სადამდე გაგრძელდება საწვავის გაძვირება? - გაიაფებას არავინ ელოდება

სადამდე გაგრძელდება საწვავის გაძვირება? - გაიაფებას არავინ ელოდება

საწვავის ფასი სულ უფრო მაღლა მიიწევს და ყოველ კვირა ისტორული ანტირეკორდს ამყარებს. საცალო ქსელში ფასი გამუდმებით იზრდება. იმპორტიორის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს რამდენადაც საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე, მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ტენდენცია ახდენს.

როგორც ჩანს, მსოფლიოში საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მიუახლოვდება იმ ნიშნულს, როგორიც პანდემიამდე იყო. ეს დაახლოებით 70-72 დოლარია ერთ ბარელ ნავთობზე. კომპანია „სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე პირდაპირ ამბობს, რომ პარალელურად ფასი ადგილობრივ ბაზარზეც მოიმატებს.

„ბენზინის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მატულობს და ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. ამ დროისთვის საბითუმო ბაზარზე 1 ლ ბენზინის 2,50 ლარი ღირს, დიზელი - 2,40 ლარი. ასეთი მაჩვენებელი ბოლო 1 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

რთული მომენტია, რადგან ფასების ზრდა მძიმედ აისახება ადამიანების მატერიალურ მდგომარეობაზე. 5-7-თეთრიანი ინტერვალით ბოლო 3 თვის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ გაძვირდა საწვავი, კრიტიკულ ზღვარზე ვართ“, - განაცხადა იაკობიძემ.

საწვავის გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც. ისიც ადასტურებს, რომ ახლო მომავალში არავითარი გაიაფება მოსალოდნელი არ არის.

„ფასების ზრდისკენაა მიმართული, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ ჩანს, რაც საკმაოდ მძიმე პროგნოზია. საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია“, - განუცხადა „რეპორტს“ მთვრალაშვილმა.

საწვავის მაღალი ფასი უკვე მნიშვნელოვანი მიზეზია, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას იწვევს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ცვლილება განსაკუთრებით ზეთსა და მარცვლეულს შეეხო.

„თუკი უცხოურ ბაზრებზე პროდუქტი წარმოების შემცირების გამო ძვირდება, ჩვენს შემთხვევაში ამას ემატება ლარის კურსი და გაძვირებული ლოჯისტიკა. საწვავი მკვეთრად არის გაძვირებული ბოლო პერიოდში, რაც ტრანსპორტირების ხარჯზეც აისახება და პროდუქტს აძვირებს“, - განაცხდა ჭყონიამ.

საწვავის მკვეთრი გაძვირების ფაქტორების კონკურენციის სააგენტოც დაინტერესდა, მაგრამ მისი საკვლევი არეალის ფარგლებში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. სააგენტოს ცნობით, 2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციობდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები კი მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან.