ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში „სინოფარმის“ ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევა მაინც დადასტურდა, მათ შორის 120-მდე მსუბუქი და საშუალო მსუბუქის გართულება დაფიქსირდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი ერთ ადამიანს გამოუვლინდა. ასევე, კოვიდგადატანილ ადამიანებში რეინფიცირების შემთხვევებიც მომრავლდა და როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რეინფიცირების შემთხვევები მსუბუქად არ მიმდინარეობს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პირველი დოზიდან, ადამიანს მინიმუმ ორი კვირა იმუნიტეტი არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია, კორონავირუსით დაინფიცირდეს.
მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის დროს გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლებია, ვიდრე „ასტრაზენიკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინაციის დროს.
ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევა დადასტურდა. თუ მოქალაქე ვაქცინირებულია, შესაძლებელია, რომ მას კოვიდ-19 დაუდასტურდეს და რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ინფექცია?
- აქ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა - ვაქცინაციის პირველი დოზიდან, ადამიანს, მინიმუმ, ორი კვირა იმუნიტეტი არ აქვს. თუ ადამიანების ინფიცირება გამოვლინდა ვაქცინაციიდან მე-4 - მე-5 დღეს, ვაქცინაციით დაცვა არ ხდება, ასე ხდება გრიპის ვაქცინაციის დროსაც. ანუ, ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის იმედად არ უნდა იყო. თუმცა, მოქალაქეების რაღაც ნაწილში შეიძლება იმუნიტეტი ჩამოყალიბებული იყოს. როგორც ინფორმაცია მაქვს, არც ერთი რეინფიცირებისა თუ მეორადი ინფექციის შემთხვევევები მძიმედ არ დასრულებულა - ყველა გაიწერა და მკურნალობა სახლში გააგრძელა. რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ხალხი საავადმყოფოშიც არ ყოფილა. სულ 10-მდე ადამიანი იყო და ისინიც მალევე გამოჯანმრთელდნენ. მსოფლიოშიც ასეა, ვაქცინაციის შემდეგ თუ მეორე დღეს გახდები ავად, კოვიდ ინფექცია ისე წარიმართება, როგორც ვაქცინაციის გარეშე.
ადამიანში ვაქცინა მოქმედებას რამდენ ხანში იწყებს?
- საერთოდ, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში იმუნიზაცია 3 კვირაში ვლინდება - 76%-ით იცავს, „ფაიზერის“ პირველი დოზის შემთხვევაში დაახლოებით 52% არის დამცველობა, ამიტომ მისი განმეორებით ვაქცინა სამ კვირაში კეთდება, რომ 55%-მდე გაიზარდოს. რადგან „ასტრაზენიკას“ ერთი დოზით უფრო ძლიერი დამცველობა აქვს, ამიტომ არის მეორე ვაქცინასთან დაშორება 2-3 თვე. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ამ ვაქცინების ინტერვალი სამი კვირაა, რადგან პირველი ინექციის შემდეგ იმუნიზირება დაბალია, ამიტომაც მეორედ ინექცია სამ კვირაში კეთდება, რათა მიაღწიოს დამცველობით მაჩვენებელს -78-80%-ს.
ვაქცინის ორივე დოზის ინექციის შემდეგ, ადამიანი დაცული რამდენი ხანი იქნება და რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ვაქცინის მეორე ეტაპი?
- ეს ზუსტად არავინ იცის, რადგან დაკვირვების პროცესია. დროში არ მოესწრო, რომ ვინმეს გაერკვია ადამიანს რამდენი ხანი ეყოფა ვაქცინა. ეს დამოკიდებულია ინფექცია რამდენი ხანი გაგრძელდება, დამოკიდებულია ასევე ვირუსის ახალი მუტაცია ხომ არ გველოდება. თუ ვირუსმა სრულად შეიცვალა სტრუქტურა და მუტაცია ვერ მოახერხა, ვაქცინის იმუნიტეტი მაინც იმუშავებს. როგორც „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ კომპანიები ამბობენ, 9 თვის შემდეგ საჭირო იყოს ახლიდან ვაქცინის გაკეთება, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს არ განიხილება.
საქართველოში ვაქცინაციის დონე მაღალია უკვე?
- ყოველდღიურად ვაქცინას 3 ათასი ადამიანი იკეთებს, მაგრამ მეტი გვინდა. დაახლოებით 20 ათასი მოქალაქე ჩინურ ვაქცინას „სინოფარმას“ ელოდება და ხალხი ივნისამდეა ჩაწერილი. თუ მეტი გამტარიანობის იქნება, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, შეიძლება 3-4 დიდი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყოს და ეს აუცილებლად დროში ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. მარტო თბილისში იმ ცენტრებში უნდა ვაკეთებდეთ დღეში 3 ათას ვაქცინას, რომელიც უკვე არის. თუ 7-8 ათასამდე ავალთ ყოველდღიურად, ნორმალური მაჩვენებელი იქნება. მთავარია ვაქცინა არ შემოგვაკლდეს და მაშინ შეგვიძლია ეროვნული დასახული მიზნის მიღწევა.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემდეგ, საქართველოში შემოვა „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც?
- ჩვენ არც „მოდერნას“ და არც „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას არ ველოდებით. საქართველო რეალურად ელოდება „სინოფარმს“ და ივნისში დამატებით 250 ათასი დოზა შემოვა. ადგილზე 100 ათასი „სინოვაკის“ ვაქცინა გვაქვს და დარჩენილია დაახლოებით 50 ათასი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა კიდევ გამოიგზავნება. საქართველოს ივნისის ბოლომდე 300 ათასი ვაქცინა ექნება ასათვისებელი.
„სინოფარმით“ აცრა შესაძლებელია 18 წლის ზევით მოქალაქეებში. არის ვაქცინა, რომლითაც ბავშვების აცრა უკვე შესაძლებელია? ან თუ არის ქვეყანა, სადაც ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო?
- ერთადერთი ქვეყანა კანადაა, სადაც ნებადართულია ბავშვების ვაქცინაცია და ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა. აქაც ბავშვების ასაკი განსაზღვრულია - 12 წლიდან 16 წლამდე. ამერიკის ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას განიხილავს. ჯერჯერობით სხვა ვაქცინა ბავშვებში არ კეთდება, კვლევები მიმდინარეობს. მხოლოდ კანადამ დაიწყო რამდენიმე დღის წინ გამოყენება.
ვაქცინაციის შემდეგ, 120-მდე მსუბუქი და საშუალო მსუბუქის გართულება დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ ანაფილაქსიური შოკი ერთ ადამიანს გამოუვლინდა. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა გართულებებზეა საუბარი?
- „სინოფარმის“ ვაქცინას შეიძლება ყველა ის გვერდითი მოვლენები ჰქონდეს, რაც აქვს „ასტრაზენიკას“, „ფაიზერსა“ და დანარჩენ ყველა ვაქცინას. მაგრამ პროპორციული ფარდობით რაც ჩანს, „სინოფარმის“ ტრადიციულად დამზადებულ ვაქცინებს გვერდითი მოვლენები 3-4-ჯერ უფრო ნაკლებად აქვს, ვიდრე „ფაიზერსა“ და „ასტრაზნიკას“. ანუ, ტემპერატურით დაწყებული, ალერგიით დამთავრებული თუ სხვა რეაქციები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ახალი მეთოდით დამზადებულ ვაქცინებში. თუმცა, „სინოფარმის“ შემთხვევაშიც მილიონში ერთი შეიძლება ანაფილაქსიური შოკი აქაც დაფიქსირდეს. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მილიონზე 5-8 ანაფილაქსიური შოკი შეიძლება გამოვლინდეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა და ის ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს. რატომ მიმდინარეობს რეინფიცირების შემთხვევაში ინფექცია უფრო რთულად?
- ამიტომაც არის ადამიანების აცრა აუცილებელი. მე გადავიტანე და თავი ქუდში მაქვს, ასეთი რამ არარსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს ერთნაირად ეხება. ეს ინდივიდუალურია - ვის როგორი იმუნიტეტი აქვს. ვისაც გადატანილი აქვს და ჯანდაცვის სამინისტროს პორტალი გვაძლევს ვაქცინაზე დარეგისტრირების საშუალებას, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს, რომ განმეორებით კოშმარი არ დაგვემართოს. ზოგიერთი ადამიანი იოლად იტანს, ზოგი კი მძიმედ. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ინფექციიდან 20 დღის გასვლის შემდეგ, ვაქცინა აუცილებლად გაიკეთოთ.
მესამე ტალღას ვუმკლავდებით ახლა. თქვენი ინფორმაციით თუ არის დაფიქსირებული ინდური შტამი, პიკს როდის მივაღწევთ და როდის დაიწყებს ინფექცია კლებას?
- დაავადების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ინდური შტამი არ არის. მე ოფიციალურ მონაცემებს ვუჯერებ. ინფექციის აღმავალი პიკია. კარგია, რომ ადამიანები პირბადეს ატარებენ, რეგულაციები ასე თუ ისე სრულდება, ტემპერატუამ მოიმატა და ადამიანები სახლში ნაკლებად არიან, ყველა სახლში ფანჯარა ღიაა და ვენტილაცია დადებათად აისახება, რადგან ინფექცია ადვილად არ გადაგვედება. თუ ყველანი ამ მონაპოვარს გავუფრთხილდებით, მესამე ტალღის სიმძიმე ისეთი არ იქნება, როგორც მეორე ტალღის დროს იყოს. დაახლოებით 10-14 დღე შეიძლება შემთხვევების გაზრდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც შემოდგომაზე იყო. მაისის მეორე ნახევრიდან სტაბილიზაცია დაიწყება და ივნისიდან მოგვარებული იქნება.