერი პოლიტიკური კავშირებისთვისაც. ასე რომ, ტექნოლოგიურად სავსებით შესაძლებელი და დასაშვები ხდება იდენტობების სრულიად ველური ომი: ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. ვინ დაიცავს და როგორ მშვიდობას ასეთ შემთხვევაში?! და რაც მთავარია: ხომ არ გვემუქრება იმ ორი ინდოჩინეთში იზოლირებული ჰიროჰიტოს ჯარისკაცივით ილუზიებში ყოფნა, ოღონდ პირიქით: იმათ ეგონათ, რომ ომი გრძელდება, ჩვენ კი გვგონია, რომ მშვიდობაა ჯუნგლებში".